ივანიშვილი:კიწმარიშვილი - 1:1

ივანიშვილი:კიწმარიშვილი - 1:1

კიწმარიშვილმა „მაესტროს“ ჟურნალისტები რაღაც უჩვეულოდ სწრაფად გაათავისუფლა „კლანჭებიდან“ და ბიძინა ივანიშვილს გადაულოცა. თან განაცხადა, ივანიშვილი ოქრუაშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებასო. საინტერესოა, რა „იყნოსა“ ტელევიზიების სარფიან გაცვლა-გამოცვლაში შემჩნეულმა ქართველმა „მედიამაგნატმა“? და, რაც მთავარია - გაცხადებულის გარდა, რა ვალდებულება იკისრა ივანიშვილმა, როცა არენაზე გამოვიდა?

დარწმუნებული ვარ, ცოტ თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც ჰგონია, რომ ერთ ლარად, ანუ უანგაროდ დათმო ეროსი კიწმარიშვილმა „მაესტროს“ მართვა და მთელი „ქართული პარტიაც“ ზედ მიაყოლა. დღეს ივანიშვილი-კიწმარიშვილის  „პოლიტისტორიაში“ - მთავარი კითხვა ესაა - რატომ უნდა აწარმოებდეს ივანიშვილი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებას და რა სარგებლობა მოაქვს მისთვის „მაესტროს“ - ქართულ პარტიასთან (კიწმარიშვილიანად) ერთად, თანაც მაშინ, როცა არჩევნების მოსურნე, ანუ „ქართულ პარტიასთან“ დაპირისპირებულ პარტიებთან უკვე ღიად „გააფორმა“ კავშირი?

ფაქტია, აქამდე ივანიშვილს რადიკალური ფრთის წარმომადგენლებისთვის არ შეუთავაზებია თანამშრომლობა. უფრო მეტიც - არც კი უხსენებია ნინო ბურჯანაძე და “სახალხო კრება” (არადა, საეჭვოა - ამ რესურსზე სერიოზულად არ ფიქრობდეს). პირიქით - ალასანია და უსუფაშვილი დაპატიჟა თავისთან და იმავე დღესვე ურთიერთთანამშრომლობის „ზეპირი მემორანდუმიც“ გაფორმდა. არ დაგავიწყდეთ - ივანიშვილი სიტყვის კაცად არის ცნობილი.

ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა თანამშრომლობის შეთავაზება გაკეთებული იყო სოზარ სუბარისთვისაც, ოღონდ - პარტიის გარეშე. არადა, სუბარი და ალასანია ერთ კოალიციაში წარმოუდგენელი ამბავია, მას შემდეგ, რაც „ალიანსი“ დაიშალა და იმის შემდეგაც, რაც „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „მთავარი თავისუფალი დემოკრატი“ ლავროვთან ფინანსურ „მაქინაციებში“საქვეყნოდ ამხილა, მეორემ კი  - „მიშას ქალწული“ უწოდა. აქ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ უსუფაშვილიც „დიდი მადლიერი“ არ არის  ბატონი სუბარის - ხომ უთხრა, ასევე საქვეყნოდ, არაკაცი ყოფილხარ შენო.

პოლიტიკურადაც კი „წვრილმანი“ სვლაა - ერთის მხრივ, არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამდე, არჩევნებზე ორიენტირებულ პარტიებთან თანამშრომლობაზე ღიად საუბრობდე და ფარულად - ოქრუაშვილთან იწყებდე მოლაპარაკებას, ხოლო სუბარს - ღიად პატიჟებდე შენთან. ამ ყველაფერს ტელევიზიისთვის აკეთებდე? (წვრილმანი იმ შემთხვევაში არ იქნებოდა, თუ ივანიშვილი ხელისუფლების რომელიმე გუნდის „პროექტია“) თანაც მაშინ, როცა ამავე, არჩევნების მოსურნე პარტიებს „რვიანის“ დაშლის შემდეგ ბურჯანაძესთან უფრო მეტად შეუძლიათ „საერთო ენის“ გამონახვა, ვიდრე - ოქრუაშვილთან.

