დეპუტატებს ლატარიის კომპანიის მიმართ გარკვეული ეჭვები აღეძრათ. ეს ეჭვები ისევ და ისევ კეზერაშვილს უკავშირდება. ამიტომ პარლამენტმა, შესაძლოა, ლატარიის ორგანიზატორს ბიუჯეტში გადასახდელი თანხა აღარ შეუმციროს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა “ლატარიებისა და აზარტული თამაშების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტისთვის კენჭისყრის პროცედურის გადადება მოითხოვა. მისი თქმით, საკითხზე მთავრობასთან კონსულტაცია უნდა შედგეს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა პირმა სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის ჩატარებისას არანაკლებ რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20 პროცენტის ნაცვლად, 10 პროცენტი უნდა გადაიხადოს. ამ ცვლილების არგუმენტად პარლამენტში “ლატარიის კომპანიის” 70% წილის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას ასახელებდნენ. დეპუტატები კი ეჭვობენ, რომ მალე, შეიძლება, “ლატარიის კომპანია” ისევ მთლიანად კერძო საკუთრება გახდეს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მისგან შემცირებული გადასახადის მიღება მოუწევს.
ამის გამო, პარლამენტი მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგაც არ აპირებს, რომ “საქართველოს ფოსტისთვის” გადაცემულ “ლატარიის კომპანიას”, გადასახადები შეუმციროს. შესაბამისად, პარლამენტის სხდომაზე, კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს აღარ უყრიან და სავარაუდოდ, გადასახადის შემცირების საკითხი, დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნება. კონსულტაციების შემდეგ კი დღის წესრიგში, სავარაუდოდ, კანონპროექტის მეორე ნოვაცია დარჩება, რომლითაც “ლატარიის კომპანიას” მესამე პირზე უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობა მიეცემა.
ერთი სიტყვით, პარლამენტში შეეჭვდნენ, რომ კეზერაშვილი ასე იოლად შეელია უშრომელ ბიზნესს და გაუჩნდათ მოსაზრება, რომ კეზერა მიღებული შეღავათების შემდეგ კვლად შეეცდებოდა ლატარიების ბიზნესის ხელში ჩაგდებას. ეს საფუძველსმოკლებული მოსაზრება სულაც არ გახლავს, თუმცა თქმა იმისა, რომ თავდაცვის ექსმინისტრი რაიმეს ადვილად შეელია, ღიმილის მომგვრელია. საქმე ისაა, რომ კეზერაშვილმა ლატარიის კომპანია ხელისფლებას ნავთობპროდუქტების ბიზნესში გაუცვალა.
ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კეზერაშვილსა და მის პარტნიორებს შორის შედგა გარიგება - კეზერაშვილმა “ლატარიის კომპანია” დათმო, სამაგიეროდ, ხელისუფლება სანავთობო ბაზარზე “გალფის” გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
“სასათბურე” პირობებში მოქცეული “გალფის” სახელით ბაზარზე “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ოპერირებს. ამ კომპანიამ ელვის სისწრაფით შეიძინა ნავთობკომპანიების - “მაგნატის”, “სენტას” და “ეკო-ჯორჯია” ქსელი. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით 80-მდე ავტოგასამართ სადგურს ფლობს და სულ მალე მათ გაზრდას 140-მდე აპირებს.
რაც შეეხება, კეზერაშვილისა და ჩინოვნიკების გარიგებას. აგვისტოში “საქართველოს ლატარიის კომპანიის” 70%-იანი წილი 5-წლიანი მართვის უფლებით “საქართველოს ფოსტას” გადაეცა. “საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, “საქართველოს ლატარიის კომპანიის” მართვის უფლების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ინიციატორი თავად ფოსტა იყო.
სამართლებრივად, რამდენად ჰქონდა ფოსტას ამ ინიციატივის გამოჩენისა და რეალიზების უფლება, ხელისუფლებაში არ საუბრობენ. 2009 წელს კახა ბაინდურაშვილის ფინანსთა მინისტრობისას, ახლადშექმნილმა “ლატარიის კომპანიამ” ლატარიის გათამაშების 10-წლიანი ლიცენზია მოიპოვა.
პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ლატარიის კომპანიის” 100%-იანი წილის მფლობელი “ლექსორ კაპიტალ კორპ”-ია, რომელიც ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე გოგოხია იყო, ხოლო არაოფიციალურად ამ კომპანიის დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.
“ნავთობპროდუქტების შემოტანა და რეალიზება სააკაშვილის ოჯახის მიერ არის მონოპოლიზირებული. “გალფიც” სააკაშვილის კარისკაცის - დათო კეზერაშვილის ფრთებქვეშ არის მოქცეული. ნავთობის ბიზნესი მთლიანად მონოპოლიზებულია. ის მცირე ნაწილი, რომელიც დარჩენილია, მონოპოლისტები გადაყლაპავენ. ამიტომაცაა, რომ საქართველოში მენავთობეები დიდ მოგებაზე მუშაობენ. მაგალითად, სომხეთში ბენზინი, რომელიც საქართველოდან შედის 1,7ლარი ღირს, ანუ 50 თეთრით იაფი.
“გალფს” რომ სააკაშვილის კარისკაცი ლობირებს, ისიც ადასტურებს, რომ კომპანიის ბაზარზე ადაპტირება ძალიან სწრაფად მოხდა. საქართველოში კი ქონების ჩამორთმევა კარგად არის აპრობირებული. წვრილ მეწარმეებს ხელოვნურად უქმნიან ბარიერებს, რათა მათ საკუთარ ბიზნესზე უარი განაცხადონ”, - ამბობს “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა.
857
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85