"ეს ძალიან პატიოსანი შემოსვლაა"

პოლიტოლოგ ვაჟა ლორთქიფანიძის აზრით, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი პატიოსნად შემოვიდა და ყოველგვარი შელამაზების გარეშე, პირდაპირ თქვა ის, რასაც ფიქრობდა. ბიძინა ივანიშვილის ეპისტოლარული მიმართვებისა და პოლიტიკური შესაძლებლობის შესახებ პრესაგე. ტვ. ვაჟა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

 

- უაღრესად დადებითად ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს დღევანდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, პერსპექტივიდან გამომდინარე, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს ჩანს კიდეც მის წერილებში. მე ველი, რომ მისი განაცხადი ალბათ მხოლოდ ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო დეტალურად ილაპარაკებს. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის იზიარებს და აწუხებს ის, რომ ქვეყანა ძალიან ღრმა სისტემურ კრიზისშია; რომ აქ არის ძალიან დიდი და სერიოზიული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, მორალური კრიზისი.

 

მთლიანობაში, ეს გახლავთ ღრმა წერილი. ჯერ ერთი, ძალიან ჰუმანურ და კეთილ საწყისს ვხედავ ამაში. მეორეც, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამას ლაპარაკობს ადამიანი, რომლისთვისაც ეროვნული უაღრესად ფასეულია. ჩემი ნათქვამი და შეფასება არ გახლავთ არც ნაციონალისტური, არც მიკერძოებითი. ჩემი აზრით, წერილი მნიშვნელოვანია, რადგან აქ საუბარია ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობაზე. ვის გაუგია ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა ეროვნული ღირებულებებისა და საძირკვლის გარეშე? რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ მან რუსეთში შექმნა ბიზნესი და ეს რუსული პროექტია, სასაცილოდაც არ მყოფნის, იმის გამო, რომ თვითონ ბიძინა არის ღრმად ეროვნული ადამიანი.

 

თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართველი ერი კრიზისშია, მაგრამ ასეთი ვითარება ხომ უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება? როგორ გგონიათ, უფრო ადრე რატომ არ გარისკა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლა და მაინცდამაინც ახლა რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?

-  მაინცდამაინც ახლა? ერთი რამ მინდა ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ასეთნაირად ფიქრობდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება დიდი შინაგანი მოტივაციების გამო მიიღო. ახლა გადახარშა,  გაიაზრა, ის არ აპირებდა პოლიტიკაში შემოსვლას, მისთვის არ იყო პოლიტიკა მიზანი. როგორც ჩანს, მოვლენათა მსვლელობამ ის დაარწმუნა იმაში, რომ პოლიტიკაში უნდა მოსულიყო. როგორც თვითონაც ამბობს, და მის გულწრფელობაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, ვიცი, რომ უაღრესად მართალი კაცია, ტყუილი არ იცის, მას კარგად ვიცნობ და შემიძლია ეს დავადასტურო. ის არ მოდიოდა პოლიტიკაში და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. აკი წერს კიდევაც, რომ 2008 წლის საომარი მოვლენების შემდეგ ორ-სამ თვეში პრეზიდენტს წერილი მივწერეო. ე.ი. მას ასეთი მცდელობა ჰქონდა და მისთვის გადადგომა ურჩევია.

 

მე არ ვიცი, შეიძლება, მან თავისი დამოკიდებულება სხვა დროსაც გამოხატა რაიმე სხვა ფორმით, მაგრამ, შესაძლოა, ის ელოდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა. დაინახა ასეთი უკიდურესი სიტუაცია, მერე აგერ, ოპოზიციური ძალების მოქმედებები, 2010 წლის არჩევნები... ის უყურებდა და იმედი ჰქონდა, რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ სულ სხვა პროცესები განვითარდა. დაინახა, რომ არაფერი იცვლება და რთული კრიზისული მომენტია. აი, სწორედ მაინცდამაინც ახლა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, რადგან ყველაზე კრიზისული მომენტი ახლაა.

 

ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ბევრისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2007 წლის 7 ნოემბერი. რატომ არ გახდა ეს დღე გარდამტეხი ბიძინა ივანიშვილისთვის? მით უფრო, როცა გვესმის, რომ იგი ივანე მერაბიშვილსაც მიმართავს და აღიარებს, რომ სწორედ მას ურჩევია სააკაშვილისთვის მერაბიშვილის ხელისუფლებაში დატოვება?

- არ ვიცი, მისთვის გარდამტეხი შეიძლება იყო 2007 წელი. ამ თემაზე ბიძინასთან არ მისაუბრია. არც ის საუბრობს, თუ რა დაასკვნები გააკეთებინა მას 2007 წელმა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დასკვნა მან სწორედ 2007 წელს გააკეთა, შესაძლოა, უფრო ადრეც. მაგრამ ის უბრალოდ ლაპარაკობს იმაზე, რომ 2008-ში წერილი მივწერე პრეზიდენტსო. ეს სულ სხვა თემაა. დარწმუნებული ვარ, 2007-შიც, ის სისხლიანი ამბავი, დარბევა და სხვა, მასზე იმოქმედებდა და თავის დასკვნებს მაშინაც გააკეთებდა. უბრალოდ, ამას აღარ ამბობს ახლა.