ვინმემ თქვას, რა დივიდენდები აქვს თავდაცვის ყოფილ „მრისხანე მინისტრს”, განსაკუთრებით - 26 მაისისა და „მრისხანების დღის“ დაანონსების შემდეგ? ფაქტია, მას სახელი და გავლენა აღარ შერჩა, დარჩა ფული...  ივანიშვილს ფული ცოტა აქვს? რას თამაშობს „მძიმე“ წონის ბიზნესმენი - მარტივ  თამაშს, თუ „ქართული პარტიით“ დაწყებული აჟიოტაჟი, რაღაც დიდ სვლაზეა გათვლილი? ეს კითხვა პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად განიხილება და ვერსიებიც ბევრია.... 

ერთი ვერსიით, სუბარის თემა ივანიშვილმა „სავაჭროდ“ უფრო შემოაგდო და მხოლოდ „მაესტროზე“ არ ვაჭრობს... თუ ოქრუაშვილთან „სათანამშრომლო და ფარული ზარი“ ივანიშვილმა ამ პარტიის „გასაშიფრად“ გააკეთა, მაშინ გამოუვიდა კიდეც, მიუხედავად მათი მხრიდან კიწმარიშვილის პირით გაჟღერებული თანხმობისა. ასე ღიად „იმეტებდე“ მედიასაშუალებას, შენს მთავარ პოლიტიკურ დივიდენდს, რომელსაც მართავ და რომლის ობიექტურობაზე თავად ხარ პასუხისმგებელი - ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, პოლიტიკური პროცესებიდან „დაცურების“ საშიშროებას გრძნობ და ცდილობ - თავის დააღწიო „ხაფანგს“ და ყველაფერს შეეცდები „ტყავის გადასარჩენად“...

მშვენიერი პორტრეტია ფსევდოოპოზიციური პარტიის ჩასაძირად.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივი სქემა იქნებოდა ივანიშვილის დონის ბიზნესმენისთვის. თუმცა, გავყვეთ მოვლენებს და გავაანალიზოთ ისინი...

აქვე, ინფორმაციის სახით - გეტყვით, ივანიშვილის პირველივე განცხადების შემდეგ ექსპერტული წრეებიდან მაშინვე გამოვიდა ხმა, რომ ბიზნესმენი ალასანიას აუცილებლად შესთავაზებდა თანამშრომლობას. სხვა კანდიდატურა არც კი სახელდებოდა. ვინ იცის, იქნებ, არც ისე შემთხვევით დაიშალა „ექვსიანი“, არც ისე შემთხვევით დადის რაიონებში ალასანია და მედიაპიარის გარეშე ხვდება პირისპირ ამომრჩევლებს?!...

აქ არც ისაა დასავიწყებელი, რომ „ექვსიანის“ დაშლამ ყველაზე მეტად სწორედ „რესპუბლიკელებს“ დაწყვიტა გული, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით და არც მხოლოდ ფულია მთავარი ფაქტორი (სხვათა შორის, „თავისუფალ დემოკრატებში“ უსუფაშვილს სერიოზული წონა აქვს)... ძალიან მალე ხომ ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები - გუშინ „გაყრილები“ ივანიშვილმა დღეს ისევ ერთად შეყარა... შეიძლება, დამთხვევაა, მაგრამ „მძიმე წონის“ და არა - „რიგითი“ მნიშვნელობის...

დავუბრუნდეთ ისევ კიწმარიშვილსა და ივანიშვილს... ფაქტია, მთელი ეს პროცესი - თანამშრომლობას სთავაზობდე სუბარს, ფარულად ელაპარაკებოდე ოქრუაშვილს და ამავდროულად - „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელს საქვეყნოდ აძაგებდე - ანუ მედიასაშუალებას ღიად ეჯახებოდე, - ივანიშვილის მხრიდან კარგად გათვლილ ვა-ბანკზე წასვლას უფრო ჰგავდა.

