განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით „ბანკი ქართუს“ თანამშრომლების დაკავება და ადვოკატების გარეშე მათი დაკითხვა სრული კანონდარღვევით წარიმართა. ადვოკატი ლილი გელაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანებზე ფიზიკური თუ არა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა. Presage.tv ადვოკატის პოზიციით დაინტერესდა და ლილი გელაშვილს ესაუბრა.
ლილი გელაშვილი: უკვე შემიძლია ვთქვა, რომ „ქართუ ბანკის“ თანამშრომლების დაკითხვა კანონიერად არ წარიმართა, რადგან ადვოკატები ორდერებით მივედით და, თუ ისინი ადვოკატის დასწრებაზე უარს აცხადებდნენ, (როგორც შემდგომში განაცხადა გამომძიებელმა), არაფერი ხელს არ უშლიდა, ჩვენ შევეხვედრებინეთ. ისინი ვალდებულებიც იყვნენ, დაკავებულებთან ადვოკატი შეეშვათ. ეს კანონის მოთხოვნაა. როდესაც ორდერით გამოცხადდება ადვოკატი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი შეხვედრა თავის დასაცავთან. რატომღაც ეს არ გააკეთეს. ეს მაძლევს საფუძველს, რომ ადვოკატებზე უარის თქმა დაკავებული პირების მხრიდან კი არ იყო განპირობებული და მათი ნებით კი არ მოხდა, არამედ ეს გახლდათ გამოძიების სურვილი, ინტერესი და მოთხოვნა. ეს მათთვის აპრობირებული მეთოდია. თორემ, რა უშლიდათ ხელს, ამის შესახებ ჩვენი თანდასწრებით განეცხადებინათ? ამით ხომ კანონიერ ჩარჩოებში ჩასხდებოდნენ და დაკავებულების დაცვას ძალით ვერავინ განახორციელებდა.
მართალია, დაკავებულმა პირებმა ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მოგვიანებით შეხვდით თუ არა მათ თქვენი აცილების მიზეზის გასაგებად?
- როდესაც გამოვიდნენ, მათ შევხვდი. თქვენ ზეწოლა მიხსენეთ და, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მათ ფიზიკური ზეწოლა არ აღენიშნებოდათ, მაგრამ საოცრად დათრგუნული, შეშინებული ადამიანები ვიხილე, რომლებიც არანაირ კომენტარს არ აკეთებდნენ. ისეთი განცდა დამრჩა, რომ ისინი ამაზეც გაფრთხილებულნი და დარიგებულნი იყვნენ. და, თუ მათ ჩვენება მისცეს, ახლავე ვადასტურებ, რომ უკვე კანონის დარღვევით იქნა მიღებული.
ადვოკატის გარეშე მიცემული ჩვენება უკანონოა?
- როდესაც დაკავებული პირი ადვოკატის მომსახურებაზე უარს აცხადებს, თუ მერე არ დაწერა, რომ ითხოვს ადვოკატს, არ გასაჩივრდება, რადგან თვითონ უნდა განაცხადოს ამის შესახებ. უბრალოდ, მე კატეგორიულად ვამბობ, რატომ არ შემახვედრეს, როდესაც ორდერებით ვიყავით მისული? რატომ არ განაცხადეს ეს ჩემი თანდასწრებით? ეს ჩემი მხრიდან სამართლებრივი და საფუძვლიანი შეფასებაა. ეს აპრობირებული მეთოდია, რაც არახალია. როდესაც ასეთი რამ ხდება, ცხადია, იქ ქვენამოძრაობები მიმდინარეობს. რა უშლიდათ ხელს, შევეხვედრებინეთ დაკავებულებთან და ისინი თვითონვე გვეტყოდნენ, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვსაჭიროებთ ადვოკატის მომსახურებასო. ჩვენ სამი ადვოკატი ვიყავით, შემდეგ შემოგვიერთდა კიდევ ორი ადვოკატი. დაკავებულებს შორის კი ოთხი ქალბატონი იყო და ორი ინკასატორი მამაკაცი.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები გამოუშვეს, გამოძიება მაინც გრძელდება. 194-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაული დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას გულისხმობს. შესაძლებელია, რომ ისინი კვლავაც დაკითხვაზე დაიბარონ?
- შესაძლებელია, დაიბარონ. მართალია, გამოძიება 194-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტულად რომელიმე პირის მიმართ არ მიმდინარეობს. ისინი მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. რა თქმა უნდა, გამოძიებას შესაძლებლობა აქვს, ისინი კიდევ დაიბარონ და მოწმის თუ სხვა სტატუსით დაკითხონ.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ ამ თანხის დაბრუნება უკვე მოითხოვა. როგორ გგონიათ, ხელისუფლება დააბრუნებს თანხას?
- თანხა უნდა დაბრუნდეს, რადგან ეს არ გახლავთ რაიმე უკანონო გზით მოპოვებული. ყველა შემთხვევაში, თანხა უნდა დააბრუნონ, მით უმეტეს, როდესაც არ არის გამოკვეთილი ბრალეული პირი.
ზუსტად რა თანხაზე საუბარი? იქ დოლარებიც იყო და ევროებიც.
- ეს არის მილიონი დოლარი და მილიონი ევრო.
