ნურიელ რუბინის სახელი ვის არ გაუგია. სწორედ ამ განთქმულმა ეკონომისტმა იწინასწარმეტყველა 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, მისი წინასწარმეტყველება ახდა, თანაც, საინტერესო ის არის, რომ მაშინ რუბინიმ გლობალური კრიზისი განვითარების სცენარის მნიშვნელოვანი დეტალებიც კი გამოიცნო.
ამჯერად, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ახალი დამთრგუნველი დეტალები გააჟღერა. დოქტორმა ფატუმმა (Fatum – ძველ რომში ასე უწოდებდნენ ღვთაებებს, რომლების ადამიანის ბედს მისი დაბადებისთანავე განსაზღვრავდნენ), როგორც მას შეარქვეს, განაცხადა, რომ უკვე 2013 წელს მსოფლიო ეკონომიკას ახალი, ძლიერი კრიზისი ელის.
რუბინმა ის მიზეზებიც ჩამოთვალა, რაც ახალი კრიზისის საფუძველი გახდება. ესენი გახლავთ: ევროპაში არსებული რთული ვითარება, აშშ-ს ფინანსური არასტაბილურობა, იაპონიის სტაგნაცია და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება. საინტერესოა, რომ თავად პროფესორმა თავისი პროგნოზის გამართლების ალბათობა 35-40 პროცენტად შეაფასა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გახლავთ.
რუბინის თქმით, არასტაბილურობის ელემენტები სულ უფრო შესამჩნევი ხდება. სახელმწიფო და კერძო სექტორის ვალები იზრდება და დაძაბულობა მატულობს. ყველა ეს პრობლემა 2013 წლისათვის სრულიად მომწიფდება. პროფესორის აზრით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2011 წლის ბოლოსათვის შესამჩნევად შენელდება. ამას დაემატება ფინანსური სტიმულირების შემცირება და ინვესტორთა ნდობის მინიმუმამდე დასვლა. აქვე არ უნდა დავივიწყოთ მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე დიდი დანაკარგები და ამერიკული დოლარის, როგორც “უსაფრთხო აქტივის” მიმართ ნდობის ამაღლება. სხვათა შორის, დოლარზე მოთხოვნილების ზრდა უკვე მთელს მსოფლიოში შეინიშნება.
რუბინის აზრით, აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტს, რომლის ზრდა ალბათ მომავალშიც გაგრძელდება, შესაძლოა “ობლიგაციების ბაზარზე ბუნტი” მოჰყვეს. ევროპაში კი სახელმწიფოთა დავალიანებების რესტრუქტურიზაცია და მათი სერიოზული დახმარება ვერ ხერხდება. რუბინის თქმით, ევროპაში უკვე ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი უკონტროლო ეკონომიკური პროცესების დაწყება. გარდა ამისა, აუცილებელია იაპონიის რეცესიიდან გამოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კრიზისის გამწვავების კიდევ ერთი მიზეზი იქნება.
რუბინი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ჩინეთის ფაქტორს მოსალოდნელ კრიზისში. მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიო ეკონომიკის ლოკომოტივი იყო, ზრდის ტემპი, შესაძლოა, 2013 წლისათვის გვარიანად შენელდეს. ამის მიზეზი, ალბათ გახდება წარმოების ზედმეტად ზრდა, რის სტიმულირებასაც ქვეყნის მთავრობა სულ უფრო მონდონებით ახორციელებს. რუბინის აზრით, ჩინეთი ბოლო დროს ნაკლებ ყურადღებას უთმობს ექსპორტს და სულ უფრო ორიენტირებულია ძირითად კაპიტალში ინვესტირებაზე. შედეგად, მოსალოდნელია ეკონომიკის “გადაწვა” და საკრედიტო ლიკვიდურობის თვალსაზრისით პრობლემები, რასაც საბანკო სექტორის რყევა მოჰყვება. რუბინის თქმით, ჩინეთის მთავრობას აუცილებლად მართებს მოხმარების ზრდის ტემპის გაზრდაზე ზრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ეკონომიტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუბინის პროგნოზები სრულიად რეალურია. მეტიც, პესიმისტი ანალიტიკოსების აზრით, რეალობა, შესაძლოა, გაცილებით რთული იყოს, ვიდრე ეს რუბინმა იწინასწარმეტყველა და ახალი კრიზისი 2008 წლისაზე მძიმე აღმოჩნდეს.
ოპტიმისტები კი აღნიშნავენ, რომ რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ საქმე არც ისე რთულადაა, როგორც ამერიკელი პროფესორი პროგნოზირებს. თუმცა, ერთ რამეში ყველა თანხმდება: რუბინის მოსაზრებები ყურადსაღები და ანგარიშგასაწევია.
788
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85