ვინც მართლა შეწუხდა და გაბრაზდა „მედია მათრახის“ გადარტყმის შემდეგ - აქუბარდიაა, დუელშიც კი რომ გამოიწვია ივანიშვილი. მამუკა ღლონტმა „სიმწრისგან“ თავად კიწმარიშვილს შესთავაზა „მაესტროსთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა.

ერთი შეხედვით, თავიდანვე ჩიხში მოქცეულმა კიწმარიშვილმაც „ვეღარ“ გააკეთა ცუდი არჩევანი (პარტიამაც არ გაწირა თავისი ლიდერი) და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. თანაც, ასევე პარტიული გადაწყვეტილებით (მთელი დღე თათბირი იყო „ქართულ პარტიაში“), თავისი განცხადება არა - „მაესტროზე“, არამედ „კავკასიაზე“ - ამავე ტელეკომპანიის მეპატრონის თოქ-შოუში გააკეთა და აქუბარდიაც ღიად ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. ივანიშვილის „დაინტრიგებული“ ორი „მმართველიდან“ ერთი თანახმაა, მეორე - სხვა დროსა და სივრცეზე ოცნებობს, რომ შეურაცხმყოფელს პასუხი აგებინოს...

ერთის მხრივ - კიწმარიშვილმა საკმაოდ გონიერი საჭადრაკო სვლა განახორციელა. ახლა, ჯერი ივანიშვილზეა - მან ან „ქართული პარტია“  (კიწმარიშვილიანად) და „მაესტრო“ ერთად უნდა გადაიბაროს, ან უარი თქვას ამ მედიაოცნებაზე“.

იტყვის თანხმობას ოლიგარქი, რომელსაც სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მედია ჰაერივით სჭირდება? თუ კიწმარიშვილს იმედს გაუცრუებს და კიდევ ერთი ტელევიზიის „ბურთაობაში“ ამხელს? ანდა - მიუშვებს ახლოს „ფსევდოოპოზიციონერ კიწმარიშვილს“ პოლიტიკაში ახლადფეხშემოდგმული ბიზნესმენი? კულუარებში არსებობს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი უარს განაცხადებს „მაესტროზე“ და „ბურთაობის“ მძიმე ეპიზოდში გაყინავს კიწმარიშვილთან ურთიერთობას. თუმცა, ვიმეორებ - მარტივი სქემაა ივანიშვილის დონისთვის...  ვნახოთ... ჯერჯერობით, ბიძინასა და ეროსის  ანგარიში ასე გამოიყურება 1:1.

ახლა უფრო რთული სქემის შესახებ - პრესაგე.ტვ-ს სხვა წყაროები იმასაც აცხადებენ, რომ ივანიშვილი გუნდში კიწმარიშვილის მიღებით ორ კურდღელს დაიჭერს - მედიასაშუალებასაც „დაიბევებს“ და დიდი ხნის წინ „გაყრილი“ ოპოზიციის ერთიანობას ჩაუყრის საფუძველს. რატომ დაიწყო ივანიშვილმა  ალასანია-უსუფაშვილით? პასუხი ასეთია: ისინი არ არიან ის პოლიტიკოსები, პოლიტიკური სარგებელი გუშინდელ წყენაზე გაცვალონ. შესაბამისად, ივანიშვილს არ გაუჭირდება მათი დაყოლიება „ქართულ პარტიასთან“ ერთად გააგრძელონ ბრძოლა. ბიზნესმენის მთავარი არგუმენტი ასეთი იქნება - სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მედიაა საჭირო... ამ არგუმენტს კი „წყალი არ გაუვა“.

აქვე, ისე - „უბრალოდ“, შეგახესენებთ, რომ კიწმარიშვილმა, „დაჰყვა“ რა ივანიშვილის ნებას, კიდევ ერთი საინტერესო რამ განაცხადა - ოპოზიციაში დაპირისპირების დრო არ არისო.

