ელზა წიკლაური ”რეზონანსი”
"მომხმარებლთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონი, შესაძლოა, გაუქმდეს, ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტი, რომელიც უკვე მოქმედი კანონის გაუქმებას ისახავს მიზნად, პარლამენტში უკვე შევიდა. როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა აღნიშნული კანონი გააუქმა, ისედაც დაუცველ მომხმარებლებს კიდევ უფრო დააზარალებს. მომხმარებელთთა ფედერაციაში კი თვლიან, რომ "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის გაუქმება ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციაზე უარის თქმის ტოლფასია.
ახალ კანონპროექტი, საქართველოს კოდექსი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შევიდა. თუმცა, ვინ არის აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი, არასამთავრობო სექტორისთვის დღემდე უცნობია. ცნობილია, რომ აღნიშნული კანონპროექტით "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის გაუქმებაა გათვალისწინებული.
კერძოდ, კანონპროექტის 102 მუხლში ვკითხულობთ: 1. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი: "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, "სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონი, "პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონი, "გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ".
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში თვლიან, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება სერიოზულად დააზიანებს მომხმარებელთა უფლებებს საქართველოში.
"ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტორები, რომ ახალი კოდექსის მიღებით გაუქმდება მომხმარებელთა ყველა უფლება, რაც მას დღეს ნაკლოვანი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში აქვს (ნაკლოვანი პროდუქტის შეკეთების, დაბრუნების, უნაკლოზე გადაცვლის უფლება და ა.შ.); ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში მომხმარებელს აღარ ექნება საქონლის შეძენიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი მსგავს საქონელზე გადაცვლის უფლება;
ახალი კოდექსით მეწარმეებს მათი პროდუქტით მომხმარებლისთვის მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ მაშინ, თუკი მომხმარებელი გარდაიცვალა, ფიზიკურად შეუძლოდაა ან მიადგა 300 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი (ანუ მომხმარებელთა ჯანმრთელობის გაუარესებაზე). აქედან გამომდინარე, 300 ლარზე ნაკლებ ქონებრივ ზარალზე მეწარმე პასუხისმგებელი აღარ იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სურსათის უვნებლობის პროდუქციის დირექტორმა ლია თოდუამ.
არადა კანონის მოქმედი რედაქციით მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერი ნაკლოვანი პროდუქტი შეცვალოს. კერძოდ, მე-16 მუხლში წერია, რომ "ნაკლოვანების მქონე საქონლის შეცვლა მომხმარებლის მიერ საქონლის ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს იგი, ხოლო გამყიდველის (დამამზადებლის) მიერ საქონლის ხარისხის დამატებითი შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში - მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში. თუ გამყიდველს, დამამზადებელს (მათი ფუნქციების შემსრულებელ საწარმოს) შესაბამისი მოთხოვნის წამოყენების მომენტში არ აღმოაჩნდა საჭირო საქონელი, მან უნდა შეცვალოს იგი 1 თვის ვადაში. საქონლის შეცვლისას საგარანტიო ვადა იანგარიშება მომხმარებლისათვის მისი ხელახლა გაცემის დღიდან".
"სიმართლე რომ გითხრათ, ამ კანონის გაუქმება უვიცობაა და მეტი არაფერი. გამორიცხული არ არის, რომ ეს გამიზნულადაც კეთდებოდეს. ჩვენ შევეცდებით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დავარწმუნოთ დეპუტატები, რომ ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე კანონპროექტის მიღება დაუშვებელია. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებებს. თუ არადა, შემდგომ უკვე ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ", - განაცხადა ლია თოდუამ.
"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის შესაძლო გაუქმებას არასამართლიანს უწოდებს მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტი მადონა კოიძე. მისი თქმით, ეს იმის ტოლფასია, რომ ქვეყანამ ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციაზე თქვას უარი.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოხმარებელთა უფლებებს იცავს გაეროს რეზოლუცია, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, ეს არის ზარალის ანაზღაურების უფლება, ჯანსაღი გარემოს არსებობის უფლება, ინფორმაციის უფლება, მოსმენის უფლება, რასაც მომხმარებლებს ვერავინ წაართმევს.
თუმცა კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", რაც საქართველოში არსებობს, რეალურად ძალიან სუსტია. იქ არის ერთადერთი მე-6 მუხლი, რომელიც ინფორმაციის მიღებას ეხება და რომელიც მეტ-ნაკლებად მუშაობს. სხვა მუხლი მომხმარებელს არ იცავს. კანონის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს შეიტანოს სასამართლოში სარჩელი და დაიცვას თავისი უფლება, მაგრამ თუკი მომხმარებელს უფლებები გამიჯნული არ ექნება, რა თქმა უნდა, ძალიან ქაოსური სიტუაცია შეიქმნება და ისედაც მოუწესრიგებელი სამომხმარებლო ბაზარი კიდევ უფრო მოუწესრიგებელი გახდება. ამ კანონის გაუქმება, ეს იგივეა, რაც ადამიანის უფლებებზე ან კონსტიტუციაზე უარის თქმა.
რაც შეეხება შედეგებს, თუ კანონი გაუქმდა საქართველოში მომხმარებელი კიდევ უფრო დაუცველი გახდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არაა თანაც, როდესაც დემოკრატიაზე გაქვს პრეტენზია. მომხმარებელთა უფლებები ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. თუ ეს უფლება დაცული არ იქნება, იქ ეკონომიკის ზრდაზე საუბარიც არ შეიძლება", - დასძინა მადონა კოიძემ.
1523
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85