კარჩაკეტილი ქართველი მილიარდერი ფილანთროპი ნაციონალურ პოლიტიკაში შესვლას იმედოვნებს

კარჩაკეტილი ქართველი მილიარდერი ფილანთროპი ნაციონალურ პოლიტიკაში შესვლას იმედოვნებს

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ახლახანს “Forbes”-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიურ სიაში 185-ე ადგილი მიანიჭა, განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნა გადაწყვიტა, რათა მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში.

7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში, ივანიშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას მისი მთავარი მოტივაცია დღევანდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ხელისუფლების ტოტალური მონოპოლიის“ დარღვევის აუცილებლობა იყო, ასევე ბოლოდროინდელი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც სააკაშვილს, მას შემდეგ რაც 2013 წელს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ხელისუფლებამ არ დააყოვნა და პასუხად ივანიშვილს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა და დაადანაშაულა ის, რომ „საქართველოს მომავლის ყიდვას ცდილობს“. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგანტომ განაცხადა, რომ ივანიშვილი (რომელმაც თქვა, რომ საფრანგეთის და რუსეთის პასპორტებზე უარს იტყვის) საქართველოს მოქალაქე არ არის. თუკი დადასტურდა, რომ ეს მართლაც ასეა, მას კანონი არ მისცემს უფლებას, რომელიმე პოლიტიკური პარტია დააფინანსოს.

ივანიშვილი, რომელიც დღეს 55 წლისაა, ლეგენდარული ფიგურაა, თუ საიდუმლო არა. Forbes-ის თანახმად, მან საკუთარი ბიზნეს იმპერიის მშენებლობა 1990 წელს, თავის პარტნიორ ვიტალი მალკინთან ერთად „როსიისკი კრედიტ ბანკ“-ის შექმნით დაიწყო. შემდეგ მისი საქმიანობის სფერო გაფართოვდა და მოღვაწეობა ლითონისა და სამთო წარმოების და უძრავი ქონების სფეროშიც დაიწყო, ის რუსეთში აფთიაქების ქსელის მესაკუთრეცაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ივანიშვილი, ვირტუალური განდეგილივით ცხოვრობს მის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს.

ბოლო წლების განმავლობაში, ივანიშვილი აფინანსებდა ასობით საქველმოქმედო და მცირე ბიზნეს ორგანიზაციებს და მშობლიური საჩხერის რაიონი საქართველოს უდაბნოდ ქცეულ და ეკონომიკურად გაკოტრებულ რეგიონებს შორის ნამდვილ ოაზისად აქცია. ის საჯაროობას გაურბის და მხოლოდ ერთი ინტერვიუ აქვს მიცემული, როგორც ამას ივანიშვილზე ამერიკელი ჟურნალისტის ვენდელ სტივენსონის ღრმა და ყოვლისმომცველ პროფილში ვკითხულობთ.

ჩრდილიდან გამოსვლა

დღემდე ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას ემიჯნებოდა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ქვეყნის ხელისუფლებასთან მისი კავშირების შესახებ სპეკულაციებს. 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს მის გუნდში პრემიერ-მინისტრის პოზიცია შესთავაზა (სინამდვილეში, მან მაშინ ხმების მხოლოდ 5,6 % მიიღო და კანდიდატებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა).

ექვსი თვის შემდეგ, და ამ წლის მაისშიც ნათელაშვილმა ივანიშვილი სააკაშვილის დაფინანსებასა და მასთან გარიგებაში დაადანაშაულა. ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ პრესსპიკერმა ეს ბრალდებები უარყო და ამ წლის იანვარში გაავრცელა ცნობა, რომ ივანიშვილმა ოჯახი უცხოეთში გაამგზავრა რეპრესიების შიშით მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილს 1,5 მილიარდი დოლარის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

იმ „მიუტევებელ, დიდ თუ პატარა შეცდომებს“ შორის, რომელსაც თავის 7 ოქტომბრის მიმართვაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბრალად უყენებს, ივანიშვილი ასახელებს ბიზნესის სფეროსთვის მიყენებულ ზიანს, რომელიც მისი მტკიცებით სააკაშვილს და მის ახლო მოკავშირეებს აქვთ მონოპოლიზებული; სისტემატიური სისასტიკეს ოპოზიციური საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ; დანაშაულის აღიარებისა და საპროცესო გარიგებების პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას; და პრეზიდენტის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებიდან ყოველდღე მომდინარე „ტრაბახისა და ტყუილების ნაკადს“, რაც „არა მხოლოდ რიგით მოქალაქეს, არამედ პროფესიონალ ანალიტიკოსსაც კი ხელს შეუშლის შავის და თეთრის გარჩევაში“.

ივანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ადრე ის პოლიტიკაში ყოველგვარ მონაწილეობას გამორიცხავდა, მაგრამ 2008 წელს სააკაშვილის პრეზიდენტად მეორე ვადით „თაღლითურად“ არჩევის შემდეგ, მან დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, ახლა კი დარწმუნდა, რომ სხვა არჩევანი აღარ დარჩა, თუ არა ითამაშოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი.

ის ადასტურებს იმას, რომ ქმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ითანამშრომლებს „ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან“ იმისთვის, რომ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვოს 2012 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში, რის შემდეგაც ის გეგმავს ან პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რათა „სულად აღმოფხვრას ის ელიტური კორუფცია, რომლითაც სააკაშვილის დღევანდელი მთავრობაა მოცული“.

ივანიშვილი შემდგომ გეგმებზეც საუბრობს, ისეთებზე, როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება; პირობების შექმნა საქართველოს იურისდიქციის აღდგენისთვის გამოყოფილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში; უცხოური ინვესტიციებისთვის ხელშემწყობი კლიმატის ჩამოყალიბება; ურთიერთობების გაუმჯობესების დაწყება რუსეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ივანიშვილის შეფასებით, ამ ყველაფრის მიღწევას ორიდან სამ წლამდე დასჭირდება და შემდეგ ის პოლიტიკას დატოვებს.

ივანიშვილი ხაზს უსვამს ასევე სამოქალაქო საზოგადოების სწრაფად ჩამოყალიბების მნიშვნელობას. ამ მიზნით, ის გეგმავს „საჯარო საინფორმაციო ცენტრის“ შექმნას, რომელიც გააერთიანებს ტელე- და რადიო სადგურებს, გაზეთებს და ვებ-გვერდებს. ის ადასტურებს მის მზადყოფნას ნებისმიერ „მიუკერძოებელ და პრინციპულ“ ჟურნალისტს შესთავაზოს სამუშაო არსებულ ანაზღაურებაზე არანაკლები ხელფასით.

7 ოქტომბრის წერილში, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის გაყიდის იმ აქტივებს, რომელიც რუსეთში აქვს, რაც მისი მთლიანი ქონების ერთი მესამედია.

რეაქცია

თავდაპირველი რეაქცია ივანიშვილის განაცხადზე დიდწილად მიყრუებული იყო. პარლამენტის დეპუტატმა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა წიკლაურმა „კავკას-პრესს“ განუცხადა, რომ ივანიშვილი „როგორც ჩანს ფიქრობს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება“, მათ შორის პოლიტიკური გავლენის.

ოპოზიციური „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ივანიშვილის განცხადებაში არაფერი მიუღებელი არ არის და რომ მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ (ახლახანს მის გამოსვლას პოლიტიკური პარტიების ექვსიანიდან ამ ჯგუფის დაშლა მოჰყვა. „ექვსიანი“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადებებისგან განსხვავებულ კამპანიას აწარმოებდა“) აღნიშნა, რომ მას „ბევრი კარგი რამ“ სმენია ივანიშვილის შესახებ, მაგრამ მას პირადად არ იცნობს. ალასანიამ განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბარი ნაადრევია.

გაკრიტიკებული ტელეკომპანიებიდან ერთ-ერთი ტელეარხის „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ (ივანიშვილმა ამ არხის შეძენის ინტერესი გამოთქვა) ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ივანიშვილის წინადადებას განიხილავს, თუმცა ჯერ-ჯერობით მისგან მსგავსი შეთავაზება არ მიუღია. „კავკას-პრესის“ 20 სექტემბრის ინფორმაციით, გავრცელებულია აზრი, რომ „მაესტროს“ წილის 50%-ის შეძენას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც ცდილობს.

ივანიშვილის წინადადებას ცალსახა ენთუზიაზმით მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია „სახალხო წარმომადგენლობითი კრება“ მიესალმა. მან 10 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომლშიც მიესალმა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, როგორც „ძლიერ იმპულს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების დაწყებისა“ და აღნიშნა, რომ მისი და ივანიშვილის პროგრამა სრულად ემთხვევა ერთმანეთს.

ივანიშვილს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მისი მისამართით გამოთქმულ დღევანდელ ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ ის მოსკოვის კნუტივით მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ეს გააკეთოს 14 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მას საეთერო დროს დაუთმობს, რომ საკუთარი გეგმების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.
foreignpress.ge