ისე ოპოზიციაში დაპირისპირების დრო არც აქამდე იყო, საკუთარი ქმედებებით რომ დაუკარგეს ოპოზიციონერებმა ხალხს მათზე წარმოდგენები და ამით სააკაშვილი ახეირეს. „ქართული პარტია“ და ირაკლი ოქრუაშვილი ხომ ამ პროცესების ავანგარდში იყვნენ მუდმივად....  

 ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის მოსურნე პარტიები კარგად ხვდებიან, რომ მხოლოდ სააკაშვილის დამსახურება არ არის, ეს უკანასკნელი დღემდე უალტერნატივო ლიდერი რომა არის ქართულ პოლიტიკაში. მათ ისიც კარგად იციან, რომ ივანიშვილის სახელის გაჟღერების საჭიროებაც, სწორედ ამ ოპოზიციური ურთიერთბრძოლების შედეგია.

ეს პარტიები იმასაც კარგად „გრძნობენ“, რომ  გაფუჭებულის გამოსწორება ცალ-ცალკე არ ხელეწიფებათ, გამოსწორება კი - ისევ ერთიანი, ოღონდ „ნაღდი“ ბრძოლით არის საჭირო - „ნაღდი“ და ყველასთვის უალტერნატივო ლიდერის ხელმძღვანელობით. ანუ, ვიღაცა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ მიშას სახელის გადასაფარად კია არა, უფრო რთული პროცესის დასაწყებად უნდა შემოსულიყო - გაყრილების ისევ შეყრის ვალდებულება აეღო საკუთარ თავზე...

სახელი გაჩნდა და ბრძოლაც დაიწყო. ტაქტიკურად კი, პირიქით სვლას ივანიშვილი სწორედაც რომ კიწმარიშვილი-ოქრუაშვილის გამო ვერ განახორციელებდა - ანუ ის, მხოლოდ „მაესტროს“ გამო, ჯერ „ქართულ პარტიას“ ვერ შესთავაზებდა თანამშრომლობას, რადგან მერე დანარჩენების გარშემო შემოკრება ბევრად უფრო გაურთულდებოდა (ამ პარტიას ყველა „გალანძღული“ და მომდურებული ჰყავს). ალბათ, ამიტომაც დაიწყო ჭადრაკის თამაში ბიზნესმენმა სწორედ „ქართული პარტიით“ და არა -არჩევნების მოსურნეებით, ანდა - ბურჯანაძითა და სახალხო კრებით. 

26 მაისი შემდეგ ბურჯანაძე-ოქრუაშვილის ცნობილი განხეთქილების შეხსენებით თავს აღარ მოგაწყენთ, თუმცა, ვიტყვი, რომ ივანიშვილის ამ რთულ სქემაში - „მესამე კურდღელი“ (ამ შემთხვევაში „კურდღელს“ მხოლოდ მხატვრული დატვირთვა აქვს) სწორედ ბურჯანაძე და სახალხო კრება იქნება. ისინიც - იძულებულნი იქნებიან, ივანიშვილის სიტყვებს ვიმეორებ, „თუ არიან ოპოზიციონერები, მაშინ საერთო წესებით ითამაშონ...“

ვინ იცის, შეძლებს თუ არა ივანიშვილი ერთმანეთზე მამასისხლად გადაკიდებული ოპოზიციური ერთობის შექმნას და როდის დადგება ჯერაც დაუსახელებელ რადიკალურ ფრთასთან თანამშრომლობის დრო, ამას წესით, მალე შევიტყობთ. ფაქტია, ჯერჯერობით, მედიასაშუალების მნიშვნელობა კარგად არის გამოყენებული და „ვაჭრობაც“ სწორადაა დაწყებული. ისიც ფაქტია, მიუხედავად ივანიშვილის გამოჩენით ატეხილი აჟიოტაჟისა - ერთობის გარეშე - სააკაშვილს „ქიში“ უთხრას ვინმემ - თუნდაც ამავე ივანიშვილმა, ძალიან რთული საქმეა. არჩევნები ჯერ ჩასატარებელია და შემდეგ - ხმებია დასაცავი.  26-მა მაისმა კარგად აჩვენა - დაცვას დიდი ძალისხმევა ჭირდება.