მაკა ხარაზიშვილი "რეზონანსი'
"საქართველოს ლატარიის" თანამშრომლები ნავთობკომპანია "გალფში" დასაქმდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "გალფი" თავდაცვის ექსმინისტრის დავით კეზერაშვილის კომპანიაა. ლატარიის კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა დაგვიდასტურეს, რომ კომპანიის მენეჯმენტში დასაქმებული ადამიანების ნაწილი "გალფში" გადაიყვანეს. გარდა ამისა, "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს, კეზერაშვილსა და მის პარტნიორებს შორის შედგა გარიგება - კეზერაშვილმა "ლატარიის კომპანია" დათმო, სამაგიეროდ, ხელისუფლება სანავთობო ბაზარზე "გალფის" გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
ცნობილია, რომ "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" მფლობელის შეცვლის შემდეგ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიიდან კადრების უმეტესობა გაუშვეს, თანამშრომლების ნაწილი კი "გალფში" გადაიყვანეს სამუშაოდ.
"ნავთობპროდუქტების შემოტანა და რეალიზება სააკაშვილის ოჯახის მიერ არის მონოპოლიზებული. "გალფიც" სააკაშვილის კარისკაცის - დათო კეზერაშვილის ფრთებქვეშ არის მოქცეული. ნავთობის ბიზნესი მთლიანად მონოპოლიზებულია. ის მცირე ნაწილი, რომელიც დარჩენილია, მონოპოლისტები გადაყლაპავენ. ამიტომაცაა, რომ საქართველოში მენავთობეები დიდ მოგებაზე მუშაობენ. მაგალითად, სომხეთში ბენზინი, რომელიც საქართველოდან შედის 1,7 ლარი ღირს, ანუ 50 თეთრით იაფი.
"გალფს" რომ სააკაშვილის კარისკაცი ლობირებს, ისიც ადასტურებს, რომ კომპანიის ბაზარზე ადაპტირება ძალიან სწრაფად მოხდა. საქართველოში კი ქონების ჩამორთმევა კარგად არის აპრობირებული. წვრილ მეწარმეებს ხელოვნურად უქმნიან ბარიერებს, რათა მათ საკუთარ ბიზნესზე უარი განაცხადონ", - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა.
აღსანიშნავია, რომ მთელ თბილისსა და საქართველოს ბევრ რეგიონში არაბრენდირებულ ავტოგასამართი სადგურების მფლობელებს საქმიანობა აუკრძალეს. ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ "უსახურად" წოდებული ავტოგასამართი სადგურების მფლობელები საწვავის შეძენისას მომხმარებელს ატყუებდნენ. ზაფხულში რამდენიმე მათგანის მფლობელი დააპატიმრეს კიდეც. "რეზონანსის" ინფორმაციით, რეალურად ამ ავტოგასამართი სადგურების დახურვის მიზეზი არის ის, რომ მონოპოლისტ მენავთობეებს მათი ხელსაყრელ ფასად შეძენის შესაძლებლობა მიეცეთ, ვინაიდან ახალი ავტოგასამართი სადგურების ასაშენებლად ნებართვის მიღება საკმაოდ რთულია. ამ შემთხვევაში "სასათბურე" პირობებს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უქმნიან, რომელიც ბაზარზე "გალფის" ბრენდით ოპერირებს.
"რეზონანსი" უკვე წერდა, რომ "სან პეტროლიუმ ჯორჯიამ" ავტოგასამართი სადგურები "ჩამოართვა" ისეთ მსხვილ კომპანიასაც, როგორიც არის "ლუკოილი". კერძოდ, თბილისში რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, რომელიც "ლოკოილს" ჰქონდა იჯარით აღებული, ახლა "გალფის" ბრენდის ქვეშ გადავიდა.
"სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა თევზაძემ განაცხადა, რომ კომპანიის მიზანია ქსელის გაფართოება. კერძოდ, გეგმის მიხედვით 2012 წლის ბოლოს "გალფის" ბრენდის ქვეშ 140 ავტოგასამართი სადგური უნდა მოექცეს. თევზაძის თქმით, გარდა იმისა, რომ "სან პეტროლიუმ ჯორჯიამ" შეიძინა "მაგნატის", "სენტასა" და "ეკო ჯორჯიას" ავტოგასამართი სადგურების ქსელი, მათი მიზანია შეისყიდონ ან იჯარით აიღონ სხვა ავტოგასამართი სადგურებიც.
"გალფი" საქართველოში რამდენიმე თვის წინათ შემოვიდა და უკვე 120 ავტოგასამართ სადგურს ფლობს. არაოფიციალური ინფორმაციით, "გალფ ოილი" საქართველოში დავით კეზერაშვილმა შემოიყვანა, რომელმაც სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის შეფობისას ბენზინგასამართი სადგურების მფლობელების წინააღმდეგ (ბუნებრივია, ვისაც წონიანი ლობისტი არ ჰყავდა) ბევრი კომპრომატი დააგროვა და, შესაბამისად, მათი ხელში ჩაგდების სურვილიც გაუჩნდა.
რაც შეეხება, კეზერაშვილისა და ჩინოვნიკების მორიგ გარიგებას. აგვისტოში "საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი 5-წლიანი მართვის უფლებით "საქართველოს ფოსტას" გადაეცა. "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მართვის უფლების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ინიციატორი თავად ფოსტაა.
სამართლებრივად, რამდენად ჰქონდა ფოსტას ამ ინიციატივის გამოჩენისა და რეალიზების უფლება ხელისუფლებაში არ საუბრობენ. 2009 წელს კახა ბაინდურაშვილის ფინანსთა მინისტრობისას, ახლად შექმნილმა "ლატარიის კომპანიამ" ლატარიის გათამაშების 10-წლიანი ლიცენზია მოიპოვა. ექსპერტ თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, წილების გადანაწილება, რომელიც ავტორიტარულ ქვეყანას ახასიათებს, საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა. მისი თქმით, ამ პროცესს ეკონომიკასთან, კანონიერებასა და სამართალთან კავშირი არ აქვს.
"ჯერ ერთი, პრობლემაა ის, რომ "საქართველოს ლატარიის კომპანიის" სახით შეიქმნა მონოპოლიური ბიზნესი. მეორე - სახელმწიფო კომპანიების განკერძოება ხდება იმ მიზნით, რომ კერძო პირს მისი მართვა უკეთ შეუძლია, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. თანაც, "საქართველოს ფოსტა" არ არის ისეთი წარმატებული სტრუქტურა, რომ მას სამართავად ახალი აქტივები დაუმატონ. საქმე გვაქვს წილების გადანაწილებასთან, რომელიც ავტორიტარულ ქვეყანას ახასიათებს. ამ პროცესს ეკონომიკასთან, სამართალთან და კანონიერებასთან კავშირი არ აქვს", - ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.
"ლატარიის კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელი "ლექსორ კაპიტალ კორპ"-ია, რომელიც ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე გოგოხია იყო, ხოლო არაოფიციალურად ამ კომპანიის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ, ბოლო პერიოდში, "გალფის" გარდა სასათბურო პირობები, ლატარიის ბიზნესში გადართულ ფოსტასაც შეუქმნა. ლატარიებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურება, რომელშიც წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, დღგ-სგან გათავისუფლდა. გარდა ამისა, შემცირდა ლატარიის ბილეთების ექსპერტიზა-უტილიზაციისთვის დადგენილი მოსაკრებელი.
1078
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85