სააკაშვილმა და მისმა დეზორგანიზებულმა ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ცნობილმა განცხადებებმა საქართველოში შექმნა ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომელიც „ნაციონალებს“ გადარჩენის შანსს არ უტოვებს.
შეშინებული სააკაშვილი ცდილობს:
ა) ჩაახშოს ხალხის ფართო ფენებში გაღვიძებული იმედი და დააბრუნოს საზოგადოება შიშის, სასოწარკვეთისა და აპათიის მდგომარეობაში.
ბ) ფსიქოლოგიური შეტევებით გამოიყვანოს მოწინააღმდეგე მოთმინებიდან და მიაღწიოს პროცესების გადატანას ქუჩაში.
გ) სცადოს მართვის ავტოკრატიული მეთოდების შეცვლა დიქტატურით, რისი შანსიც პოლიტიკურად, მორალურად და მატერიალურად დაუძლურებულ ხელისუფლებას, უბრალოდ, არ გააჩნია.
ვაცხადებთ, რომ სააკაშვილის ყველა ეს მცდელობა მარცხისთვისაა განწირული და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეუქცევადად მიდის თავისი პოლიტიკური აღსასრულისკენ.
„ქართული აკადემია“ დარწმუნებულია, რომ მოვლენები მიმდინარეობს სასურველი კალაპოტით, სააკაშვილის მიერ განხორციელებული რეპრესიები კი მოკლევადიანია და სრული კრახისათვისაა განწირული. ასეთ პირობებში მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და ზუსტად გათვლილი, მიზანმიმართული და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული ქმედებებით მიიყვანონ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე.