პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მეთოდებით შეშფოთებულია.
„ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება კანონის უზენაესობა. ევროპული ორიენტაცია და საქართველოს განვითარება არ არის ზოგადი კატეგორია, ეს ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს, კრიტერიუმები კი პირველ რიგში მოქალაქეების უფლებების პატივისცემაში, ყველა დონეზე კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ინსტიტუტების პატივისცემაში მდგომარეობს" ,- განაცხადა სააკაშვილმა დღეს საღამოს გაკეთებულ საგანგებო მიმართვაში.
მისივე შეფასებით, შეიარღებული ძალების მაღალჩინოსნების დაკავება არ შეესაბამებოდა არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას.
„წინასაარჩევნოდ გვესმოდა დადანაშაულება იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გააჩაღა ომი, სამწუხაროდ, ეს მოვისმინეთ არჩევნების შემდეგაც. დღეს დილით კი მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი სხვა პირებთან ერთად დაკავებულია ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას, არც შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში"- განაცხადა პრეზიდენტთან.
ამასთან, სააკაშვილის განმარტებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც კანონი უნდა იყოს დაცული. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი მოვლენები საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
„არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა რეალური შანსი ნატოში ინტეგრაციის კუთხით წარმატებას მიგვეღწია. დღევანდელი მოვლენები ნამდვილად არ გვეხმარება ყველაფერ ამაში - სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის და არ შეიძლება ეს მიხაროდეს. ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ შურისძიებაზე, ბოღმაზე მაღლა და შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანური ლაპარაკი, დაე, ნუ დავეთანხმებით ერთმანეთს" - აღნიშნა მან.