გიორგი ფუტკარაძე, "რეზონანსი"
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში გამოჩენას 14 ოქტომბრიდან გეგმავს. ის საზოგადოებრივი მაუწყებლით ეთერს ითხოვს, რაზეც მაუწყებლის ხელმძღვანელობა თანხმობას გამოთქვამს, თუმცა კონკრეტულად "პირველი არხის" რომელ პოლიტიკურ თოქ-შოუში მიიღებს მონაწილეობას, უცნობია, რადგან ივანიშვილის წარმომადგენლებს მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებები არ დაუწყიათ.
ბიზნესმენის მიმართ, რომელიც მრავალი წელი დუმდა, ბევრი კითხვა არსებობს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი ან თუნდაც რამდენიმე ეთერით მის ირგვლივ არსებული კითხვები ვერ ამოიწურება.
რაც შეეხება ივანიშვილის მიერ უკვე გაცხადებულ მიზნებს, ზოგიერთი პოლიტოლოგი ამბობს, რომ მისი სავარაუდო თანამოაზრეების ინტელექტუალური პოტენციალი მის მიერ გაცხადებული სურვილებისა და ფინანსური შესაძლებლობების არაადეკვატურია.
ივანიშვილის პრესმდივნის, ირაკლი ტრიპოლსკის მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი 14 ოქტომბრიდან იქნება მზად, საზოგადოებრივ არხზე ნებისმიერ ფორმატში ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხოს.
"ივანიშვილის პირველმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. 12 ოქტომბერს ბატონი ბიძინა გაავრცელებს მიმართვას ქართველი საზოგადოებისადმი, რომელშიც ნათლად იქნება განმარტებული მისი დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ.
ბიძინა ივანიშვილი 14 ოქტომბრიდან მზად არის, საზოგადოებრივ არხზე ნებისმიერ ფორმატში ჟურნალისტთა შეკითხვებს პასუხი გასცეს", - ნათქვამია განცხადებაში.
დამატებით კომენტარებს ივანიშვილის პრესსამსახური ამ თემაზე ჯერჯერობით არ აკეთებს.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ხათუნა ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს "პირველი არხის" ეთერი აუცილებლად დაეთმობა.
"ჩვენ ვნახეთ მისი პრესსამსახურის განცხადება, რომ მზად არის, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ბუნებრივია, მზად ვართ, მას ეთერი დავუთმოთ.
"ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუს ფორმატი, რომელიც ამჟამად "პირველ არხზე" არსებობს და ასეთი სამია", - ამბობს ბერძენიშვილი, - "თუმცა, ჩვენ თანახმა ვართ, ეთერი დავუთმოთ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს და არა მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელს ან რომელიმე წარმომადგენელს. როგორც მას აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი, ასევე საზოგადოებას აინტერესებს, მისგან მოისმინოს პასუხები".
ხათუნა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე "პირველი არხი" ივანიშვილს სთავაზობს, რომელიმე პოლიტიკურ თოქ-შოუში მიიღოს მონაწილეობა და არა რაიმე ახალ ფორმატში.
"ახლა ის და ჩვენც უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ფორმატებით, რომელიც ამჟამად არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ბუნებრივია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისგან დასმული იქნება ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ აქვს", - ამბობს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, განცხადების გავრცელების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილის არც ერთი წარმომადგენელი არ დაკავშირებია და, შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
"ჩვენ მზად ვართ, ეთერი დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს", - ამბობს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა და ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას.
ივანიშვილის პრესსამსახურმა 4 ოქტომბერს ზოგადი ხასიათის განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ბიზნესმენი პარტიას ქმნიდა. უკვე 7 ოქტომბერს გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მისი გადაწყვეტილება "მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა" განაპირობა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ტელევიზიას, მათ შორის "მაესტროსა" და "კავკასიას", ხელისუფლება აკონტროლებს, თუმცა, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის, ზემოაღნიშნული ორი არხის ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ 2 წლის ვადით მას სამმაგ ფასად აღნიშნული არხები მიჰყიდონ, ხოლო 2 წლის შემდეგ კი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუბრუნებს მათ.
ამასთან, ივანიშვილი გეგმავს ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი (ტელევიზია, რადიო, გაზეთები, ინტერნეტგამოცემები). ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავისი ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო სამსახურიდან დაითხოვენ, მომავალი პოლიტიკური პარტიის შტაბში შესთავაზა ადგილი.
დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადებები პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ საუკუნის წინ შემოშავებულ მეთოდიკას ეყრდნობა. ის, რომ თანდათანობით, აღმავალი ხაზით გააძლიეროს მისი პროექტისადმი საზოგადოების ინტერესი, ეს არახალია.
"ეს ტექნოლოგია ცოტა მოძველებულიცაა. რაც შეეხება უშუალოდ განცხადებების შინაარსს, მისი სურვილი, უპასუხოს ყველა კითხვას, გადაჭარბებულია. ვერ უპასუხებს იმ კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ორ წელიწადში ქვეყნის აშენებას და ვის დაუტოვებს ქვეყანას. ორ წელიწადში როგორ აპირებს სამოქალაქო საზოგადოების შექმნასა და გაძლიერებას, რასაც სხვაგან საუკუნე დასჭირდა და, საერთოდ, როგორ აპირებს, დაარწმუნოს ურწმუნო თომად ქცეული საზოგადოება, რომელიც ასეთი დაპირებებით მაძღარია", - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებები პროფესიონალიზმით არ არის გაჯერებული; უფრო მეტიც, ეს დილეტანტიზმი და გასული საუკუნის დონის პოპულიზმია.
"თუ მან კონკრეტული მექანიზმები არ გამოაჩინა, სხვანაირად ეს იქნება მხოლოდ კეთილი სურვილები და სახარებაში წერია, თუ საით მიდის კეთილი სურვილებით მოკირწყლული გზა. ამასთან, მისი თანამოაზრეების ინტელექტუალური პოტენციალი მის მიერ გაცხადებული სურვილებისა და ფინანსური შესაძლებლობების არაადეკვატურია", - ამბობს ცინცაძე.
863
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85