რუსეთი საავტომობილო საწვავის დეფიციტის წინაშეა. ქვეყანა ექსპორტზე შეზღუდვებს ახანგრძლივებს, მაგრამ საქმეს ვერ ეს შველის. საქართველო, გარკვეულწილად, დამოკიდებულია მეზობელი ქვეყნის ნავთობპროდუქტებზე, თუმცა დღესდღეობით საცალო ქსელში არც გაძვირება და, მით უმეტეს, არც დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა მხარი დაუჭირა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას - ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელებას. ამ ვადამდე აკრძალვა მწარმოებლებზე გაგრძელდება, ხოლო ნავთობპროდუქტების არამწარმოებლებისთვის - ოქტომბრის ბოლომდე. აქამდე, სრული აკრძალვა აგვისტოს ბოლომდე იყო ძალაში.
რუსეთში ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, ბენზინის დეფიციტის საფრთხე კვლავ რეალურია, რადგან ექსპორტირებული კომერციული ბენზინის მოცულობა შიდა ბაზარზე ჭარბი მიწოდების შესაქმნელად მეტად მცირეა. რუსეთში საწვავის ბაზარზე ფასის ზრდა წლის დასაწყისიდან დაიწყო, აპრილში კი მკვეთრად მოიმატა და 50%-ით, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.
17 ივლისს, ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ სანქციების გამო რუსეთის ნავთობკომპანიები გადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებასთან დაკავშირებით პრობლემებს განიცდიან. მისი თქმით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მომხდარი „ჩავარდნები“ აღჭურვილობის მიწოდების პრობლემებს აწყდება.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები, გასულ წელთან შედარებით, 11%-ით მაღალია მაშინ, როცა სამომხმარებლო ფასთა საერთო ინდექსი 8.2%-ით იზრდება. აგვისტოს დასაწყისიდან, ბირჟაზე საწვავის ფასები 7%-ით, ზაფხულის დასაწყისიდან - 32%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან - 47%-ით გაიზარდა.
გაძვირების მთავარი ფაქტორი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მომხდარი ინციდენტებია. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისიდან, ხუთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონებით დაიბომბა და მათგან სამმა მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტა წარმოება.
შარშან, რუსეთის ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 12-წლიან მინიმუმამდე, ანუ 267 მლნ ტონამდე მას შემდეგ დაეცა, რაც უკრაინული დრონების დარტყმების სერიამ, მინიმუმ, 10 უდიდესი ქარხანა დააზიანა. მათგან ზოგიერთი თვეების განმავლობაში უმოქმედოდ დარჩა.
რუსეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობა ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა შეაფასა და დეფიციტის განმაპირობებელ გარემოებებზე ისაუბრა.
„როგორც ვიცით, უკრაინელი სამხედროები რუსეთს სწორედაც სტრატეგიული მიმართულებით უტევენ. აქტიურად მიმდინარეობს შეტევა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ასევე ნავთობსაცალოების მიმართულებითაც, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის დაზიანება რუსეთს დიდ პრობლემას უქმნის. აღდგენას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, დროულად ვერ ხდება რეაბილიტაცია და ეს იწვევს მიწოდების პრობლემას რუსეთში და ადგილობრივ ბაზარზეც.
მეორეც, რუსეთში ნავთობის გადამუშავება უფრო ძვირი ჯდება ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ვიდრე, მაგალითად, ნავთობის მომპოვებელ სხვა ქვეყნებში - საუდის არაბეთში, საემიროებში და ა.შ. გარკვეულწილად, ესეც პრობლემას ქმნის. ამას ემატება სეზონური ფაქტორიც, ზაფხულის პერიოდში, ადგილობრივი მოთხოვნა შედარებით მაღალია. რუსეთს იმდენად დიდი პრობლემა აქვს, რომ მოუწია საერთოდ შეეჩერებინა ექსპორტი.
ნებისმიერი სცენარით, მოვლენები არ განვითარდება კარგად, რუსეთს საბიუჯეტო დეფიციტი აქვს, აქამდე ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული თანხით ივსებოდა ბიუჯეტი, ახლა აღარ შედის უცხოური ვალუტა. გარდა ამისა, ინდოეთმაც ტრამპის სატარიფო ომის პირობებში გამოაცხადა, რომ რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის, გარკვეულწილად, ორმაგი წნეხის ქვეშ არის რუსეთი და რა სცენარიც არ უნდა განვიხილოთ, პოზიტიური არც ერთი მიმართულებით არ არის“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესი საქართველოზე პირდაპირ არ აისახება, არც ფასის და არც დეფიტიცის მხრივ.
„პირდაპირ გადაცემას ადგილი არ ექნება, ასეთ რამეს არ ველოდები, რომ რუსული ბენზინის დეფიციტი საქართველოში რამეს პირდაპირ შეცვლის, არც ფასების ნაწილში და არც მარაგის მიმართულებით, რადგან ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია მიწოდების კუთხით“, - დასძინა ბაირახტარმა.