„ხელისუფლება ისტერიკაშია“

„ხელისუფლება ისტერიკაშია“

ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეპრესიული აპარატი აამოქმედა. მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მეცენატს მილიონობით თანხა წაართვეს და „ფულის გათეთრების“ „გონივრული ეჭვით“ გამოძიებაც დაიწყეს. ექსპეტრები საუბრობენ ხელისუფლების ერთგვარ შიშზე ივანიშვილის მიმართ, რაც ერთმანეთის მიყოლებით კანონთან შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება.

 

ამ თემაზე „პრესაგე.ტვ“ ექსპერტ–კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრება.

 

რა შეფასება შეიძლება მიეცეს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრების და თანამშრომლების დაკავებას?

ვახტანგ ხმალაძე: სრულიად გაუგებარი მოქმედებაა დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის იარაღის ჩამორთმევა. დაკისრებული ვალდებულებები როგორ უნდა შეასრულონ აღჭურვილობის გარეშე? თუ იარაღი საჭირო არ არის, მაშინ საერთოდ რატომ ატარებდნენ? გვაქვს მხოლოდ კითხვები, რაზეც პასუხები არ არსებობს. ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ხელისუფლების მოქმედების საფუძველი პოლიტიკურია და არა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

დაკავებულები გუშინ ღამითვე გაათავისულეს, მაგრამ „ფულის გათეთრების“ საქმის გამოძიება გრძელდება.

– „ქართუ ბანკს“ „საქართველოს ბანკში“ განთავსებული ფული მიჰქონდა. ასეთი თანხის გაცემა ყოველთვის სათანადო საბუთების საფუძველზე ხდება. არცერთი ბანკი არ გასცემს ფულს, რომელიც მიმღებს არ ეკუთვნის. „ქართუ ბანკმა“ თანხა თავისივე ანგარიშიდან მოითხოვა.

 

ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის გატანა წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ხდება. როგორც ჩანს, ასეთი შეტყობინება გაკეთებული იყო. მერე მივიდნენ ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლები და „საქართველოს ბანკმა“ გააკეთა ის, რაც მას უნდა გაეკეთებინა.

 

აქ საინტერესო მომენტია, „ქართუ ბანკის“ მიერ მოთხოვნილი თანხა როდის იყო ჩარიცხული „საქართველოს ბანკში“. თუ ეს გარკვეული დროით ადრე იყო გაკეთებული, მაშინ გაუგებარი და აუხსნელია ის, რაც მოხდა - ვგულისხმობ უკვე ბანკიდან თანხის გამოტანის შემდეგ სპეცოპერაციის ჩატარებას, მანქანის, თანამშრომლების დაკავებას და სხვ.

 

ყველა ბანკს აქვს ვალდებულება, რომ არაკანონიერად მოპოვებული თანხების მოძრაობა აღკვეთოს. ძირითადად, ეს მიმართულია ისეთ თანხებზე, რომელთა წყაროც შეიძლება იყოს ტერორიზმი, ტრეფიკინგი, ნარკობიზნესი და ა.შ.

 

კერძოდ, თუ ბანკს უჩნდება ეჭვი თანხის წარმომავლობის შესახებ (ვთქვათ - საეჭვო პირის მიერ საეჭვო ადგილიდან ჩარიცხვა) და თუ ამ თანხის ოდენობა აღემატება კანონით განსაზღვრულ ოდენობას (25 თუ 50 ათასი ლარი), ბანკმა ასეთი გადარიცხვის შესახებ შეტყობინება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიაწოდოს. თავის მხრივ, მან უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და თუ საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა თანხის წარმოშობის უკანონობაზე, საქმე გადაეცემა პროკურატურას გამოსაძიებლად.

 

ასეთ შემთხვევაში, მათ უფლება აქვთ ამ თანხაზე ყადაღის დადების მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს. თანხას შეიძლება დაედოს ყადაღა და კანონიერების თუ უკანონობის საკითხის გამორკვევამდე, ბანკი კლიენტს ამ თანხას ვეღარ მისცემს.

