ქუთაისში წესად იქცა, რომ დაქირავებულ მუშა-მოსამსახურეებს ხელფასები არ გადაუხადონ და მერე პოლიციის მეშვეობით დაატერორონ. ამჯერად პრობლემები პარლამენტის შენობის მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეექმნათ, რომელთაც ხელფასი 2-3 თვეა არ მიუღიათ. ამ ობიექტზე სამუშაო პირობები ისეთივეა, როგორიც მე-19 საუკუნის კატორღაში.
“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ზვიად წაქაძის ინფორმაციით, მუშებს იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ თავისი უფლებები დაიცვან და ვინმეს ხმა მიაწვდინონ.
“მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველდღიურად ტელეეკრანიდან გვიყვება, თუ როგორ აშენებს ქვეყანას, იქნებ, დაინტერესდეს ამ საკითხით, გაარკვიოს თუ როგორ პირობებში უწევთ პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შრომა და რამდენი ხანია კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ იქ დასაქმებული ადამიანები? მოვითხოვთ, უმოკლეს ვადაში გაცემულ იქნას აღნიშნული ხელფასები”, - განაცხადა წაქაძემ.
საერთოდაც, ქუთაისში უბრალო მუშების დაჩაგვრა, როგორც ჩანს, საყოველთაოდ მიღებული წესია. თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ამ ადამიანების უფლებები და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფებამ როგორმე იზრუნოს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, პირიქით, მუშებს ატერორებენ, იჭერენ და დასცინიან.
ამ რამდენიმე კვირის წინათ ზუსტად მსგავსი სიტუაცია იყო ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც მუშა-მოსამსახურეებს ყელში ამოუვიდათ ხელმძღვანელთა თავგასულობა და უპრეცედენტო გაფიცვა მოაწყვეს. თუმცა, აქედან მხოლოდ ის გამოვიდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ უფლებათა დამრღველების მხარე დაიჭირა, აქცია დაშალა და რამდენიმე მონაწილე სატუსაღოში მიაბრძანა.
ორიოდე დღის წინათ კი ე.წ. ბიზნეს-ომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ სრულიად არაადეკვატური განცხადება გააკეთა. პერტაიამ აღნიშნა, რომ ქარხნის მუშები გაფიცვაზე პროფკავშირმა წააქეზა და ამით პროფკავშირმა თავის არსებობა გაამართლა. ბიზნეს-ომბუდსმენის თქმით, მუშებთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები და თუ მათ რამე პრობლემები ჰქონდათ, შეეძლოთ სასამართლოსთვის მიემართათ.
თავის მხრივ პერტაიას პროფკავშირები “შეეხმიანა” და მიუთითა, რომ ბიზნეს-ომბუდსმენმა ქუთაისის ქარხანა “ჰერკულესთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
“გიორგი პერტაიამ, ქარხანა “ჰერკულესთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 26, მუხლი 33), კანონი პროფესიული კავშირების შესახებ (მუხლები: 10, 12, 13,16) და პერტაიას “პატრონებისვე” დაწერილი უმახინჯესი შრომის კოდექსი (მუხლი 49). აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ბიზნეს-ომბუდსმენმა შეურაცხყო გაეროსა და მისი სპეციალიზებული სააგენტოს - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები და ევროპის სოციალური ქარტია, რომელთა არსებობისა და საქართველოს მიერ რატიფიცირების შესახებ, მას, როგორც ჩანს, საერთოდ არაფერი სმენია. პერტაიას შეხედულებები საწარმოო ურთიერთობების სფეროში მისი სრული უცოდინარობისა და მენეჯერული არაკომპეტენტურობის ნათელი დემონსტრირებაა.
ჩვენი სამშობლოს წარმატებაც საშუალო კლასის შექმნაზეა დამოკიდებული, რისთვისაც საქართველოს პროფკავშირები ბევრს შრომობს. პერტაიას მსგავსი ჩინოვნიკები კი, მოგვაგონებენ ლამის საუკუნენახევრის წინათ, ჩიკაგოსა და სხვა ქალაქებში დარბევების მომწყობ და ამ დარბევების მხარდამჭერ კაპიტალისტებს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგი, უსაფრთხო შრომა და ცივილიზებული შრომითი ურთიერთობები ბიზნესის განვითარებისთვის, წარმოებაში შრომის ნაყოფიერების ზრდისა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის.
პერტაია და მისი პატრონები საქართველოში კაზინოს ტიპის ეკონომიკის შექმნას ცდილობენ, რასთანაც შეუთავსებელია სოციალური პასუხისმგებლობა, ღირსება და სამართლიანობა. კანონის სრული დაცვით განხორციელებული გაფიცვის პოლიციის გამოყენებით დარბევის გამართლება უკიდურესი არაცივილიზებულობისა და ბიზნესის წარმოების თანამედროვე მეთოდების არცოდნის ნათელი მაგალითია”, - ბიზნეს-ომბუდსმენს მცირე პროფკავშირული რაკურსი ჩაუტარა პეტრიაშვილის უწყებამ.
თუმცა, ამ ყველაფრით კონკრეტულად ქუთაისში არაფერი იცვლება. რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის იმერთქალაქში გადაბარგების დრო და რაც მეტი მშენებლობა ჩაღდება, უფლებაშელახული ადამიანების რიცხვიც უფრო და უფრო იზრდება.
881
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85