ხელისუფლება დიდი ხანია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. არჩენებისთვის კი მთავარი ფულია, ფული - ბიუჯეტია, ბიუჯეტი კი - უძირო ქვევრია, სადაც თანხები არჩევენების მოსაგებად იყრება. მომავალი წლის “უძირო ქვევრში” გაცილებით მეტი თანხა ჩაიყრება, ვიდრე ოდესმე.
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 623 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 323 მილიონით აღემატება წლევანდელ მაჩვენებლებს. არ იცვლება პრიორიტეტები - ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა. ექსპერტების განცხადებით, წინასაარჩევნოდ გაიზრდება ტრანსფერები და, შესაბამისად, თვითმმართველობების ბიუჯეტები, ხოლო ამ ბიუჯეტში (როგორც არჩევნებისთვის ხდება ხოლმე) გაორმაგდება არაფინანსური აქტივების მაჩვენებელი. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებამ თვითმმართველობების ბიუჯეტის პროგრამულ სისტემაზე გადაყვანა კიდევ ერთი წლით გადაწია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, გაისად ეკონომიკური ზრდა 5,5%-ზე ივარაუდება. გუშინდელი ბიუროს სხდომაზე ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი არ დაუსახელებიათ, თუმცა მელიქიშვილის თქმით, ინფლაცია დაბალი იქნება. მთლიანი შიგა პროდუქტი მომავალი წლისთვის 26 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
“იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელიც განვახორციელეთ, ჩვენ უკვე გადავედით პროგრამულ ბიუჯეტზე. რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. ძირითადი პრიორიტეტები ისევ ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება. სერიოზული პროექტები განხორციელდება, ასევე აგროსექტორშიც”, - აღნიშნა მელიქიშვილმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის ინფორმაციით, თუკი 2010 წელს საბიუჯეტო დეფიციტი იყო 6,6%, უკვე 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში საბიუჯეტო დეფიციტი შემცირებულია 3,6%-მდე და მომავალ წლებში დეფიციტის შემცირება კვლავ გაგრძელდება.
“მიუხედავად იმ პროცესებისა, რომელსაც თვალს ვადევნებთ, მთელ მსოფლიოში მძვინვარებს კრიზისი და ვხედავთ მის ნეგატიურ გავლენებს სხვადასხვა ქვეყნებზე, საქართველოს მთავრობის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია. მთავრობა გეგმავს, რომ 2012 წლის ბიუჯეტი 323 მლნ ლარით გაზარდოს. 2012 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 7 მლრდ 623 მლნ ლარით იქნება განსაზღვრული. იგეგმება, რომ მშპ-ს ზრდა 5,5%-ის ფარგლებში იყოს.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტით არის ახალი წესით შედგენილი და იგი პროგრამული ბიუჯეტია. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ თითოეული ციფრის უკან იქნება ახსნა-განმარტებები, იმ პროექტების თაობაზე, რომლის განხორციელებასაც მთავრობა აპირებს, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება”, - ამბობს გია ხუროშვილი.
საბიუჯეტო პრიორიტეტები კვლავ უცვლელია. “მთავრობა თვალს უსწორებს რეალობას და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაწყებულია და ხორციელდება საქართველოს დედაქალაქში და ასევე ცალკეულ რეგიონებში. მთავრობა განახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. პრიორიტეტია ის, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ისარგებლოს ჯანდაცვის სერვისებით”, - აღნიშნა ხუროშვილმა.
2012 წლიდან მოსალოდნელია საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა. პროგნოზული გათვლებით, 2012-15 წლებში ექსპორტის ზრდის ტემპები გადააჭარბებს იმპორტის ზრდის ტემპებს და 2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო სალდო მნიშვნელოვან შემცირებას დაიწყებს. პროგნოზული შეფასებებით, 2012-15 წლებისათვის სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ცვლილება 6-7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ პერიოდში მოსალოდნელია უმუშევრობის დონის შემცირება, თუმცა რამდენი პროცენტით, ეს უცნობია. მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს, რომ უმუშევრობა, ძირითადად, ეკონომიკური ზრდის ხარჯზე შემცირდება.
2012 წლის ბიუჯეტს გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთელის განმარტებითი, ქვეყანას პირველად აქვს სრულად პროგრამული ბიუჯეტი. მისი თქმით, პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა ეტაპობრივად ხდებოდა და 2012 წლის ბიუჯეტი კი სრულად პროგრამული კლასიფიკაციითაა შედგენილი.
საპარლამენტო ფრაქციის “ერთობა სამართლიანობისათვის” თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოსახლეობის მოსყიდვისკენ იქნება მიმართული. მართალია, მას პროექტი არ უნახავს და ვერ იტყვის, თუ რის ხარჯზე იზრდება იგი 323 მილიონი ლარით, მაგრამ სჯერა, რომ ის თავიდან ბოლომდე მომავალ საარჩევნო წელზე იქნება ორიენტირებული.
“დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვექნება. მასში უამრავი თანხა ჩაიდება იმ სამთავრობო პროგრამების დასაფინანსებლად, რომლებიც ხალხის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მოსყიდვას მოხმარდება. ხელისუფლება ასობით მილიონ ლარს დააბანდებს, რომ ასეთი პოპულისტური სამთავრობო პროგრამები განახორციელოს”, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა, რომლის ვარაუდითაც, 323 მილიონი ლარიდან ლომის წილი სწორედ სოციალური პრორამების დაფინანსებისკენ წარიმართება.
დეპუტატის განცხადებით, ბიუჯეტი “შავი ხვრელების” ხარჯზე იზრდება ხოლმე, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები იფლანგება. მისი ხარჯვის კონტროლი კი ქვეყანაში, მათ შორის, პარლამენტში, შესუსტებულია.
“გვაქვს შესაბამისი დაწესებულება კონტროლის პალატის სახით, მაგრამ ეს არასაკმარისია იმისათვის, რომ მთავრობა გავაკონტროლოთ”, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
805
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85