„პირველი და ყველაზე მთავარი - მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ აღიარა, რომ განწირულია არჩევნებში დამარცხებისათვის, სხვა ვერაფერს ვერ უნდა დავაბრალოთ ის ქმედებები, რა ქმედებებიც ამათ დაიწყეს. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ესენი არ იკადრებენ. გამოვიდა ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე და თქვა: მე მინდა არჩევნებში მივიღო მონაწილეობა ჩემი გუნდით, შევქმნი პარტიას და გავიმარჯვებ, ეს იყო და ეს. ამის მერე დაიწყო და იკადრეს ის, რომ ჯერ შეუწყვიტეს მოქალაქეობა, დაიწყეს მისი ნათესავების და ახლობლების დაჭერები სხვადასხვა საბაბით. პირველივე დღეს საეჭვოდ დაემთხვევა ხანძარი მის რეზიდენციის შემოგარენში და დაიწვა ტყე, შემდეგ იკადრეს, რომ დღისით, მზისით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ მის კუთვნილ მანქანას და გაიტაცეს ქონება. განიარაღეს მისი პირადი დაცვა, რაღა დარჩათ უკადრებელი?“
ასე იწყებს ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებას „ქართული აკადემიის“ წევრი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია presage.tv-თან საუბარში.
ფიქრობთ, რომ ამით დასრულდა ყველაფერი?
- ალბათ, შემდეგი უნდა იკადრონ ის, რომ „ქართუ ბანკი“ მთლიანად დააყადაღონ, შევიდეს იქ პროკურატურა თუ სხვა სადამსჯელო ორგანიზაციები და გააჩერონ.
მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ის, რაც ივანიშვილს აქ აქვს და რაზეც ამათ ხელი მიუწვდებათ, ეს ზღვაში წვეთია იმ რესურსებთან შედარებით, რა რესურსებიც მას გააჩნია, როგორც მორალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
ალბათ, მორალური რესურსი არასაკმარისი იქნება, ხოლო ფინანსურ რესურსებთან ოპოზიციის დაშვებას ხელისუფლება არ დაუშვებს.
- რა თქმა უნდა, ორივე რესურსი აუცილებლად ერთმანეთთან კავშირშია. პოლიტიკაში, მხოლოდ, ცალკე, მდიდარი კაცის მოსვლა არ გამოიწვევდა ასეთ იმედებს და ასეთ გამოცოცხლებას. ბუნებრივია, ძალიან დიდი ფაქტორია მის მიერ გაკეთებული საქმეები ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ნაციონალებს რჩებათ ერთადერთი შანსი და მე მათ ვურჩევდი - რაც უფრო მალე დაცლიან მჭიდს მით უარესია მათთვის.
ეჭვი გეპარებათ, რომ არსენალში საკმაო მარაგი აღმოაჩნდეთ?
- მეეჭვება, ყველაფერს აქვს თავის საზღვარი და რაღაც მაინც არის განსაზღვრული. ხომ ჩამოვთვალეთ - ყაჩაღობა იკადრეს, მოქალაქეობის ჩამორთმევა იკადრეს, უკანონობა იკადრეს, ხალხი შეიძლება დაიჭირონ და ამის მეტი რა რჩება? - ის, რომ იკადრონ ქილერობა, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, მათში ისეთი აგონია და ისეთი ნერვიულობა ჩანს, რომ ის ტყვია მიზანში ვერ მოხვდება და მათ შემოუბრუნდებათ. ამიტომ, ვურჩევდი, რომ დროზე ამოწურონ თავიანთი რესურსები და თუ მართლაც უნდათ, რომ რამე საშუალო დონის ფრაქცია მაინც გააჩნდეთ პარლამენტში, გავიდნენ ხალხში, დაარიგონ ფქვილი, დაპირდნენ ხალხს, რომ საქართველო იქნება სიღარიბის გარეშე, რომ იქნება ასი სავადმყოფო, გასაკეთებელი რომ კიდევ ბევრია და თუ შეუძლიათ დაიწყონ ამ ველზე კონკურენტულ გარემოში ბრძოლა. ეს მეთოდები, კი რასაც ისინი მიმართავენ, არის მილევადი და ბევრჯერ გვაქვს ნანახი.
მათ არ აქვთ არცერთი ჩანაწერი ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, აქამდე უკვე ვნახავდით ფილმებს იმის შესახებ, რომ რაღაც შეთქმულება მზადდება ხელისუფლების, ქვეყნის წინააღმდეგ, რომ პუტინი და ივანიშვილი ლაპარაკობენ კრემლში რაღაცას და ა.შ. შეიძლება რამდენიმე დაჭერილ კაცს ათქმევინონ რაღაც, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება ფაქტებად.
