გარევაჭრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუნდობელი ბრძოლა მერამდენედ გამოუცხადეს, ძნელი დასათვლელია. ახლა ამ პროცესმა საკანონმდებლო დონეზე გადაინაცვლა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებაც მუყაითად მუშაობს “პრობლემის აღმოსაფხვრელად”.
საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” და გარემოვაჭრეები პარლამენტიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტის გაწვევას ითხოვენ. საუბარია ცვლილებებზე, რომლებითაც გარემოვაჭრეთა მიმართ სახელმწიფოს მიდგომა მკაცრდება. ფრაქციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ საკითხზე გარემოვაჭრეთა ლიგის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერს, კონსერვატიული პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილს პარლამენტში შეხვდა. მისი განცხადებით, კანონში ბარბაროსული ცვლილებები შედის, რომელსაც ხელისუფლება არასასურველი ადამიანების დისკრიმინაციისათვის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენებს.
“კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილებით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობად ის გარემოება იქნება მიჩნეული, როცა გარემოვაჭრე მას პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ვერ წარუდგენს. ეს იმის საფუძველი გახდება, რომ პოლიციის თანამშრომელმა შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმი დაწეროს, გარემოვაჭრეს ადმინისტრაციული წესით დაუმორჩილებლობაში დასდოს ბრალი და საქმე განსახილველად სასამართლოში გადაგზავნოს. აღნიშნული მუხლი კი როგორც ფულად სანქციას, ისე 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ეს
ყოვლად წარმოუდგენელი დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან გარემოვაჭრეს კონკრეტული მომენტისათვის, შესაძლოა, პირადობის მოწმობა თან მართლაც არ ჰქონდეს”, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, “ერთობა სამართლიანობისათვის” შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის უკან გამოსაწვევად ყველაფერს გააკეთებს.
ანალოგიური მოთხოვნა აქვთ გარემოვაჭრეებსა და ლაშა ჩხარტიშვილსაც. როგორც ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ბოლომდე გაგრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ პარლამენტმა გარემოვაჭრეთა არა დევნის, არამედ ცივილიზებული გარე ვაჭრობის დასამკვიდრებელი კანონი მიიღოს.
ჩხარტიშვილმა ხაზი იმ გარემოებასაც გაუსვა, რომ გარე ვაჭრობის მარეგულირებელი აქტი დღემდე არ არსებობს. იგი თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ამ საკითხს სხდომის დღის წესრიგში შეიტანს, მასზე დასასწრებად და პროექტის მხარდასაჭერად მზადყოფნას “ერთობა სამართლიანობისათვის” გამოთქვამს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კოდექსის პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. სააგენტო “მედიანიუსის” ინფორმაციით, მისი მეორე მოსმენით კენჭისყრა 30 სექტემბრის სხდომაზე იგეგმებოდა, მაგრამ ეს პროცედურა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
მართალია, გარე ვაჭრობასთან ბრძოლა უკვე პარლამენტში მიმდინარეობს, მაგრამ არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან უქმად. მაგალითად, ქუთაისში გარე მოვაჭრეებს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. იმერთქალაქში რამდენიმე თვის შემდეგ პარლამენტი გადაბარგდება, დეპუტატებს კი შინ და გარეთ სრული კომფორტი სჭირდებათ. ასე რომ, საქართველოს “მეორე დედაქალაქში” გარემოვაჭრეების ადგილი არ არის.
რამედნიმე კვირის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც აკრძალა ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობა. მოვაჭრეებს დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა ხელწერილები ჩამოართვეს, რომ ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში, დააჯარიმებენ.
დუშეთის საკრებულოში განაცხადეს, რომ ქალაქის ქუჩებში და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების საქმიანობამ პიკს მიაღწია, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. “მათ საქმიანობის მოსდევს ანტისანიტარია, ფეხით მოსიარულეთა შეფერხება, ასევე საავარიო სიტუაციების შექმნა. უკანონო გარე ვაჭრობა, ასევე იწვევს აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა უკმაყოფილებას, რომლებიც ჯეროვანი წესრიგის დამყარების მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარებას მოითხოვდნენ”, - განმარტეს საკრებულოში.
სიღნაღში კი ჯერჯერობით მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა აიკრძალა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით გარე ვაჭრობის აკრძალვის დადგენილება ადგილობრივმა საკრებულომ უკვე მიიღო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში ვაჭრობა იქნება მიჩნეული. განისაზღვრა ასევე იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რითაც გარე ვაჭრობა იქნება დასაშვები. მათ რიცხვში ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები, ასევე ყვავილები შედის. ამასთან, სიღნაღის საკრებულომ გარევაჭრობის საათები - 05:00-დან 24:00 სთ-მდე დაადგინა.
1156
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85