დღეს, 19 ოქტომბერს
რესპუბლიკური პარტიის სახელით პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კვლავ საგანგებო განცხადება გააკეთა. ბრიფინგს საჩხერიოს რაიონის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ინგა ზამბახიძეც ესწრებოდა.
თინათინ ხიდაშელი: რესპუბლიკელები ვიღებთ
პასუხისმგებლობას და
ვიზიარებთ პოლიტიკურ რისკებს
ხელისუფლების მიერ
დაწყებულ უთანასწორო ბრძოლაში. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ
და ერთმნიშვნელოვნად ცდილობს
პოლიტიკური ტერორის,
პოლიტიკურ ჟანდარმერიად ქცეული
პოლიციისა და პროპაგანდის საშუალებებით გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს.
ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ჩვენი არჩევანია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ გზაზე ბევრი საფრთხეა, ეს გზა უკიდურესად სარისკოა, წინ ბევრი ბარიერია თუმცა ჩვენ ბრძოლას მიჩვეული ვართ. რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვაპირებთ ამ საფრთხეებთან გამკლავებას და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.
რესპუბლიკური პარტია სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სურვილი, ბიძინა ივანიშვილი დანაშაულებრივი გზით ჩამოაშოროს პოლიტიკურ პროცესს, არის კიდევ ერთი მცდელობა, მოკლას ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ქვეყანას უმძიმესი არჩევანის წინაშე აყენებს.
თინათინ ხიდაშელმა ასევე ისაუბრა საჩხერის რაიონში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ.
პრესკონფერენციაზე საჩხერის რაიონის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა და ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელმა ინგა ზამბახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ საჩხერის რაიონში გაუგონარი რეპრესიები დაიწყო ადგილობრივ მოსახლეობაზე.
მისი განცხადებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიბარა სკოლის ყველა პედაგოგი და დირექტორი და მოსთხოვა უარი თქვან ყველა ტიპის შემოწირულობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა.
რაიონში შეჩერდა ბიზნესმენის მიერ დაწყებული რამდენიმე პროექტი, მაგალითად შეჩერებულია ხე–ტყის შეტანა, მოსახლეობას მასალა აღარ მიეწოდება, რომლითაც საცხოვრებელი სახლები უნდა გადაეხურათ.
ინგა ზამბახიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაიბარეს საჩხერის საფეხბურთო გუნდის წევრები და მოსთხოვეს რომ უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაზე.
საჩხერის რაიონული საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის განცხადებით მუქარა ხორციელდება წვრილ მეწარმეებზეც.