ძალა უძალოთა

ძალა უძალოთა

„ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავს, ბიჭო!“, - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური ჩარჩოებიდან გადის. ახლა უნდა ველოდოთ  ივანიშვილი შეძლებს თუ არა ყურებიანი ქუდი თავად სააკაშვილს დაახუროს. აქამდე, ნაციონალებს კი ეგონათ, რომ თავი ქუდში ჰქონდათ, მაგრამ პოლიტიკურ ველზე ნაჯახით შემოჭრილი მილიარდელის მოქნეული ხელი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ნაცებმა გონი და ორიენტირი ერთდროულად დაკარგეს.

თუ ბრიყვი არ ხარ რატომ ვერ უნდა მიხვდე, რომ ბიძინა ივანიშვილია თუ ივანაშვილი, ეს საქმის არსს არ ცვლის და ბიძინაა თუ ბორისი, არც ეს გამოდგება კომპრომატად? არსს არც კუბლაშვილის, წიკლაურის, ხერხეულიძის და თოდრიას კომენტარები ცვლის და დიდი ეჭვია, რომ ვერც ივანიშვილისთვის დღეს გათამაშებული ნაციონალური კარტი მოუტანს მათ მოგებას.

ივანიშვილისთვის მოქალაქეობის წართმევა ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც როგორ მიიღებს ივანიშვილი დარწმუნებით არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ  მისი მხრიდან, ამ პირველი ბარიერის გადალახვა, პირველი გზავნილი იქნება, ივანიშვილს რამდენად სწორად აქვს  შეფასებული სააკაშვილის ძალაუფლება.  

ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარიც რისთვის მოდის ივანიშვილი პოლიტიკაში და სანამ ამაზე თავად არ გააკეთებს სრულყოფილ განმარტებას მჩხიბაობას არ ვაპიერებთ, მაგრამ მიშა რომ ძველ მიშას აღარ ჰგავს და სადღაც დაიკარგა მისი, თავდაჯერებული ლიდერის რიხი - ფაქტია.

დღეს მთავარი სულ სხვა რამ არის, ივანიშვილმა რამდენიმე დღეში შესძლო ის, რაც ოპოზიციამ წლების განმავლობაში ვერ შესძლო. მითი - „მიშა მაგარია“ შეიცვალა რეალობით - „მიშა შეშინებულია“ და ახლა ივანიშვილზეა დამოკიდებული დააჯერებს თუ არა ამ რეალობას საზოგადობას.  

ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა ნიშანია, რომ წინ საინტერესო პოლიტიკური ბატალიები გველის, თუმცა მანამდე, გუშინდელი ფაქტის შესაფასებლად პრესაგე.ტვ-მ ინტერვიუ ჩაწერა „ქართული აკადემიის“ წევრთან, რეჟისორთან, ნუკრი ქანთარიასთან.

ყველა ველოდით, რომ ხელისუფლება ივანიშვილისთვის რაღაც ფანდს მოიფიქრებდა, მაგრამ მაინც ველოდით, რომ რაღაც უფრო ეფექტურს მოიფიქრებდნენ, ვიდრე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების მცდელობა იქნებოდა. თქვენთვის რისი მანიშნებელია ხელისუფლების ეს „დაბალი კლასი“?   

- ცოტა შორიდან დავიწყებ - საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სურს და მონდომებულია ეს ხელისუფლება შეიცვალოს, აქამდე პერსპექტივას ვერ ხედავდა. ამ უახლოეს პერიოდში იყო კამათი ორი გზის თაობაზე, ერთი იყო რევოლუციური გზა, ხოლო მეორე - არჩევნები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ბრძოლა და შემდეგ, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. შედეგი - ვნახეთ 26 მაისს როგორი სისასტიკით მოხდა ამ იდეის კარგა ხნით გადაწევა და მეორე გზასაც კარგად შევხედეთ, რა ცვლილებები განიცადა იგივე „რვიანმა“ და შემდეგ - „ექვსიანმა“, რის შემდეგაც საბოლოოდ გაქარწყლდა იმედები.

მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ისადგურებდა მარადიული ნიჰილიზმი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე კაცი, რომელსაც არამარტო ფინანსური რესურსი, არამედ უდიდესი  მორალური ავტორიტეტი აქვს ჩადებული ქვეყანაში და მისმა განცხადებამ საზოგადოება გამოაცოცხლა. გაჩნდა ახალი სივრცე, ახალი რეალობა, გაჩნდა იმედი იმისა, რომ ოპოზიცია შეიძლება საპირწონე  ძალა გახდეს და გაუწიოს აშკარა და თამამი კონკურენცია ნაციონალურ მოძრაობას.

რაც ახლა მოხდა, სწორედ იმის დამადასტურებელია, როგორმა შიშმა, როგორმა სასოწარკვეთამ, როგორმა სიმხდალემ დაისადგურა ნაციონალურ მოძრაობაში. ეტყობა ბევრი იფიქრეს თუ - ცოტა, მათთვის ასეთი დამაკნინებელი, გიენური გადაწყვეტილება მიიღეს და კაცს მოქალაქეობა შეუწყვიტეს.

 თუ ის 32-ე მუხლი იყო კანონში და ამით შეუსაბამობას ჰქონდა ადგილი, სად იყვნენ აქამდე? როდესაც ივანიშვილის სიკეთეებით სარგებლობდნენ, მაშინ რატომ  არ უშლიდნენ სიკეთის გაკეთებას?