თანხა რა საჭიროებისთვის გადაჰქონდათ? სახელისუფლო ტელევიზიამ უკვე განაცხადა, რომ ამ დაკავებით რუსული ფულის საქართველოში შემოსვლა აღიკვეთა.
- ეს არის აბსურდი, მათი ფანტაზიის ნაყოფი. მოგეხსენებათ, „საქართველოს ბანკიდან“ „ქართუ ბანკში“ ამ ფულის გადატანა ხდებოდა. ინკასატორმა განაცხადა, რომ ბანკში ამ ოპერაციებსა და პროცედურებს ყოველთვის ატარებენ. რომელ გათეთრებაზეა საუბარი? „საქართველოს ბანკში“ შავი ფული იყო?
„ქართუ ბანკის“ თანამშრომელთა აყვანა რა ვითარებაში მოხდა?
- დაკავებულებთან გასაუბრებიდანაც კი გამოიკვეთა, რომ მათი აყვანა უკანონოდ მოხდა. იმდენად ჩვეულებრივ პროცედურას ახორციელებდნენ, რომ მათ იფიქრეს, პოლიციელები კი არა, დამყაჩაღებლები დაესხნენ თავს. წარმოიდგინეთ, რა ვითარებაში მოხდა დაკავება?! ან ხუთი საათიდან პოლიციის სამმართველოში რომ ჰყავდათ გამოკეტილი, თითქმის ცხრა საათამდე რატომ არ დაიწყო მათი დაკითხვა, თუნდაც მოწმის სტატუსით?! მათ დაკითხვას გამჭვირვალე შენობის გარედან ვუყურებდით. საინტერესოა, ხუთიდან ცხრა საათამდე რას აკეთებდნენ? რატომ ჰყავდათ იქ? თუ მასპინძლობდნენ? მომხდართან დაკავშირებით ახლაც ვმუშაობთ და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს მივმართავთ. აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უფლებადამცველებეთან ერთად ვმუშაობთ.
194-ე მუხლი რამდენი წლით ითვალისწინებს პატიმრობას? გამოძიების შეწყვეტის მიუხედავად, მაინც ხომ არ ემუქრებათ საფრთხე ამ ადამიანებს?
- „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს ამ ეტაპზე არაფერი ემუქრებათ. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სანქცია (ცხრიდან 12 წლამდე პატიმრობა) ემუქრებათ მხოლოდ ბრალეულ პირებს. ამ ეტაპზე ეს ხალხი მოწმის სახით დაკითხეს. შესაბამისად, თუ მათი კვალიფიკაცია და სტატუსი არ შეცვალეს, არაფერი ემუქრებათ.
ბრალეული პირი ვინ არის? ივანიშვილისკენ მიჰყავთ საქმე?
- ბრალეული არავინ არ არის. ამას ხაზგასმით ვამბობ. გამოძიება დაწყებულია, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა რომელიმე პირის მიმართ არ არის დაწყებული. ანუ, ბრალი ვინმესთვის არ წაუყენებიათ, არც დასწრებით, არც დაუსწრებლად.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ათმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარა. ივანიშვილის დაცვის წევრების მხრიდან ეს კაპიტულაციას ხომ არ ნიშნავს?
- ეს არ იყო კაპიტულაცია. უბრალოდ, ისინი თავად დაცვის პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ, ახორციელებენ ივანიშვილის დაცვას და მათ მიერ ეს აღქმული იქნა, როგორც ბრძანება ხელმძღვანელობის მხრიდან, ჩაებარებინათ იარაღი. იმ იარაღზეა საუბარი, რომელიც დაცვის პოლიციის მხრიდან იყო გაცემული და მათ ბალანსზე ირიცხებოდა.
მაგრამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის ჩაბარება მაინცდამაინც ახლა მოითხოვა, როცა ივანიშვილი გააქტიურდა.
- რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება, ეს ყველაფერი ერთმანეთს არ დავუკავშიროთ. რატომღაც ყველაფერი სინქრონულად აეწყო. ალბათ, დღესაც გველის სიურპრიზები. რა მოუვათ თავში? ადამიანი ცხრა-ათი წელია, საქართველოშია, საქართველოს მოქალაქეა, აქ მოღვაწეობდა და არასდროს რაიმე კანონდარღვევაში, ან ფულის მოძრაობაში, გარდა საქველმოქმედო საქმეების, არ არის შემჩნეული. საკმარისი იყო, ერთი განცხადება გაეკეთებინა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რომ ამის შემდეგ მის წინააღმდეგ ბორბალი აგორდა. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოქმედება - ივანიშვილის თანამშრომლების, ბანკის მოხელეების, დაცვის წევრების თუ მისი ახლობლების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირდება. ყველაფერი ეს პოლიტიკური ნებაა.
თუ დაცვის წევრებმა იარაღი ჩააბარეს, მაშინ ვინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს?
- როგორც ჩემთან საუბარში განაცხადეს, დაცვის წევრები კონტრაქტის საფუძველზე არიან აყვანილნი და დაცვას ისევ განახორციელებენ.
ანუ იარაღი ჩააბარეს და უაიარაღოდ დაიცავენ?
- დიახ, იარაღის ჩაბარების შემდეგაც დაიცავენ. თუ რა ფორმით განხორციელდება ეს, ვერაფერს მოგახსენებთ. მათ პირად იარაღზე მე ვერაფერს გეტყვით.