დედაქალაქში მოსახლეობის სიმჭიდროვემ დასაშვებ ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

დედაქალაქში მოსახლეობის სიმჭიდროვემ დასაშვებ ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

თბილისში მთელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. მიგრაცია პერმანენტულად მზარდია, რაც ინტენსიურ განაშენიანებას სტიმულს აძლევს. ეს კი, საბოლოო ჯამში, მრავალი პრობლემის სათავეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ/კმ-ზე 64.8 კაცი შეადგინა. მაშინ, როცა 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 64.6 კაცი იყო. რეგიონების მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქს ჰქონდა და 1 კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე 2 543 კაცს შეადგენდა. თბილისისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ესაა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის შეფასებით, როგორც კი მოსახლეობის სიმჭიდროვე დასაშვებ ზღვას სცდება, ადგილზე იქმნება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მომსახურებისა და სხვა სერვისის პრობლემა.

„ქალაქის გამჭიდროვებას აქვს მოთხოვნები, რამდენზეა დასაშვები გამჭიდროვება. ევროპულ სტანდარტთან ახლოს არის ჩვენი მოთხოვნა, თითქმის იგივეა. მაღალი სიმჭიდროვის და სართულიანობის პირობებში, ჩვენს შემთხვევაში, ჰექტარზე უნდა იყოს არაუმეტეს 240-280 ადამიანამდე. ამაზე მეტი როგორც კი ჩნდება, არ ყოფნით სპორტული სივრცეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, მწვანე ადგილები, პარკირება, მომსახურების ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სკოლები.

ამ გამჭიდროვების შედეგია ის, რომ თბილისის სკოლებში რეგისტრაცია დასწრებაზეა. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სკოლა და საბავშვო ბაღი სახლიდან 700-800-მეტრიან რადიუსში, საუბარია, საჯარო სკოლაზე - ეს ყოველივე საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ვინაიდან გადამჭიდროვება უსისტემო და ხშირად გაუთვალისწინებელია, მოსახლეობას ობიექტები აღარ ჰყოფნის.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სკოლას და საბავშვო ბაღებს ტერიტორიულად უჭირავს დიდი ადგილი. ამ ადგილების გამოძებნა ძალიან რთულია, სკოლის ტერიტორიები უნდა შევინარჩუნოთ, კონტროლი უნდა იყოს მკაცრი, არ შეიძლება სკოლისა და საბავშვო ბაღის ხელის ხლება, თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტულ ტერიტორიებზე, სკოლებთან ჩადგეს შენობები.

ქალაქგანვითარების პირობები უნდა იქნას მკაცრად დაცული, რადგან არ გაფუჭდეს საცხოვრებელი პირობები. პირიქით, ეს პირობები უნდა გაუმჯობესდეს და არ უნდა დამძიმდეს უკონტროლო გამჭიდროვებით“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ, „ბიზნესპრესნიუსთან“.

ფაქტია, რომ ინტენსიური განაშენიანება ქალაქისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ინჟინერ-მშენებელი გიორგი შვანგირაძე მიიჩნევს, რომ ქალაქში მშენებლობა უკვე მაქსიმალურ ნიშნულამდე არის მისული, ფიზიკურად ადგილი აღარ მოიძებნება.

უკვე ისეთი ვითარებაა, რომ თუ რამე ახალი შენდება, იქ სარეკრეაციო ადგილები ვერ მოეწყობა, ავტომობილის საპარკინგე ადგილი ვერ გაკეთდება და ეს ქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა, რადგან თბილისის გადატვირთვას იწვევს. ამის გამოა, რომ დედაქალაქის გამტარუნარიანობა დაეცა, საცობები გაიზარდა.

რაც უფრო მეტად იმატებს მშენებლობის ტემპი, ეს ნიშნავს, რომ იზრდება ურბანიზაციაც. არათუ შორეული წარსული, არამედ ბოლო ხუთი წელი რომ განვიხილოთ და შევადაროთ, საგრძნობლად არის გაზრდილი, როგორც თბილისის მოსახლეობა, ასევე ავტომობილების რაოდენობა, მშენებარე და აშენებული კორპუსების ოდენობაც.

არის მოსაზრება, რომ ქალაქი გავიდეს გვერდებზე და მის შემოგარენში მშენებლობა განვითარდეს. ეს დასადგენი და გადასაწყვეტია, რადგან ყველა მიმართულებით ქალაქი ვერ გაფართოვდება. ორი მხრიდან მას მთები და გორაკები აკრავს და ფიზიკურად ვერ გაიწევს ქალაქი. ვაშლიჯვრის დასახელებას თუ შევხედავთ, თითქმის მთის წვერამდე არის ასული მოსახლეობა და რეალურად, არ შეიძლება იქ მშენებლობა. თუკი დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით განვითარდება მშენებლობა, მაშინ გამოდის, რომ ქალაქი შეუერთდება, ერთი მხრივ - მცხეთას და მეორე მხრივ - რუსთავს.

ერთი გამოსავალი არის ის, რომ ურბანული პროცესები უნდა განვითარდეს დანარჩენ ქალაქებში - როგორც მშენებლობა, ასევე დასაქმების ადგილები, თუნდაც საგამანათლებლო დაწესებულებები, რათა არ მოხდეს რეგიონებიდან მოსახლეობის მასობრივი შემოდინება. ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში სასწავლებლად მოდიან, შემდგომ ცდილობენ, იქვე დარჩნენ და დაიწყონ საქმინობა. როდესაც ადამიანს დედაქალაქში, რაღაც ფორმით საქმე აქვს აწყობილი, ის უკან, რეგიონისკენ აღარ იხედება, - განცხადა გიორგი შვანგირაძემ.

ბოლო საყოველთაო აღწერით, თბილისში, მთელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს - 1 282 600 კაცი.