რუსებს ცხინვალისა და სოხუმის ეკონომიკურ კრახზე მეტად, საქართველოსთან კონტრასტი აწუხებთ

რუსებს ცხინვალისა და სოხუმის ეკონომიკურ კრახზე მეტად, საქართველოსთან კონტრასტი აწუხებთ

[გეგა ბერიძე]
ნატოში რუსეთის ელჩის, დიმიტრი როგოზინის განცხადებით, „ალიანსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნებას ეკონომიკური ცდუნებით ცდილობს“. ცდუნება იქით იყოს და ვლადიმერ პუტინი მარტო 2011 წლისათვის აფხაზეთს და ოსეთს 9,8 მლრდ–ის კრედიტს დაპირდა. სოხუმში აფხაზეთისათვის 700-მილიონიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ექსპერტთა შეფასებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარების“ შემდეგ რუსეთის ბიუჯეტში ორი შავი ხვრელი გაჩნდა.

– ნატო-ს ქვეყნები საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური გზით დაბრუნებას ცდილობენ, – როგორც „იტარ-ტასი“ იუწყება, ამის შესახებ ალიანსში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.

როგოზინის თქმით, საქართველოში მასობრივი ეკონომიკური დახმარება მიედინება, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ამ რესპუბლიკების მოსახლეობის საცდუნებლად „ქართული კაპიტალიზმის ვიტრინა“ ააშენონ.

„ეს ძალიან სახიფათო ტენდენციებია, რამდენადაც, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები ამ რესპუბლიკების ეკონომიკის აღდგენის ამოცანას ვერ გაართმევენ თავს, საქართველოს მოსაზღვრე რაიონებთან ეკონომიკური დისბალანსი გაჩნდება. ამ დისბალანსს კი, საქართველოს წარმატებების და ამ სახელმწიფოების ჩავარდნის საილუსტრაციოდ პროპაგანდისტული მიზნებით აქტიურად გამოიყენებენ“, – აღნიშნავს როგოზინი.

მისივე განცხადებით, ამ ვითარებას კიდევ უფრო აღრმავებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ტოტალური ეკონომიკური ბლოკადა, ამ რესპუბლიკებს მხოლოდ რუსეთი ეხმარება.

„ალიანსი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მეტიც, ალიანსის ქვეყნები დიპლომატიური ზეწოლას ახორციელებენ სხვა სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთის ისტორიულ და უახლოეს მოკავშირეებზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღიარონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, – აცხადებს როგოზინი.

სანამ „ქართული კაპიტალიზმის ვიტრინა“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზების და ოსების „აქტიურ ცდუნებას“ დაიწყებს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 2011 წელს რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის დაახლოებით 10 მილიარდ რუსულ რუბლს გამოუყოფს. პუტინის თქმით, აღნიშნული თანხა ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად გამოიყოფა. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენ მომდევნო წლისათვის რეზერვში გვაქვს 6,8 მილიარდი რუსული რუბლი სამხრეთ ოსეთისათვის და 3 მილიარდ აფხაზეთისათვის. ამ თანხას ბიუჯეტში ჩავრთავთ, გთხოვთ, კოლეგებთან ერთად წარმოადგინოთ წინადადებები კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით“, – აცხადებს პუტინი.

სოხუმში სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის აფხაზეთისათვის 700 მილიონიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სეპარატისტთა მხრიდან აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა მინისტრმა ბესლან კუბრავამ, რუსული მხრიდან კი რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი პანკინმა მოაწერეს.

„700 მილიონიანი კრედიტი აფხაზეთის ეროვნული ბანკის კაპიტალიზაციისა და მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა 10 წლის ვადით და წლიური 2,5 % გადახდის ოდენობით“, – აცხადებს პანკინი.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, პირველი ტრანში 300 მილიონი რუბლის ოდენობით ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 15 დღის ვადაში გადმოირიცხება. მეორე ტრანში კი 400 მილიონი რუბლის ოდენობით რუსეთიდან გადმოირიცხება მას შემდეგ 15 დღის ვადაში რაც აფხაზური მხარე წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას იმის შესახებ, რომ მათ „რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მოდერნიზაციისათვის პირველადი ნაბიჯები გადადგეს“.

თანხა რუსული მხარის მიერ აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ ბანკში აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე გადაირიცხება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში კრემლის პოლიტიკას ღიად გმობს მოსკოვური ოპოზიცია, რომელიც დღეს სამწუხაროდ რუსული საზოგადოების აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენს. რუსული ოპოზიციური ძალები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები კრემლისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ სამშვიდობო აქცია აგვისტოს ომის ორის წლისთავთან დაკავშირებით გორში გამართეს.

ანდრე ნეკრასოვის და ოლეგ პამფილოვის შეფასებით, აგვისტოს ომით პუტინის რუსეთმა თავის რეალური სახე აჩვენა და დამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს.

„ორი წლის წინ ჩემმა ქვეყანამ პატარა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. სამწუხაროა, რომ ამას რუსული მედია მხოლოდ დღეს ხვდება. შედეგად მივიღეთ ევროპის რუკის ცვლილება. ასევე, სამწუხაროა, რომ მსოფლიო ამ ფაქტზე მკაფიო რეაგირებას არ ახდენს“, – აღნიშნა ნეკრასოვმა.

ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ რუსეთის ბიუჯეტში ორი შავი ხვრელი გაჩნდა.

„რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაში ძალიან ძვირი გადაიხადა. რუსული სლოგანი „ფასს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს“ აქაც გაამართლეს. კრემლმა დიდი ფასი გადაიხადა, საბოლოოდ კი ბიუჯეტში ორი შავი ხვრელი მიიღო. კერძოდ, აღიარების შემდეგ ცხინვალისა და სოხუმის შენახვა მთლიანად რუსეთს დააწვა“, – აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას ცინცაძე.

მისი შეფასებით, რუსეთს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება სამომავლოდ ახალი სახელმწიფოსგან აფხაზეთის და ცხინვალის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„ყოველი ახალი სახელმწიფო, ვინც ამ ტერიტორიების აღიარებას დააპირებს, რუსეთისგან ძალიან დიდ ფულს მოითხოვს. დღეს ყველამ იცის ვაჭრობა და როცა ნაურუს ამდენს გადაუხდი, მაშინ სხვა 10-ჯერ მეტს მოითხოვს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების კუთხით „კლიენტები“ ძალიან ცოტა არიან, მაგრამ ძალიან ხარბები“, - აღნიშნავს ცინცაძე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბიდან შემოიჭრა. ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რუსული საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას ითვალისწინებდა.

მიუხედავად ამისა, მოსკოვმა ხელშეკრულება რამდენიმე დღეშივე დარღვია და ახალგორის რაიონის ოკუპაცია მოახდინა. ამასთან, რუსმა ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვას, მათ შორის თბილისის არაერთი მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. ამავე წლის 26 სექტემბერს კი რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ორი წლის განმავლობაში კრემლს მხოლოდ ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ მიბაძეს.