2011 წლის „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში და რუსეთი(VIDEO)

2011 წლის „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში და რუსეთი(VIDEO)

[ა/ო „რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი“]

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც წინა, არ სცნო არც მსოფლიოს სახელმწიფოების უდიდესმა უმრავლესობამ და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, წინა არჩევნებთან შედარებით, რეალური პოლიტიკური გარემო, როგორც საგარეო ისე საშინაო თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის ქმედებებმა განაპირობა და შესაბამისად, სრულიად გასაგები იქნება თუ როგორც არჩევნების შედეგებს, ისე მასთან დაკავშირებულ მოვლენათა მომავალ შესაძლებელ განვითარებას სწორედ რუსეთთან და მის პოლიტიკასთან მიმართებაში განვიხილავთ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობამ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში სრული საერთაშორისო ლეგიტიმურობა ვერ შესძინა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საერთაშორისო არენაზე, რუსეთი თავის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ყოფნას აფხაზეთში ხსნის „აფხაზეთის სახელმწიფოსთან“ დადებული შესაბამისი ორხრივი ხელშეკრულებების არსებობით და იმის მიუხედავად აღიარებს თუ არა ამას ვინმე, ხილულ მომავალში ამ პოზიციის შეცვლას არ აპირებს. მით უმეტეს, რომ ხსენებული ხელშეკრულებების საფუძველზე მას საშუალება ეძლევა კიდევ უფრო განამტკიცოს თავის პოზიციები აფხაზეთში ყველა ზემოხსენებული მიმართულებით. ასეთია რეალობა, რომლის შესაცვლელად არც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში რუსეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ისინი ამჟამადაც და მომავალშიც, შემოიფარგლებიან ცნობილი „არაღიარების“ პოლიტიკით, რომელიც ეფუძნება რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გამოყენებას, და რომელიც რუსეთს ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს აფხაზეთში საკუთარი სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში.

ეს მიზნებია, პირველ რიგში სამხედრო ბაზები შავიზღვისპირეთის აფხაზეთის სანაპიროზე, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსეთის სტრატეგიულ პოზიციებს როგრც კავკასიაში ისე შავი ზღვის აუზში, პარალერულად კი აფხაზეთზე ეკონომიკური კონტროლის დამყარება იქ საკუთრების შეძენის და რუსული ინვესტიციების დაბანდების მეშვეობით.

ამ სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად საგარო-პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის სავსებით საკმარისია მის მიერ 2008 წლის ომისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გამოცხადებული „ახალი რეალობები“. მაგრამ, ამას გარდა მას სჭირდება შესაფერისი გარემო თავად აფხაზეთში და, პირველ რიგში, მისი ხსენებული პოლიტიკის მხარდამჭერი თუ არა, მისადმი ლოიალური ადგილობრივი ხელისუფლების სახით მაინც. თან ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს“ აღიარებით რუსეთისთვის, ისევე როგორც აფხაზეთის სეპარატისტულად განწყობილი ელიტისთვის, უეჭველად საჭიროა აფხაზეთში არსებობდეს სახელმწიფოებრივი სტრუქტურები. თან უკეთესია თუ მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ეს სტრუქტურები ფუნქციონირებენ დემოკრატიის პრინციპებზე. ამის პირველი მაჩვენებელი კი დემოკრატიული არჩევნებია და ამიტომ 2011 წლის არჩევნების ჩატარება, როგორც რუსეთმა, ისე სეპარატისტულმა პოლიტიკურმა ელიტამ განსაკუთრებულად უცხოეთისთვის საჩვენებლად სცადა.

ჩატარებული საარჩევნო კამპანიის და თავად არჩევნების პროცესშიც იყო საკმაოდ საინტერესო მომენტები. მათგან უმთავრესი იყო რუსეთის ცდები ერთის მხრივ ხაზგასმით ეჩვენებინა რომ საერთოდ არ ერევა ამ არჩევნებში და მხარს „აფხაზეთის ხალხის არჩევანს“ დაუჭერს, ხოლო მეორეს მხრივ თავისი სპეცსამსახურების და რუსეთის მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებებით, ემოქმედა  სწორედ საბოლოოდ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ. სხვას ვერაფერს ვერ დავუკავშირებთ მედიის მიერ ტირაჟირებულ, მოსკოვში მყოფი თენგიზ კიტოვანის განცხადებებს ანქვაბის საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ან იმავე ანქვაბის მიერ „სახელმწიფო რესურსების“ სათავისოდ გამოყენების ბრალდებებს მიუხედავად ამისა რუსეთის პროპაგანდა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, ჯიუტად აცხადებდა და აცხადებს, რომ კანდიდატების მიმართ ნეიტრალური იყო, და რომ რუსეთისთვის ყველაზე უფრო მისაღები სწორედ ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურა იყო თუმცა როდესაც სერგეი შამბას დამარცხების მიზეზებზე წერდა, რუსული მედია ამაში იმ რუს პოლიტტექნოლოგებს ადანაშაულებდა, რომლებმაც შამბას წინასაარჩევნო კამპანია „აფხაზეთის სპეციფიკის არცოდნის გამო“ არასწორად აწარმოეს

საკმაოდ საინტერესო და სიმპტომატიურია არჩევნების შემდეგ რუსული მედიის მიერ გამოთქმული ის მოსაზრებაც, რომ „რუსეთის წყალობით მოულოდნელად თავზე დაცემული დამოუკიდებლობისათვის აფხაზეთი მზად არ აღმოჩნდა“. ამ აზრის ტირაჟირებით რუსეთი რა თქმა უნდა პირველ რიგში იმის მტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის გარეშე აფხაზეთი დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, ვერც უსაფრთხოების და ვერც ეკონომიკის მართვის თვალსაზრისით.

საინტერესო და საყურადღებოა ასევე, არა მხოლოდ ჩატარებულ არჩევნებთან არამედ საერთოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის კრიტიკაც, რომელიც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და რომლის ძირითადი არსი ასეთია – მსოფლიოს დამოუკიდებელი აფხაზეთი არ აინტერესებს, მას აშკარად პროქართული პოზიცია უკავია და შესაბამისად აფხაზეთს ახვა გზა არ რჩება ვიდრე რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ არჩევნების პროცესის და მისი შედეგების კომენტირებისას რუსეთის საექსპერტო წრეებმა და მედიამ გვერდი ვერ აუარეს აფხაზეთის საზოგადოებაში და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში გარკვეულ საკითხებში რუსეთის მიმართ უკვე ნეგატიური დამოკიდებულების არსებობას და იმ საფრთხის კონსტატაციას, რომ ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს რუსეთის მხრიდან არასწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში. 

რაც შეეხება თავად აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტას და მის დამოკიდებულებას რუსეთთან, უკვე არჩევნებამდე ნათელი იყო, რომ ყველა კანდიდატი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკის პრიორიტეტად სწორედ რუსეთს დაასახელებდა. არჩევნებში გამარჯვებულმა ალექსანდრე ანქვაბმაც პირველივე ინტერვიუში სწორედ ეს დაადასტურა და მისი პირველი ვიზიტის ადგილად სწორედ მოსკოვი დაასახელა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ანქვაბი და მისი მთავრობა არ შეეცდებიან ის ბერკეტებიც გამოიყენონ, რომლებიც მათ რუსეთისაგან მაქსიმალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ამ მომენტის გამოყენება შეუძლია როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას.   

კომენტარებში: 1.გოჩა გვარამია, „ექსპერტთა კლუბის“ ექსპერტი; 2. ირაკლი ცქიტიშვილი, „ექსპერთა კლუბის“ ექსპერტი.

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“