ამერიკულმა ავიამშენებელმა კორპორაცია Boeing-მა დამკვეთს – იაპონურ ავიაკომპანია All Nippon Airways-ის პირველი B787 Dreamliner გადასცა, რომლის მიწოდებამ თითქმის სამი წელი დაიგვიანა. ახალი ლაინერი რეგულარული რეისების შესრულებას 26 ოქტომბრიდან შეუდგება. თუმცა, მომხდარი არ ნიშნავს, რომ ამიერიდან Dreamliner-ის მიწოდებები დროული და რეგულარული გახდება. ამისათვის Boeing-ს არაერთი სირთულის გადალახვა და “ოცნების ლაინერის” წარმოების გაფართოვება მოუწევს.
“ოცნების ლაინერს” შეუძლია 913 კილომეტრ საათში სისწრაფის განვითარება და 15,7 ათასი კილომეტრის მანძილზე ფრენა. მოდიფიკაციის მიხედვით, მას შეუძლია 210-დან 290 მგზავრამდე გადაიყვანოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ B787 Dreamliner თავისი კლასის თვითმფრინავებს ამ მონაცემებით სჯობს და თანაც მათზე 20 პროცენტით მსუბუქი და ეკონომიურია, იგი შეიძლება ტექნოლოგიურ გარღვევად ჩაითვალოს. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი ძრავების დაბალი ხმაურის დონე და პილოტის კაბინა, რომელიც მთლიანად მინისგანაა დამზადებული.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იაპონური კომპანიისათვის პირველი ლაინერის მიწოდებამ გვარიანად დაიგვიანა. თავდაპირველად ხელი თვითმფრინავის შემუშავებისას დაშვებულმა შეცდომებმა შეუშალა. შემდეგ თავი კომპანიის მენეჯმენტში არსებულმა გაურკვევლობებმა იჩინა. ასე რომ, ვადების თანდათანობით გადაწევა ხდებოდა. 2010 წელს ლაინერის საცდელი ფრენისას ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რაც, რა თქმა უნდა, აგრეთვე დიდი პრობლემა გახლდათ. თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გლობალური ეკონომიკური კრიზისიც.
არადა, 2004 წლის შემდეგ, როცა Boeing-მა Dreamliner-ზე შეკვეთების მიღება გამოაცხადა, 500-ზე მეტი ლაინერის მიწოდების მოთხოვნა მიიღო. ცხადია, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რომელიმე შემკვეთი ეგზომ დაგვიანების შემდეგ თავს არ შეიკავებს. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციის გამო ავიაკომპანიების შემოსავალი სულ უფრო მცირდება.
ლაინერის წარმოებაში ჩაშვების დაგვიანებამ გვარიანად შელახა ამერიკული კომპანიის რეპუტაცია. თუ ამას დამკვეთების დაკარგვა დაემატება, Boeing-ისათვის უდაოდ დიდი დარტყმა იქნება. ვალდებულებები რომ პირნათლად შეასრულოს, კომპანიამ Dreamliner-ის წარმოების ტემპი 2013 წლისათვის თვეში 10 თვითმფრინავამდე უნდა გაზარდოს. ამისათვის კი ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამ დროისათვის თვეში მხოლოდ 2,5 ლაინერის აწყობა ხერხდება.
ყველაფერთან ერთად Boeing-ს გვარიანად უშლის ხელს კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი. საქმე იმაშია, რომ Dreamliner-ის წარმოების დაწყება დაგეგმილი გახლდათ ორ ქარხანაში: ვაშინგტონის შტატის ქალაქ ევერეტში და სამხრეთ კაროლინას შტატ ვარლსტონში. მაგრამ მიმდინარე წლის აპრილში კომპანიის პროფკავშირებმა სასამართლოს მიმართა და Boeing-ის ხელმძღვანელობა მუშების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. სარჩელში აღნიშნულია, რომ კომპანიამ სამხრეთ კაროლინაში წარმოების გადატანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ამით სურდა დაესაჯა ვაშინგტონის შტატის მუშები 2008 წლის ხანგრძლივი გაფიცვისათვის. თუ Boeing საქმეს წააგებს, იძულებული გახდება, მეორე ქარხანაც ვაშინგტონის შტატში აამუშაოს.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, სამხრეთ კაროლინაში წარმოების მშენებლობა შეჩერებულია. ეს კი Dreamliner-ის, ამ მართლაც ტექნოლოგიური საოცრების მსოფლიოს ავიაკომპანიების ავიაფარეხში მომრავლებას ხელს ძალიან უშლის.
874
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85