 

ასევე, ბევრმა ორაზროვნად აღიქვა ვანო მერაბიშვილისადმი მისი ტონი, რაც ივანიშვილის წერილში იკითხება. თქვენ როგორ მიიღეთ ბიზნესმენის შინაურული მიმართვა შს მინისტრისადმი?

- ასე კონკრეტულად ამას არ ვუყურებ. ვფიქრობ, რომ მან ძალიან კარგად დაახასიათა ამ ხელისუფლების ცალკეული წევრები და აღნიშნა ზოგიერთი რამ მერაბიშვილთან დაკავშირებითაც; მაგრამ ივანიშვილი ძალიან მკაფიოდ ლაპარაკობს და სთხოვს მერაბიშვილს, ურჩიოს პრეზიდენტს გადადგომა და თვითონაც გადადგეს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ამას არ გააკეთებს. ჩემთვის ეს არის მთავარი. ივანიშვილი გამოხავტავს თავის პოზიციას: ვინც არ უნდა მუშაობდეს და, სადაც არ უნდა მუშაობდეს, ის არ ჰყოფს ადამიანებს ძველებად და ახლებად, ნაციონალებთან  მყოფებად ან არმყოფებად. ის ყველას მიესალმება, ვინც დღეს სწორ დასკვნას გააკეთებს, სიმართლის მხარეს დადგება და ობიექტურად აღიარებს, რომ შეცდომები დაუშვა.

 

პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა სწორი სტარტი აიღო? ზოგიერთებს არ მოეწონათ მისი მხილების ტონი, განსაკუთრებით, - მის მიერ მხილებულ სუბიექტებს. მომავალში თუ შეარბილებს ივანიშვილი ასეთ ტონს, თუნდაც მედიასთან მიმართებით?

- არ მინდა, მარჩიელის როლში ვიყო. რასაც გააკეთებს - გააკეთებს, შევხედავ მის მოქმედებებს. ამჯერად მან ასე ჩათვალა საჭიროდ, ეს მისი შინაგანი ბუნებაა. სიმართლით დაიწყო და მიკიბ-მოკიბვა არ დაუწყია. ყველასთან მიმართებით პირდაპირ თქვა ის, რასაც ფიქრობდა. შემოვიდა პოლიტიკაში და ყველას უთხრა გულწრფელად, თვითონ რას წარმოადგენს, რა აზრებიც მოსდის და, ასევე, თქვა, თუ რა აზრის არის სხვა ადამიანებზე. ეს ძალიან პატიოსანი შემოსვლაა, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით, სწორია თუ არა, უფრო დიპლომატიური უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო, ეს თავად უნდა განსაზღვროს, თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნები. მთავარია, მასში  გულწრფელობასა და პატიოსნებას ვხედავ.

 

თუმცა პოლიტიკოსისთვის რამდენად საჭიროა გულახდილობა, ეს ალბათ სხვა თემაა.

- პოლიტიკოსისთვისაც საჭიროა გულწრფელობა.

 

„თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებთან“ მის ურთიერთობაზე რას ფიქრობთ? როგორ შედგება ეს ურთიერთობა?

-  არ ვიცი, ამაზე ალბათ თვითონვე ილაპარაკებენ. ვთვლი, რომ მისი არჩევანი სწორია. განსაკუთრებით, „თავისუფალ დემოკრატებზე“ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან გონივრულ, პროგრესულ და, სხვათაშორის, ასეთივე ეროვნულად მოაზროვნე ძალად მიმაჩნია. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, ბიძინამ თქვა და  ვეთანხმები, რომ იქ ძალიან ბევრი გონიერი და ღირსეული ლიდერია. მაგალითად, უაღრესად დიდ პატივს ვცემ „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, იგი ღირსეულ, გონიერ, პროფესიონალ პიროვნებად მიმაჩნია. იმ პარტიაში ბევრი სწორედ ასეთია. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეიძლება დაეთანხმო, ზოგჯერ არ დაეთანხმო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რაც მან აღნიშნა, რომ ეს გამოცდილი და ბრძოლებგამოვლილი პარტიაა, ამაში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, აქაც ვეთანხმები ბიძინას, არც მე მაქვს კითხვები მათთან.  

 

თქვენს თავს თუ ხედავთ ამ პროცესებში?

- ჩემი პიროვნება მთავარი არ არის. მთავარია საქართველოს ვხედავდე ამ პროცესებში და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთეს ვამჩნევდე. ამ წუთში მე ეს თემა არ მაწუხებს. ჩემს თავს ისევე ვხედავ ამ პროცესებში, როგორც ყველა ქართველს და მთლიანად, საქართველოს. საქართველოში ვხედავ ჩემს თავს და ამიტომ მინდა, ამან საქართველოს შედეგი მოუტანოს.

 

ხელისუფლებისთვის, ისევე, როგორც ოპოზიციისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა სიურპრიზი აღმოჩნდა. ხომ არ შეეცდება ხელისუფლება, ივანიშვილთან მიმართებით უფრო დრამატულად განვითარდეს სიტუაცია და რას ურჩევდით ბიზნესმენს?

- რად უნდა ლაპარაკი, ხელისუფლება ყველაფერს შეეცდება. ამიტომ ბიძინას წინდახედულება, გონიერება და ძალიან დიდი მოთმინება მართებს. ეს არის მთავარი. რამდენადაც ვიცნობ, ის საკმაო მოთმინების უნარის მქონე კაცია, მაგრამ  გონიერებასა და მოთმინებას მაინც ვურჩევდი.