სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პირობას იძლევა, რომ შემოდგომიდან ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლა განახლდება. სურსათის ეროვნული სააგენტოში კი აცხადებენ,რომ გაზაფხულამდე არაფერი იგეგმება. გამოდის, რომ ან მინისტრი იტყუება, ან სააგენტოს ხელმძღვანელობა. სინამდვილეში კი მოტყუებული რჩება გლეხი, რომელსაც თეთრი პეპელა სიმწრით მიღებულ მოსავალს უნადგურებს.
ამერიკული პეპლის პრობლემით აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი დაინტერესდა და აღნიშნა, რომ პეპელამ მთელი დასავლეთ საქართველო შეჭამა. მინისტრის განცხადებით კი,ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლა ჭარბი ნალექის გამო შეფერხდა.
კვეზერელის თქმით, შეწამვლისას ხდება თერმული ნისლის გაფრქვევა, რომელიც ნალექის გამო სუსტდება. მინისტრის განცხადებით, ამერიკულ თეთრ პეპელასთან ბრძოლა შემოდგომით უნდა დაიწყოს და სამინისტრო განახლებული ძალებით შეუდგება ამ მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოების ჩატარებას.
კვეზერელმა ამ მცირე მონაკვეთში დეპუტატებს რამდენიმე არასწორი ინფომარცია მიაწოდა. ჯერ ერთი, რომ უკვე შემოდგომაა და თუკი სამინისტრო პეპელასთან ბრძოლას აპირებს, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს, რადგან მალე აცივდება, წვიმების სეზონი დადგება და შეწამვლას აზრი არ ექნება. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ,რომ შემოდგომით თეთრ პეპელასთან ბრძოლა უშედეგოა და სამსახური არც აპირებს ამ მხრივ გააქტიურებას. ამერიკულ მავნებელთან ბრძოლა მხოლოდ გაზაფხულზეა ეფექტური და ამიტომაც რამდენიმე თვით შეწამვლითი სამუშაოები შეჩერებულია.
“ახლა ამერიკულ პეპელასთან ბრძოლა უაზრობაა. ამჟამად მავნებელი ისეთ ფაზაშია, როდესაც წამლობა არ ხდება. ამ პერიოდში, მავნებელი წყვეტს ჭამას და ემზადება დასაჭუპრებლად. პრეპარატი, რომლითაც წამლობა ხორციელდება, არის კონტაქტური და ნაწლავური მოქმედების, იგი მავნებელს ან კანზე უნდა მოხვდეს, ან მოწამლული ფოთოლი შეჭამოს. ვინაიდან ახლა მატლი ბუსუსით არის დაფარული, წამლობა არაეფექტურია”, - აცხადებს პრესასთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვერიკო გულუა.
მისი თქმით, სურსათის ეროვნულმა სამსახურმა 20 ათასი ჰექტარი დაზიანებული ტერიტორია დაამუშავა, სკვერები, ტრასისპირას არსებული ნარგავები და სხვა. გულუა აღნიშნავს, რომ საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებას სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს. “საქმე ისაა, რომ არსებული კლიმატური პირობების ფონზე მავნებლების კიდევ ერთი თაობა გაჩნდა. არადა, 5 სექტემბრისთვის პეპლები უკვე დაჭუპრებულები იყვნენ”, - ამბობს გულუა.
მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ მოსახლეობამ ადრეულ გაზაფხულზე, სანამ პეპელა ჭუპრიდან გამოვა, დაზიანებული ტოტი მოტეხოს და დაწვას. “ამ ღონისძიების გატარებით ძალიან ბევრი ტერიტორია დაზიანებას გადარჩება. მექანიკური ღონისძიების გატარება ყველაზე ეფექტურია, ჩვენ ეს ინფორმაცია მოსახლეობას რამდენჯერმე მივაწოდეთ ბუკლეტებისა და სატელევიზიო გადაცემების სახით. გაზაფხულზე მათი ინფორმირების კამპანიას ისევ დავიწყებთ”, - ამბობს გულუა.
სანამ დეპუტატები და მინისტრი პარლამენტში ენამზეობენ, ამასობაში მავნებელი მოსახლეობას მოსავალს უნადგურებს.გლეხების თქმით, პეპელამ სიმინდის გარკვეული ფართობებიც დააზიანა, გაანადგურა ხილი, ბოსტნეული, მოხვდა სამელ წყალში(ჭებში). მოსახლეობის განცხადებით, ისინი უკავშირდებიან სურსათის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლობებს, მაგრამ იქ პასუხობენ, რომ წამალი არ აქვთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების შეწამვლას არ ითვალისწინებს, ანუ მავნებლებს მოსახლეობა საკუთარი ხარჯით უნდა ებრძოლოს. თუმცა,გურული გლეხების თქმით, შესაბამისი პრეპარატების შოვნა გართულებულია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის რწმუნებულის, ჟიფო ცინცაძის თქმით, სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის სამსახურის ჩოხატაურის განყოფილების უფროსს, ლევან კეკელიძეს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით რამდენჯერმე დაურეკა, თუმცა უარი მიიღო.
ამერიკული პეპელა აზიანებს 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს,უმთავრესად თუთის ხესა და ხეხილს, მუხლუხო ღრღნის, შემდეგ კი მთლიანად ჭამს ფოთოლს, ხოლო ტოტებზე აბლაბუდას აბამს. ამერიკული თეთრი პეპელა წელიწადში იძლევა ორ თაობას.
920
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85