კახა მჭედლიძე, "თავისუფლება"
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სულ უფრო იზრდება დაზღვევის მსურველთა რიცხვი, სადაზღვევო ბიზნესი მაინც ზარალს განიცდის. გასულ წელს საქართველოს კონტროლის პალატა სადაზღვევო კომპანიებს ეგრეთ წოდებული ზემოგების გამო აკრიტიკებდა, 2011 წლის პირველი 6 თვის შედეგების მიხედვით კი, დაზღვევის ბიზნესის წაგებამ თითქმის 2 მილიონი ლარი შეადგინა. რა არის ამის მიზეზი?
მიმდინარე კვირაში, კონკრეტულად კი 5 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. სწორედ ეროვნული ბანკი ახორციელებს სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობას, რეგულირებას. სადაზღვევო ბიზნესის თავყრილობის მოწყობის მიზანი ამ სფეროში არსებულ ვითარებაზე საუბარი იყო, რადგან გაირკვა, რომ 2011 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო ბიზნესმა თითქმის ორი მილიონი ლარის ზარალი განიცადა. სადაზღვევო სფეროს რეგულატორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ზარალში საგანგაშო არაფერია:
“ჯანსაღი სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება ჩვენი პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტული ნაწილია. სადაზღვევო სფეროს უდიდესი პოტენციალი აქვს და დღეს გადის განვითარების იმავე გზას, რაც თავის დროზე საბანკო სექტორმა გაიარა, ვიდრე დღევანდელ მდგრად და სტაბილურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდებოდა. განვითარების ეტაპი გულისხმობს იმას, რომ სადაზღვევო სექტორში გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, მოხდება კომპანიების შერწყმაც. უნდა ითქვას, რომ 10 და 20-კაციანი ორგანიზაციები ამ ბიზნესში გუშინდელი დღეა, ასეთი კომპანიები ვეღარ უძლებენ ჩვენს ახალ სტანდარტებს.”
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და სადაზღვევო სფეროს მარეგულირებლის პოზიციას ეთანხმება მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ისაკაძე. მისი აზრით, ეროვნულ ბანკში გამართული შეხვედრა პრევენციული ხასიათის იყო:
”სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ნათლად იქნა მიწოდებული გზავნილი საიმისოდ, რომ მოხდეს ამ სფეროს დასერიოზულება.”
კომპანიების გამსხვილების მომხრეა სადაზღვევო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი. მათ შორისაა ”ალდაგი ბისიაის” ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი:
”სადაზღვევო ბაზარი ძალიან დინამიკურად ვითარდება. თუმცა ჩემი აზრით, საქართველო არ არის იმხელა ქვეყანა, რომ 17-18 კომპანია ოპერირებდეს.”
ეროვნული ბანკის რეგულაციების შედეგად კომპანიების გამსხვილებისა და საერთოდ სადაზღვევო ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევის მოწინააღმდეგენი არიან თავისუფალი ეკონომიკის მომხრეები. ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიების შერწყმით მარეგულირებელი ორგანო საქმეს იმარტივებს, შედეგად კი კონკურენცია იზღუდება. ეკონომიკის ექსპერტის მიშა თავხელიძის აზრით, რეგულაციების გამკაცრებით სადაზღვევო ბიზნესის განვითარება ვერ მოხერხდება.
სადაზღვევო ბიზნესის თავისუფალი საბაზრო პრინციპებით განვითარებას ემხრობა კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილიც, მათ შორის ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიის” ხელმძღვანელი ნიკა რამიშვილი. მისი აზრით, საქართველოს ბაზრისთვის 15 კომპანია ბევრი ნამდვილად არ არის და კომპანიების გამსხვილებისა თუ გაკოტრების განმსაზღვრელი თავად ბაზარია. ნიკა რამიშვილი 6 თვის შედეგების მიხედვით სერიოზული დასკვნების გაკეთებასაც არამართებულად მიიჩნევს.
გასულ წლებში საქართველოს სადაზღვევო ბიზნესი მომგებიანად ითვლებოდა. 2010 წელს საქართველოს კონტროლის პალატა სადაზღვევო კომპანიების ეგრეთ წოდებულ ზემოგებებზე ალაპარაკდა, წელს კი, მიუხედავად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის და ინფლაციის შემცირებისა, სადაზღვევო ინდუსტრიამ პირველი ექვსი თვე თითქმის 2 მილიონიანი ზარალით დაასრულა. შედეგად, ორმა კომპანიამ გაკოტრების პროცედურაც კი დაიწყო.
917
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85