როგორც კი იგრძნეს საშიშროება და, როგორც ჩანს, მართლა დიდი საშიშროება ელით, რადგან პირწმინდად წააგებდნენ ამ პროცესს, დაიწყეს რაღაც გარკვეული ფართხა- ფურთხი. მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამის საწინააღმდეგო გზას გამონახავს და ალბათ, საქმე მიიღებს მსვლელობას სასამართლოში, სადაც გამოჩნდება რამდენად კანონიერია ეს საქმე, მაგრამ მორალური თვალსაზრისით, ეს არის გიენური და დამაკნინებელი მიდგომა. ნაციონალებს შეუძლებლად მიაჩნიათ კონკურენტუნარიან გარემოში ელემენტარული რაღაც წარმატების მიღწევა.

მე მგონი, საზოგადოებამ ახლა (სულერთია, მას კითხვები აქვს ამ მეცენატთან დაკავშირებით თუ არა), ამ დამაკნინებელ, ვერაგულ აქტზე სერიოზული დამოკიდებულება უნდა გამოხატოს და ვფიქრობ, თუკი საზოგადოებას კიდევ შერჩენია ძალა, ამ იმედის ჩახშობა არაფრით არ უნდა დაუშვას. ახლა უნდა დაიწყოს სერიოზული ინიციატივები იმისა, რომ  გამოსვლებიც იყოს ამასთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ ვინმე, მაინცდამაინც, ივანიშვილს ემხრობა, არამედ იმიტომ, რომ აქ მოხდა ძალიან მნიშვნელობანი რამ - ხელისუფლებამ უარყო კონკურენცია.

საზოგადოებას ალბათ, პოლიტიკოსების დახმარებაც დასჭირდება, მაგრამ არც ეს იქნება მარტივი. უკვე ვნახეთ, რომ ბევრი პარტია, რომელიც ოპოზიციონერობას იბრალებს უარყოფითად შეხვდა ივანიშვილის გამოჩენას, რაც ბუნებრივია. ივანიშვილი მათთვის სივრცეს პრაქტიკულად არ ტოვებს. მეორე მხრივ, გარეთ მყოფ პარტიებშიც იქნება ეჭვიანობის მომენტი და ამდენა პოლიტიკოსების აქტიურობას ნაკლებად უნდა ველოდოთ.

- ივანიშვილს მოწინააღმდეგები საერთოდაც რომ არ გამოუჩნდეს, ესენი თავად გამოიგონებენ და შექმნიან. საქართველოს ისტორია ამითაა გაჯერებული - როგორც კი საქმის გამკეთებელი გამოჩნდება, მას უმალ დაესევიან ყვავებივით.

რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სააკაშვილის რეჟიმი - პატარკაციშვილის მაგალითის გათვალისწინებით?

- უკვე გამოჩნდა, რომ ყველანაირად ეცდებიან წინააღმდეგობა გასწიონ. ამიტომ, ახლა, ცივი გონებით არის გასავლელი ის შუალედი, რომ არ მოხდეს იმ შეცდომების განმეორება, რაც ბადრი პატარკაციშვილის დროს მოხდა. არ უნდა მოხდეს ისეთი კომპრომისი, რომელიც საზოგადოებას ისევ დააბრუნებს იმაზე უარესს ნიჰილზმში, სანამ ეს ქველმოქმედი შემოვიდოდა პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, მაინც მოინახება რაღაც გზები. აქ მთავარია ბალანსის აღდგენა, რომელიც აბსოლუტურად დაკარგული იყო. ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლის დროს, ქვეყანაში ეს ბალანსი არსებობდა და მისმა შემოსვლამ, შეიძლება ითქვას, არია კიდეც პოლიტიკური ვითარება - ხალხი დააბნია. ამ შემთხვევაში კი, ცარიელი მინდორი გვაქვს და ამ მინდორზე ივანიშვილის გამოსვლა იყო ქვეყნისათვის პერსპექტივის გაჩენის სურვილი.

პირდაპირ ვთქვათ, დღეს მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება, ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მარცხი. ბევრი პირველი პირის უკან სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და მათ ამის გამო, პასუხისგება მოუწევთ. ივანიშვილი ხელისუფლებისთვის სერიოზული მეტოქეა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თუნდაც, საზოგადოების თუ პოლიტიკური პარტიების პროტესტმა ხელისუფლებას უკან დაახევინოს?

-  არ ვიცი, მაშინ ამ პროტესტმა უნდა მიიღოს მღელვარების სახე. მუხტი, რომელიც ხელისუფლების ამ განცხადებამ გააჩინა, საჭიროა ორგანიზებულად, სწორად წარიმართოს. ივანიშვილს შეუძლია გააკეთოს განცხადება და საზოგადოებამ ამაში მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.

როგორ ფიქრობთ ხელისუფლებას გაუჭირდება ივანიშვილს ყველა გზა მოუჭრას პოლიტიკაში ჩასართავად? უკვე ჩაკეტეს ველი, რომ ივანიშვილმა შიგნით არ შემოაღწიოს.

- ცდილობენ, რომ ჩაკეტონ, მაგრამ მოახერხებენ თუ არა და რა შემხვედრი ნაბიჯები მოყვება ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. მთავარია, ეს შანსი, რომელიც გაჩნდა საზოგადოების მხრიდან არ იქნას გაშვებული და ამის შემდეგ, თავისუფლად გაჩნდება მესამე ცენტრი, რომელიც საზოგადოებას არჩევანის საშუალებას მისცემს.