ახალი პოლიტიკური რეალობა საქართველოში

ახალი პოლიტიკური რეალობა საქართველოში

[ქართული აკადემია]

საქვეყნოდ ცნობილი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის, გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე მთლიანად შეცვალა საქართველოში არსებული რეალობა. სწორედ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი მაღალი სამოქალაქო შეგნების, პატრიოტიზმის, პიროვნული ღირსებისა და სიმამაცის მაგალითად უნდა მივიჩნიოთ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარაზზე შემოსვლით ჩნდება რეალური, სოლიდური და ქმედითუნარიანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების შანსი, რომელსაც შეუძლია ძალთა ბალანსი ხალხის სასარგებლოდ შეცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების შეცვლას ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით, მშვიდობიანი, კონსტიტუციური მეთოდებით გეგმავს. ამისთვის მას აქვს სათანადო რეპუტაცია, გავლენა და მატერიალური რესურსებიც. მისი პირველივე განცხადებებიდან ნათელი გახდა ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემების ზუსტი და რეალისტური ხედვა და ამ პრობლემების დაძლევის პრაგმატული გეგმები, რომლებიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, მეცნიერებით, განათლებითა და სამუშაო ადგილების შექმნით დამთავრებული.

ხელისუფლების პირველივე რეაქციით გამოჩნდა, რომ ძალადობით მოსული და დამკვიდრებული ნაცმოძრაობა ყველანაირად შეეცდება არ დაუშვას ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარება, რადგან თვით ამ პროცესშია იმ უკუღმართი სისტემის დასასრული. პანიკით მოცული ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერება, იურიდიული კაზუისტიკის მიუხედავად, პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. ეჭვგარეშეა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედი ფონდის თავმჯდომარის ახლობელთა დაპატიმრებაც ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიების დასაწყისია და მოძალადე ხელისუფლების ხელწერას შეესაბამება.

დიდი ანალიზი არ არის საჭირო იმისათვის, რომ მივხვდეთ, რა შეიძლება იყოს მათი შემდგომი ნაბიჯები: ფარული ვიდეოჩანაწერების ფაბრიკაცია, „კრემლის აგენტების“ გამოვლენა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა აღიარებითი ჩვენებები და ა.შ. მაგრამ ასეთი ისტერიული, თანაც უკვე გაცვეთილი მეთოდები ვეღარ მოახდენს გავლენას საზოგადოებაზე და მხოლოდ დააჩქარებს რეჟიმის აღსასრულს.  

„ქართული აკადემია“ მიესალმება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების დაწყებას ქვეყანაში და მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს: ვიყოთ მტკიცენი, ყველამ გადავდოთ პირადული ინტერესები, წყენა და ამბიციები და ახლა მაინც აღარ მივცეთ საშუალება ძალაუფლებას ჩაფრენილ მანიაკთა ჯგუფს, კიდევ ერთხელ დაასამაროს ქართველი ხალხის სწრაფვა იცხოვროს ბედნიერ, თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში.