საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ხათუნა ოჩიაური აცხადებს, რომ მას არ შეუძლია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს თუ არა ქვეყნისთვის რაიმე საფრთხეს და აღნიშნავს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პრეზიდენტის პრეროგატივაა.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დღემდე ერიდება. არადა, ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა. რა პასუხი აქვს ამ კითხვებზე ხელისუფლებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ხათუნა ოჩიაურს ესაუბრა.
ბოლო დღეების მიმართ ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს საზოგადოებაში უკვე რეპრესიებად აფასებენ. თქვენ ამ ყველაფერს როგორ აფასებთ?
- ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ რაიმე რეპრესია ხორციელდება. საქართველოში ჩვენი მმართველობის პირობებში ასეთი რამ არ ყოფილა. მაგრამ პოლიტიკური პარტიები ხშირად ცდილობენ, რომ ნებისმიერ კრიმინალურ დაკავებას პოლიტიკური სარჩული დაუდონ და ასე გაამართლონ ესა თუ ის კრიმინალური მოქმედება, თუნდაც საკუთარი მხარდამჭერების და დაადანაშაულონ ხელისუფლება რაღაც რეპრესიებში. მე ამაზე ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით.
რაც შეეხება ბანკიდან ფულის გადატანას, ამასთან დაკავშირებით ჯერ თავად ბანკს არ გაუკეთებია განცხადება და გაუგებარია, ამაზე პოლიტიკოსები რატომ აკეთებენ შეფასებებს?
თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ მილიონებად შეიძლება ქართული ხმების ყიდვა, მე ვერც ამას დავეთანხმები იმიტომ, რომ საქართველოში ხმების ყიდვა შეუძლებელია.
მერიის გადაწყვეტილება სამგზავრო ტალონებზე 5 ლარის დარიცხვასთან დაკავშირებით, თანაც მაშინ, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ხმების ყიდვის მცდელობა არ არის?
- ამ ორ მოვლენას შორის ვერ ვხედავ ვერანაირ კავშირს. ეს იყო მერიიდან წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება და ამ ღონისძიებას ივანიშვილის გამოჩენასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ამ ღონისძიების შესახებ წინასწარ არაფერი თქმულა. ორშაბათს დილით უგულავამ მეტროში გააკეთა განცხადება და დაიწყეს 5 ლარის დარიგება. ასეთი სპონტანური ქმედება იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის განცხადებებზე იყო გარკვეული პასუხი?
- ყოველთვის დგება ის დღე, როდესაც ხდება იმის გაცხადება, თუ რას აპირებს მერია თუ რომელიმე სხვა დაწესებულება. ამიტომ ეს არის ჭორი, თუ რატომ არ მოხდება ორშაბათამდე ამის გაცხადება. ოთხშაბათს რომ მომხდარიყო, მაშინ იქნებოდა, რატომ ოთხშაბათამდე არ მოხდაო და ა.შ. როდესღაც ხომ უნდა დადგეს ის დღე, როდესაც გაცხადდება, რომ რაღაც ხდება? რომელ დღეს უნდა გაცხადებულიყო, რომ ასეთი რეაქცია არ ყოფილიყო?
სურსათის და ენერგეტიკის ვაუჩერები რომ დარიგდა, ამის შესახებ ინფორმაცია ერთი თვით ადრე გაცხადდა. ახლა ასე დარიგება საეჭვოდ მაინც არ გეჩვენებათ?
- ამ ორ მოვლენას შორის რაიმე კავშირს გულწრფელად ვერ ვხედავ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ორი გლეხი, რომელმაც სააკაშვილის გასაკრიტიკებლად ტუალეტი საზეიმოდ გახსნეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასეთი ქმედებები დემოკრატიის ფარგლებში ჯდება?
- ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტიდან დაწყებული და მთავრობის წევრებით დამთავრებული, ყველა იუმორისტულ გადაცემაში ხვდებიან. „ვანოს შოუ“ გნებავთ თუ ხვა რომელიმე ღამის შოუ, პირდაპირ პერსონაჟები ჰყავთ გასარჟებული თუნდაც, ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით და ვერავინ იტყვის, რომ ასეთი ქმედებები საქართველოში იდევნება.
თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რომ ვიღაცა სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის რეალური მიზეზები უნდა გამოვიძიოთ და არა გათავისუფლების პოლიტიკური სარჩულები ვეძებოთ.
იმ ფაქტს როგორ აფასებთ, ივანიშვილის დაცვას იარაღი მაინცდამაინც ახლა რომ ჩამოართვეს?
- მე ამას ვერანაირად ვერ შევაფასებ. ივანიშვილს ჰყავს დაცვა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ეკუთვნის და ამ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სამსხური.
თქვენ არ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა?
- ეს მოხდა გუშინ და მე, ალბათ, მივიღებ რაიმე განმარტებას.
რაც შეეხება მოქალაქეობის აღდგენის საკითხს, მას თუ მოქალაქეობა ან არ აღუდგა ან თავიდან არ მიენიჭა, მას უფლება აქვს ქვეყანაში იმყოფებოდეს როგორც სანმარინოს საპატიო კონსული. ასეთ შემთხვევაში მისი პოლიტიკასთან კავშირი კანონდარღვევა იქნება?
- საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის პოლიტიკაში ჩარევას და ამ შეთხვევაში ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის.
მისმა შვილმა რომ შექმნას პარტია?
- რა პრობლემაა, შექმნას. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პარტიის შექმნა. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაკარგვა განაპირობა მის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებამ და მე მიკვირს, ეს მის ადვოკატებს როგორ გამორჩათ. ასე ხდება ნებისმიერ შემთხვევაში და ივანიშვილი გამონაკლისი რატომ უნდა ყოფილიყო?
პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას შეუძლია, უარი თქვას იმ მოტივით, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თქვენ პირადად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ივანიშვილი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს?
- ეს ჩემს მიმართ არასერიოზული კითხვაა და ჩემს მიმართ არც შეიძლება იქნას დასმული. ეს საკითხი პრეზიდენტის მიერ იქნება შესწავლილი ძალიან დიდი გულისყურით, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოქალაქეობის მინიჭებისას და შემდეგ იქნება გაკეთებული ის დასკვნები, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოსაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავთ?
- გამოვრიცხავ.