 

ახლა, რატომ დავუკავშირე ეს საკითხი ზემოთხსენებულ ვადებს. თუ თანხა ადრე იყო ჩარიცხული „ქართუ ბანკის“ ანგარიშზე, დაყადაღება შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ შემთხვევაში, თუ საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა და არანაირი ასეთი ოპერაცია ჩასატარებელი არ იქნებოდა. თუ ეს თანხა ერთი დღით ადრე ჩაირიცხა და ეს ეჭვი ჯერ არ წარმოქმნილა, მაშინ რა უფლებით დააპატიმრეს? თუ ეჭვი მაშინვე წარმოიქმნა, რატომ არ იქნა გამოყენებული ის გზები, რაც კანონით არის ნებადართული? აქაც ისევ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თობაზე, რომ ხელისუფლების ასეთი მოქმედებები პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი.

 

თუ რომელიმე საბანკო ანგარიშიდან დიდი თანხა გამომაქვს, არავის საქმე არ არის, ეს რისთვის მჭირდება. ჩემი ფულია, შემიძლია გამოვიტანო და მაგალითად მუთაქაში შევინახო. ან რაიმე მიზნით გამოვიყენო, თქვენ გაჩუქოთ და ა.შ. ეს ჩემი ხელშეუხებელი უფლებაა.

 

არავის აქვს უფლება, ჩემი თანხა დააპატიმროს ვარაუდის გაჩენის გამო, რომ ეს ფული შეიძლება რაიმე არაკანონიერი მოქმედების შესასრულებლად გამოვიყენო. ეჭვი, ვინმეს მხრიდან რაიმე არაკანონიერ მოქმედებაზე, არ შეიძლება სანქციის საფუძვლად იქცეს. ეს ეჭვი დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ფაქტია, რომ მთელი ეს კანონიერი პროცედრები დაცული არ ყოფილა...

– ამის პოლიტიკური შეფასება ზედაპირზე დევს – დაწყებული ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევიდან, გუშინდელი ამბებით დამთავრებული, შუაში კიდევ მოგეხსენებათ სხვა რამეებიც იყო. სხვა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია გარდა იმისა, რომ ყველაფერი ბოლო პერიოდში ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებებით არის გამოწვეული; იმ განზრახვებით, რის გაკეთებასაც ივანიშვილი აპირებს.

 

რაც მოხდა, კანონიერების თვალსაზრისით ფრიად საეჭვოდ გამოიყურება, ძალიან რბილად თუ ვიტვით ამას. ყველა ფაქტში კანონთან შეუსაბამობა ჩანს. ამის საფუძველი ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობაა, სხვა არაფერი.

 

ივანიშვილისადმი დამოკიდებულება  ხელისუფლების საკმაოდ ისტერიულ მდგომარეობაზე მიუთითებს; ასე რომ არ იყოს, ხელისუფლება შეეცდებოდა მაინც შეესრულებინა ისეთი მოქმედებები, რომლებსაც რეალური, კანონიერი საფუძველი ექნებოდა. ისეთი, რომ საზოგადოების ნაწილს მაინც გასჩენოდა კანონთან შესაბამისობის განცდა.  

 

ზოგადად, გამორიცხული არ არის, პოლიტიკაში ჩართულმა პირმა კანონი დაარღვიოს. მაგრამ საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს, მართლაც იყო თუ არა კანონდარღვევა; რომ ადგილი არ აქვს აგარიშწორებას და პოლიტიკური მოწინააღმდეგის ჩამოშორების მცდელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების მოქმედებას საზოგადოება უკანონოდ შეაფასებს და ეს მის მდგომარეობაზე მხოლოდ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

 

თავად ივანიშვილმა რა უნდა დაუპირისპიროს ამ ტიპის ნაბიჯებს?

– პირველ რიგში, ეს არის გატკეპნილი გზა – მოქმედება, გაპროტესტება კანონით გათვალისწინებული ხერხებით, გასაჩივრება. ბოლო შემთხვევები საქართველოში ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ შეიძლება სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აღმოჩნდეს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი გზაა.

 

ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, მაქსიმალურად გააჭიანუროს შიდა პროცედურები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ საბოლოო გადაწყვეტილებას, მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლო მიიღებს. ამიტომ, ეს შეიძლება ძალიან ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს.

 

მეორე – ეს ისევ საზოგადოებრივი აზრი და პროტესტია; რამაც შესაძლოა ხელისუფლება აიძულოს, რომ კანონიერ ჩარჩოებში დაბრუნდეს.