ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პროკურატურა საქმეს მაქსიმალური ეფექტურობით გამოიძიებს.
„სახელმწიფოს დაუნდობელი ბრძოლა რომ აქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ. ეს ძალიან მსხვილი თანხაა, ძალიან საინტერესოა ყველა დეტალი და რა თქმა უნდა, პროკურატურა მაქსიმალური ეფექტურობით გამოიძიებს ამ საქმეს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.