10-ლარიანი არაოფიციალური დანამატი ბაღებში

10-ლარიანი არაოფიციალური დანამატი ბაღებში


სახელმწიფო საბავშვო ბაღებში სხვადასხვა სასწავლო წრეებით სარგებლობის მსურველ მშობლებს გაზრდილ ოფიციალურ გადასახადთან ერთად, თანხის დამატებასაც სთხოვენ. მშობლებლთა განცხადებით, თითოეული წრის ღირებულება 10 ლარია.

«უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ბაღმა მუშაობა განაახლა.  ოფიციალური გადასახადი 75 ლარის ოდენობით განისაზღვრა. რომ მივედით, განრიგი ჯერ არ იყო გაკრული. ვიფიქრეთ, რომ ჯერ არ გარკვეულა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოფიციალური გადასახადის ფარგლებში ბავშვებისთვის მხოლოდ კვება და მუსიკის ხანმოკლე გაკვეთილი იყო გათვალისწინებული.

ადრე ბაღებში აერობიკის, მეტყველების, ცეკვის, მუსიკის, პირველადი უცხო ენის შესწავლისა და დრამატული წრეები მოქმედებდა. თითოეული წრით სარგებლობისთვის მშობლები 10 ლარს ვიხდიდით, თუმცა მოგვიანებით ბაღებში ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედებასთან დაკავშირებით წრეების პედაგოგები სამსახურიდან დაითხოვეს.

წლეულს, აღნიშნული სერვისების გაუქმების გამო, მშობლებმა უკმაყოფილება გამოვთქვით, ბაღის აღმზრდელმა კი განგვიცხადა, რომ წრეების მასწავლებლებს კვლავ იმ შემთხვევაში მიიწვევენ თუ მშობლები თითოეულ წრეში დამატებით 10 ლარს გადავიხდით», - განაცხადეს მშობლებმა.

საკრებულოს ოპოზიცია პერმანენტულ პროტესტს გამოვთქვამს თბილისის მერიის «ბაღური პოლიტიკის» მიმართ. «მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღება უსამართლო და არაადეკვატურია თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამასთანავე, მოვითხოვთ ყველა საბავშვო ბაგა-ბაღმა გააფორმოს სრულყოფილი ხელშეკრულებები მშობლებთან, სადაც დაცული იქნება ბავშვებისა და მშობლების ინტერესები, დეტალურად იქნება გაწერილი პროგრამა და მომსახურების სახეები, რომელსაც მიიღებენ ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, ისევე როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელი თანხის ოდენობა.

ჯერ კიდევ პრობლემურია საბავშვო ბაღებში შემოღებული გადასახადების საკითხი, ვინაიდან მშობლებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებში არსად არის მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობა. სამაგიეროდ, არის ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი ჩანაწერი «წინასწარ გადაიხადოს მომავალი თვის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა, ინვოისში მითითებულ ვადებში», - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოდგენს მომსახურება, რომელსაც იღებენ ბავშვები ბაღებში. ხელშეკრულებაში არსად არის მითითებული, რა ტიპის მომსახურება არის გათვალისწინებული და კვების გარდა რას ფარავს აღნიშნული გადასახადი.

«ფასიანი მომსახურების შემოღების დროს ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ბავშვებს შეუნარჩუნდებოდათ და უფრო მეტიც, ყველა ბავშვს გაუთანაბრდებოდა მომსახურება, რომლითაც მანამდე მხოლოდ ის ბავშვები სარგებლობდნენ, ვინც წრეებში დამატებით თანხას იხდიდნენ. 

სამწუხაროდ, ეს დაპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა სიცრუე, ვინაიდან ბაღების უმრავლესობაში საერთოდ გაუქმდა დამატებითი წრეები, დაითხოვეს პედაგოგები და ბავშვებს აღარ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ, ცეკვის, სიმღერის, აერობიკის, მეტყველების კულტურის ან პირველადი უცხო ენის შემსწავლელი პროგრამებით», - მშობლების კვალდაკვალ კონკრეტულ პრობლემებს ასახელებს ხიდაშელი.

ბაღებში დამატებითი გადასახადების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სააგენტო «პირველმა» საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში სცადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღების მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული მართვის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს - თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ ჰყავს და ნებისმიერი საკითხის გასარკვევად ხელს თბილისის მერიის პრესსამსახურისკენ იშვერს.

თავის მხრივ, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში ოფიციალური გადასახადის გარდა, მშობლებმა სხვა არანაირი დამატებითი თანხა არ უნდა გადაიხადონ.

«საბავშვო ბაღებისთვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად სწავლების ახალი მეთოდოლოგია შემუშავდა. ადრე არსებული წრეები გაუქმდა, რადგან ისინი სტანდარტს ზემოთ სწავლებას მოიცავდნენ.  გაუქმდა მათ შორის ინგლისური ენის სწავლებაც, რადგან სპეციალისტების განცხადებით, უცხო ენის სწავლების ბაღის ასაკში დაწყება ბავშვების ფსიქიკის განვითარებას აფერხებს. ახალ მეთოდოლოგიაში კი ბავშვისთვის აუცილებელი ყველა მომსახურეობა შევიდა», - განაცხადეს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ თუ რომელიმე ბაღის დირექტორი მშობლებისგან დამატებით თანხას მოითხოვს, ეს კანონდარღვევაა და ისინი აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან.