რთველის სუბსიდირებების პირობები შეიცვალა. კახელი გლეხები ამას ვერ იგრძნობენ, ის კი არადა, შესაძლოა, იხეირონ კიდეც, მაგრამ ღვინის მწარმოებლები უკვე გაურკვევლობაში არიან. სპეციალისტები კი, ახალ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ, რადგან ის სწორედ ფერმერებზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში - „2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, ცვლილება შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული „საფერავის“ ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს - 1.20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს - 1.00 ლარად, ასევე 1.00 ლარად - დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის. რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.
ფერმერებისთვის ფაქტობრივად არაფერი იცვლება, თუმცა კომპანიებს შესასყიდი ყურძნის ღირებულება უძვირდებათ.
კომპანია „ასკანელის“ დირექტორი, ირაკლი უგლავა ამბობს, რომ სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, ინფორმაცია იმაზე, რომ წელს ყურძნის სუბსიდიის გაცემა კერძო კომპანიებზე აღარ იგეგმებოდა, ჰქონდათ, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის მინიმალური ღირებულების ზრდას ისინი არ ელოდნენ. ეს გადაწყვეტილება კომპანიის გაყიდვებს შეამცირებს.
„სუბსიდირების შეწყვეტა დიდი ხანია დაანონსებული იყო და 1 კგ ყურძენზე სუბსიდირების თანხის მოცულობა ეტაპობრივად მცირდებოდა. რამდენიმე თვეა, რაც საქმის კურსში ვართ, რომ 1 კგ ყურძენზე, გასულ წლებში არსებული 20-თეთრიანი სუბსიდირებაც მოიხსნებოდა. კომპანიები, ამ პერიოდის განმავლობაში, ნელ-ნელა მოვძლიერდით და ამ 20-თეთრიან მომატებას ავიტანდით, მაგრამ აქ მეორე საკითხი ის არის, რომ სახელმწიფომ კონდიციურ 1 კგ ყურძენზე ფასი - 1.20 ლარი დააწესა. არაკონდიციურ ყურძენს იბარებს 1.00 ლარში, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ „რქაწითელი“, რომელიც ყველაზე დიდი მოცულობით მიიღება და ბრენდის (კონიაკის) ბიზნესს ეს განსაზღვრავს, ძვირდება...
წელს „ასკანელს“ 22 000 ტონა ყურძნის მიღება ჰქონდა დაგეგმილი და აქედან, დაახლოებით, 15 000 საბრენდე ნედლეული უნდა მიგვეღო, საღვინეშიც ყურძნის გაძვირებაც გავლენას იქონიებს, რადგან გამოდის, რომ ლარიანი ყურძენი 1.20 ლარი გახდა. თავის დროზე, 1.00 ლარი იყო მინიმალური ფასი, 20 თეთრი სუბსიდია იყო და 80 თეთრის გადახდა გვიწევდა. 20-თეთრიანი სუბსიდიის მოხსნით, ყურძენი 20%-ით გვიძვირდებოდა. ახლა, როდესაც სუბსიდიაც მოიხსნა და ფასიც გაიზარდა, გამოდის, რომ ნედლეული 50%-ით გაგვიძვირდა. ეს პროდუქტს გაგვიძვირებს, შესაბამისად, რეალიზაცია დაეცემა, რაც ღვინის კომპანიებისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხია. საბოლოო ჯამში, ალბათ, შეგვიმცირდება ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა და დარჩენილი ყურძნის ჩაბარება და მიღება სახელმწიფოს მოუწევს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ირაკლი უგლავამ.
კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივი გამოსვლის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდათ.
„ცოტა უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, მაგალითად, მხოლოდ სუბსიდია მოეხსნათ და მინიმალური ფასი იგივე დარჩენილიყო, უკეთესი იქნებოდა. აქ ორივე ერთად გაკეთდა - ხარისხიან ყურძენს ფასი აუწიეს და სუბსიდირება მოიხსნა, რაც ალკოჰოლური კომპანიებისთვის ნედლეულს ძალიან აძვირებს. ამას, ალბათ, მოჰყვება პროდუქციის გაძვირება, რეალიზაციის შემცირება... გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იქნება, არ ვიცი.
წელს მხოლოდ სუბსიდიის მოხსნა უკეთესი იქნებოდა, ორივე ერთად კი ალკოჰოლის მწარმოებლებისთვის მძიმე გადასატანი იქნება, ვნახოთ, მომავალი წელი რას გვიჩვენებს“, - დასძინა უგლავამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი აზრით, დროთა განმავლობაში, მექანიზმი უფრო დაიხვეწება, ახლა კი მთავარია, რომ კომპანიებს ჭარბი მოსავლის ჩაბარების ვალდებულება მოეხსნებათ.
„დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ნიადაგი, რომ ყურძნის სუბსიდიის მიმართულებით მიდგომა შეეცვალათ. ვფიქრობდი, რომ ასეც მოხდებოდა. ცალსახად კარგია, სწორია და ძალიან კარგი, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. საყურადღებო დეტალია ისიც, რომ ფასი გამოცხადდა რთველის დაწყებამდე, ადრე ასე არ იყო, რის გამოც, ფერმერები ყოველთვის უკმაყოფილოები იყვნენ. მიმაჩნია, რომ სუბსიდია იყო დიდი შეცდომა, რასაც წლების განმავლობაში ვუშვებდით.
წინასწარ განსაზღვრული ფასი კარგია, თუმცა, ვფიქრობ, 1.00-1.20 ლარად განსაზღვრულის საფასური გარკვეულ უსიამოვნებას გამოიწვევს, სავარაუდოდ, ყურძნის უმრავლესობა 1.20 ლარად გაიყიდება და დროთა განმავლობაში, ეს ხარვეზიც გამოსწორდება.
როგორც ჩანს, სახელმწიფომ დაინახა საჭიროება, რომ ირიბი სუბსიდირება არ არის გონივრული გადაწყვეტილება და უნდა მოიხსნას. მოსავლის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო შეისყიდის, ესეც სუბსიდირების სხვა სახეობაა, მაგრამ სწორია. პირველ ეტაპზე კარგი დასაწყისია და ფერმერებს თანდათან მეტ სიახლეს შესთავაზებენ“, - განაცხადა სამანიშვილმა.