თბილისი: საქართველოს მოლაპარაკებები რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე „მარცხით დასრულდა“

თბილისი: საქართველოს მოლაპარაკებები რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე „მარცხით დასრულდა“


თბილისი – შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე უკანასკნელი დაბრკოლების მოხსნა იყო, „მარცხით დასრულდა“, განაცხადა შაბათს ქართველმა ჩინოვნიკმა.

„მოლაპარაკებები მარცხით დასრულდა. შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“, – უთხრა AFP -ს შვეიცარიაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე დასწრების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ.

თბილისი რუსეთის მხარდაჭერილ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების საზღვრებთან საერთაშორისო მონიტორინგის დაწესებას მოითხოვს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს რეგიონები მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა საქართველო მათ თავისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილებად მიიჩნევს.

კაპანაძემ განაცხადა, რომ შვეიცარიის წინადადება, რაც მოიცავდა „საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ სავაჭრო დერეფნების მონიტორინგს“ თბილისმა გაიზიარა, მაგრამ რუსეთმა უარყო.

„თუკი რუსეთის პოზიცია არ შეიცვლება, მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის გამართვის აზრს ვერ ვხედავ“, – თქვა მან. მაგრამ დასძინა, რომ თუკი შვეიცარელი შუამავლები ჩათვლიან, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია „საქართველო მზადაა მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის“.

ყოფილი საბჭოთა საქართველოს მოთხოვნები, რომლებსაც ის აყენებს იმისთვის, რომ დაეთანხმოს რუსეთის ამ გლობალურ სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მოსკოვის ძალისხმევას გახდეს საბოლოოდ მსო-ს წევრი საფრთხეს უქმნის.

თავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ საქართველოს ახალი წევრის მიღების წინააღმდეგ ვეტოს გამოყენების უფლება აქვს და თბილისი ცდილობს მისი საერთაშორისო გავლენის შეზღუდული ბერკეტებიდან ამ ერთ-ერთის გამოყენებას მოსკოვთან გახანგრძლივებულ დავაში.

რუსეთი, რომელმაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 1993 წელს დაიწყო და უდიდესი ეკონომიკაა იმისთვის, რომ მსო-ს მიღმა დარჩეს, დიდი ხანია რაც გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებით უკმაყოფილოა.

ამ კვირაში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის საქართველოს უარს იყენებს იმის გასამართლებლად, რომ რუსეთი მსოფლიოს ამ მთავარ სავაჭრო კლუბში არ დაუშვას.

„მე კითხვა მაქვს: უნდათ თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებს რუსეთის მსო-ში გაწევრიანება თუ არა? არ არის საჭირო საქართველოს საკითხს ამოფარება, თუკი მათ ეს უნდათ, მაშინ ამას ძალიან სწრაფად გააკეთებენ“, – თქვა პუტინმა.

თუმცა, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და განაცხადა, რომ მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებას ვაშინგტონი მხარს უჭერს.

ორშაბათს, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილე იგორ შუვალოვთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენის ოფისმა განცხადება გამოსცა, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტმა „დაადასტურა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა“.

„ვიცე-პრეზიდენტი მხარს უჭერს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებულ დასრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

2008 წელს რუსების სამხედრო ჩარევის შემდეგ საქართველოში, შეერთებული შტატები მოსკოვის გაწევრიანების პროცესის დაბლოკვას შეეცადა, თუმცა ცივი ომის პერიოდის ამ ორ მოწინააღმდეგეს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს ხელისუფლებაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოვიდა.
Foreignpress.ge