თუ ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რომ ეს კაცი გამოიყვანონ წყობიდან და გამოიწვიონ ქუჩაში, რომ მერე თავიანთი სადამსჯელო რაზმებით უგულებელყონ, ჯერჯერობით, პირიქით გამოსდით. მგონი, არც ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომ ადვილად წამოეგოს ამ პროვოცირებას, რაზეც ესენი მოდიან. საბოლოოდ პერსპექტივა იქნება ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მთლიანად გაკოტრდება და, არ ვგულისხმობ ძირითად ბირთვს, მაგრამ სხვადასხვა ეშელონებში, სულ ცოტა ხანში უკვე დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე და ქმედებებზე.
გადაჭარბებული ხომ არ არის თქვენი ოპტიმიზმი. მსგავსი ტექსტები ბევრჯერ მოგვისმენია, თუმცა ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა ოპოზიციის დისკრედიტაციას. ე.წ. რადიკალები ქუჩაში გაიტყუა და გაუსწორდა, კონსტრუქციულები ქუჩაში რომ ვერ გაიტყუა ჯერ „რვიანი“ დაუშალა, შემდეგ - „ექვსიანი“. ჯერჯერობით, ვერც ივანიშვილზე ვიტყვით, რომ ხელისუფლებას რამეთი აჯობა. არ ვიცით რას იზამს, მაგრამ, ალბათ, ხელისუფლების შესაძლებლობების შეფასებაც არ შეიძლება ასე მარტივად, მითუმეტეს, რომ ისინი წესების გარეშე იბრძვიან.
- ეს სხვადასხვა რამეა. „რვიანის“ დაშლა რამაც გამოიწვია კარგად ვიცით და „ექვსიანიანშიც“ არ იყო სათანადო რესურსი, სათანადო სიმტკიცე. აქამდე, არც ასეთი ავტორიტეტი ყოლია ოპოზიციას. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ, რომელიც ივანიშვილის სიკეთით სარგებლობდა წლების განმავლობაში, თავიანთი პოზიციები უნდა დააფიქსიროს - ეს იქნება მეცნიერებათა აკადემია, სპორტული სამყარო, თეატრალური სამყარო, თუ პედაგოგები. დღეს, გატრუნულ მდგომარეობაში ყოფნა გაცილებით დიდ დანაშაულად მიმაჩნია, მათ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
ვფიქრობ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთვება ამ პროცესში, ოღონდ აქ არ უნდა მოხდეს პროვოცირებაში ჩართვა და გაბრაზება. ახლა არის სწორედ გარდატეხის პროცესი, ძალიან დიდი შანსი გვაქვს ქვეყანა წავიდეს იქით, საითაც ამდენი ხანია გვინდა წავიყვანოთ და მართლაც მოხდეს კონკურენტუნარიან გარემოში ახალი პოლიტიკური ძალის თუ ძალების მოსვლა. მთავარია ახლა არ მოხდეს შეცდომის დაშვება იგივე ივანიშვილის კადრებში და მის გარემოცვაში შიგნიდან არ მოხდეს რამე.
როგორ ფიქრობთ რამდენად ძლიერი სახეები შემოიკრიბა ივანიშვილმა ირგვლივ? - პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ. შესაძლოა, ბევრ მათგანს მორალური ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ივანიშვილს წინ ბევრი სირთულე ელოდება. ეს ადამიანები რამდენად მტკიცე და პრინციპულები აღმოჩნდებიან ამ ბრძოლაში?
- საზოგადოებაში დღეს შეუვალი ავტორიტეტი არავის აქვს, რადგან ესენი ყველას ებრძვიან. მთავარია პროცესი წავიდეს განვითარების გზით და ამ განვითარებას ძალიან კარგად უწყობს ხელს თავად ხელისუფლება. ოპოზიციამ რომ არაფერი გააკეთოს, ხელისუფლება დახარჯავს ბოლომდე თავის რესურსებს და ეს არის ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ საზოგადოებაში შიშის სინდრომი ისევ არ დაისადგურებს, გაცილებით მალე მიიღწევა მიზანი. ცოტა ხანში, ალბათ, კიდევ ახალ სურპრიზებს უნდა ველოდეთ ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ ეს იქნება ჰაერში გასროლილი ტყვიები და ის არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს ისეთი რესურსების მქონე ადამიანზე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი.
მგონი ამ ეტაპისთვის სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე და არავინ არ უნდა იფიქროს, რომ - აუ, ამ კაცსაც რას უშვებიან და მორჩა საშველი არ არის... პირიქით, ხელისუფლების ასეთი გამწარება ნიშნავს მათი სისუსტის და დამარცხების აღიარებას.
თუ გახსოვთ, მათ კომპრომატები, დაჭერები და ა.შ. ოპოზიციის წინააღმდეგ ყოველთვის ბოლო მომენტებში შემოჰქონდათ და იზოგავდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი ერთად მოაყარეს. ეს კი აშკარად მეტყველებს ერთადერთ რამეზე - მეტი ფანტაზია მათ აღარ აქვთ.