უკვე ნათელია, რომ რუსეთი მინიმუმ 1 წელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიენების საწადელს ვერ აისრულებს. ამას პირდაპირ აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. კრემლში კი, პირიქით, ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნების პერიოდს ამცირებენ და ამჯერად 3 თვეზე ჩამოვიდნენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ორივე მხარემ გარკვეული ვადების დასახელება დაიწყო.
7-8 ოქტომბერს რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი რაუნდის გამართვა იგეგმება. ქართული მხრიდან დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. სანამ უშუალოდ დელეგაციის მონაწილეები კომენტარებს გააკეთებენ, მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის პოზიციას აფიქსირებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას თქმით, საქართველოს დელეგაციას პრინციპული პოზიცია გააჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“რუსეთის ხისტი პოზიციის ცვლილებებს არ ველით, თუმცა ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. თუ ეს ვერ შედგა, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რბილად რომ ვთქვათ, არ შევუწყოთ ხელი რუსეთის გაწევრიანების საკითხის გადაჭრას მოლაპარაკებების ამ რაუნდზე. უკეთეს შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ დიალოგმა მომავალ წელს გადაინაცვლოს”, _ განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, ეს შეხვედრა, შესაძლოა, აღნიშნულ ფორმატში ბოლო შეხვედრა იყოს.
ამასობაში კი კრემლის ჩინოვნიკები ქართულ მხარეს 2-3 დღეში ერთხელ თავის მოსაქონ მესიჯებს უგზავნიან, რათა მოლაპარაკების ფორმატი თავისთვის ხელსაყრელ ფორმატში წარმართონ. მოსკოვური შეტყობინებები ისევ და ისევ ტრადიციულ საკითხს - ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უკავშირდება.
რუსეთის ხელმარჯვე სანიტარი გენადი ონიშჩენკო ცალყბად აცხადებს, რომ ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე, შესაძლოა, წლის ბოლომდე დაბრუნდეს. “პრინციპში, ამისთვის კიდევ უფრო ნაკლები დრო არის საჭირო. ყველაფერი ქართველი მწარმოებლების მზადყოფნაზეა დამოკიდებული. ამ დღეებში “როსპოტრებნაზორში” ქართული ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქართული ბიზნესის ინიციატივით შედგა. დაზუსტებულ იქნა ქართული პროდუქციის ნორმალური დაბრუნებისთვის აუცილებელი ყველა პარამეტრიც. რა თქმა უნდა, მთავარი წინაპირობა პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით რუსული კანონმდებლობის დაცვაა”, _ განაცხადა ონიშენკომ.
მისივე თქმით, “მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ისტერიული განცხადებებისა, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და “ბორჯომის” დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს და ეს ქართული ბიზნესის ძალისხმევით ხდება, რომელიც აცნობიერებს, რომ რუსული ბაზრის გარეშე ამ მიმართულებების განვითარება შეუძლებელია”.
თუკი ქართული პროდუქციის ცივ ჩრდილოეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მანიპულაციები პიკს აღწევს, შედარებით დალაგებულია ვითარება ავიაციის კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ ორ ქვეყანას საჰაერო მიმოსვლის კუთხით ვითარება თითქმის მოგვარებულია. უკვე 1 წელია ქართული ავიაკომპანია “აირზენა” და რუსული “სიბირი” ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის ფრენენ და ამ ავიაკომპანიებს დრო და დრო ავიამიმოსვლის ვადა უხანგრძლივდება. ახლაც “აირზენასა” და “სიბირს” ფრენის უფლება წლის ბოლომდე გაუგრძელდა. ამასწინათ მიცემული შესაბამისი ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში ამოიწურა და მორიგი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 2011 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ავიამიმოსვლა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის გამო შეწყდა. ფრენა 2010 წლის აგვისტოში განახლდა. “აირზენას” და “სიბირს” ჩარტერული ავიარეისების შესრულებისათვის ნებართვა თავდაპირველად გასული წლის ოქტომბრის ბოლომდე მიეცათ, შემდეგ კი ეს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდათ.
როგორც ცნობილია, “აირზენა” მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისების შესრულებაც დაიწყო, რომელიც კვირაში ორჯერ სრულდება. 6 აგვისტოდან კი “სიბირმა” მოსკოვსა და ქუთაისს შორის მიმოსვლა აღადგინა. ავიარეისები შაბათობით სრულდება.
888
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85