საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მისი ნება რომ იყოს, ივანიშვილს მოქალაქეობას აღარ მიანიჭებდა. რითი ხსნის იგი ამ პოზიციას და რამდენად მოსალოდნელია, რომ ასეთი დამოკიდებულება ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულება იყოს, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv აკაკი მინაშვილს ესაუბრა.
რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნას? იგი არის სანმარინოს საპატიო კონსული და როგორ უნდა მოხდეს მისი დაცვა, სახელმწიფოს ხომ აქვს ვალდებულება, რომ დიპლომატიური კორპუსი დაიცვას?
- ის არის კერძო პირი და მას არანაირი დიპლომატიური იმუნიტეტი არ იცავს. შესაბამისად, შეუძლია, რომ თავისი ფინანსებით, რომელიც მას ძალიან ბევრი აქვს, თავად უზრუნველყოს საკუთარი თავის დაცვა. სამწუხაროდ, მას აქვს განცდა, რომ ყველას და ყველაფრის ყიდვა შეუძლია და, ცხადია, მას შეუძლია, თავისი ფინანსები ჩადოს კერძო დაცვაში. ამ სახელმწიფოში არის კერძო დაცვის რამდენიმე კომპანია და მას შეუძლია, თავისი ფინანსების ძალიან მცირე ნაწილი გაიღოს და უზურნველყოს საკუთარი თავის დაცვა. მით უმეტეს, რომ საერთოდ არ ესმის, რა არის დემოკრატია და რა არის დემოკრატიული ღირებულებები. მას აქვს განცდა, რომ ყველას და ყველაფრის ყიდვა შეუძლია, რაშიც ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.
მას ეს ფული ჰქონდა აქამდეც და მაინცდამაინც ახლა რატომ მოეხსნა?
- ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება დაცვის პოლიციის. არის კონტრაქტი და ის მოქმედებს სწორედ ამ კონტრაქტის შესაბამისად.
ანუ, კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ამიტომ მოეხსნა?
- კი, კი. სხვა დეტალები დაცვის პოლიციასთან გაარკვიეთ.
სახელმწიფოს საპატიო კონსულის დაცვის ვალდებულება არა აქვს?
- ჩვენ არავითარი ვალდებულება არა გვაქვს. ეს არ არის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი. ის არის საპატიო კონსული, რომელიც არ გულისხმობს იმუნიტეტის ქონას და ეს უფრო საგადასახადო შეღავათს გულისხმობს, რომელსაც ბიზნესმენები იყენებენ.
ანუ ივანიშვილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა?
- არა. შეიძლება ივანიშვილი საერთოდ არ სარგებლობდა ამით. მე პრინციპზე გეუბნებით.
მოქალაქეობის მინიჭებისას ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, წარმოადგენს თუ არა ქვეყნისთვის საფრთხეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს?
- ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მხოლოდ ქვეყნისთვის საფრთხის შექმნა-არშექმნაზე არ არის ლაპარაკი.
მოქალაქეობა მიენიჭება თუ არა?
- მას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ თუ საქართველოს პატრიოტად თვლიდა თავს, არ მესმის, რატომ მიიღო საფრნაგეთის მოქალაქეობა, თანაც მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მისი მეორე მოქალაქეობა იყო. ცხადია, მას იმის საშუალება აქვს, რომ ბევრი კარგი იურისტი ჰყავდეს და მას ეცოდინებოდა ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას.
როდესაც მას მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტა, მიეღო საფრანგეთის მოქალაქეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობა ურჩევნია საქართველოს მოქალაქეობას. ამით მან ეს პოზიცია გამოავლინა და ამიტომ მე რომ პრეზიდენტი ვიყო, მას საქართველოს მოქალაქეობას აღარ მივცემდი, მისივე საქციელიდან გამომდინარე. მან საფრანგეთის მოქალაქეობა არჩია საქართველოს მოქალაქეობას იმით, რომ მიმართა საფრანგეთს მოქალაქეობის თხოვნით მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა და ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ ქმედებებით დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ასეთია ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გადაწყვეტილებას არ ვიღებ.
ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლება ამბობს, რომ თითქოს ივანიშვილმა თქვა, რომ პუტინი იქნება დემოკრატიული მმართველი და ა.შ, რასაც იყენებენ მისთვის პრორუსულობის დასაბრალებლად. მან ეს განცხადება სად გააკეთა?
- მის ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინ „როიტერმა“ გამოაქვეყნა. თქვენ უნდა ნახოთ, „როიტერის“ მასალის ინგლისური ვარიანტი. ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, როდესაც ამის გარეშე საუბრობთ. ეს ფრაზა მან თქვა, რაშიც ძალიან კარგად გამოიხატა მისი ადამიანური დამოკიდებულების მაჩვენებელი. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აქ ლაპარაკობს, რომ საქართველოში ავტოკრატული ხელისუფლებაა და ადამიანებს ხელისუფლების შენარჩუნება სურთ. ამავე დროს კი ამბობს, რომ პუტინი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიული მოდელით წაიყვანს. თურმე პუტინს ხალხი ირჩევს და მას აქვს მოდერნიზაციის უნარი და ასეთი რამ საქართველოში არ არის. აქ ყველაფერი ძალიან ცალსახაა.
ამ ინტერვიუში ნათქვამია, რომ ის იმედოვნებს, რომ რუსეთში იქნება დემოკრატია და ა.შ. ასეთ განცხადებებს ხომ ევროპის ქვეყნების ლიდერებიც აკეთებენ და მათ მიმართ რატომ არ ჩნდება ასეთი შეფასება, რომ პრორუსულები არიან?
- აქ სხვა რამეზეა საუბარი. რუსეთი რომ დემოკრატიული გახდეს, ეს ნამდვილად ყველას სურვილია და ყველას გვაქვს იმედი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. შეცვლაში იგულისხმება ის, რომ ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც არის პუტინი და მისი გარემოცვა, ხელისუფლებაში ვეღარ იქნებიან.
ამ შემთხვევაში კი ივანიშვილი ამბობს, რომ, თურმე პუტინი არის ხალხის მიერ არჩეული და პუტინი წაიყვანს რუსეთს მოდერნიზაციისა და დემოკრატიისკენ. თუ ნახავთ საერთაშორისო პრესას, კარგად ჩანს, რომ ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. არავის არ სჯერა, რომ პუტინი რუსეთს პოზიტივისკენ წაიყვანს. ეს ხომ ძალიან ცალსახაა. აქედანაც ჩანს, ეს ადამიანი რამდენად არაგულწრფელია. მიუხედავად იმისა, რომ ქველმოქმედება ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქმნება და უნდა შეიქმნას კიდეც, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორი ხედვა გაქვს. ამ ადამიანს კი არა აქვს დემოკრატიული ღირებულებები შინაგანად და ეს მის განცხადებებშიც გამოიკვეთა. მისთვის ცალსახად მიუღებელია განსხვავებული აზრი და გარკვეულწილად შეურაცხყოფებზეც გადადის.
ამ ეპისტოლარულ ჟანრში კი კარგად ჩანს, რომ მან საერთოდ არ იცის, რა უნდა. საერთოდ არ ლაპარაკობს ნატოზე, ძალიან მცირე რაღაცა თქვა ევროკავშირზე და ისიც, მგონი, ზრდილობის გამო. ეს არის და ეს. რა პოლიტიკური ცვლილებები უნდა, კაციშვილმა არ იცის და მათ შორის, არც მისმა მრჩევლებმა. მასთან რა ადამიანებიც მივიდნენ, კარგად გამოიკვეთა, რა პოლიტიკური ხედვაც აქვთ და საგარეო პოლიტიკაშიც ასეა. ლაპარაკობს რუსეთზე, არაფერს ამბობს ნატოზე და ევროკავშირი მხოლოდ ზრდილობის გამო ახსენა. ეს არის მთავარი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუკი ვიზას არ აიღებს, დეპორტაციას დაექვემდებარება. შეიძლება, რომ კონსულის დეპორტაცია მოხდეს?
- არსებობს სავიზო წესები და, თუ კი ეს წესები დარღვეულია, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონის მიხედვით ადამიანის დეპორტაცია უნდა მოხდეს, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. ევროკავშირის ქვეყნისთვის არსებობს უვიზოდ ყოფნის კონკრეტული ვადა და ამას არ უნდა გადასცდე.