ორი კვირის წინ ლონდონის პოლიციამ ძალზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: არასანქცირებული ოპერაციების შედეგად შვეიცარული ბანკის UBS-ის საინვესტიციო განყოფილებამ 1,3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (2 მილიარდი დოლარი) დაკარგა. მალე სკოტლენდ იარდმა დააკავა 31 წლის ტრეიდერი კვეკუ ადობოლი.
ტრეიდერზე, რომელსაც უკვე შეარქვეს ახალი ჟერომ კერველი (სოშიეტე ჟენერალე-ს თანამშრომელი, რომელმაც 5 მილიარდი ევრო მიითვისა), ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. გარკვა, რომ მისი მშობლები წარმოშობით განიდან არიან, თანაც, მამა თავის დროზე გაეროში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობდა. ადობოლი ინგლისში სწავლობდა, UBS-ში 5 წელი იმუშავა და ფოტოხელოვნებით გახლავთ გატაცებული. აი, სულ ეს არის, რისი ამოქექვაც პრესამ მოახერხა. საერთოდ, ადობოლიზე ისე წერენ, თითქოს იგი სერიული მკვლელი ან მანიაკი იყოს.
UBS-ის საიტზე კი გავრცელდა მოკრძალებული კომენტარი: ფინანსური განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლის მოქმედების შედეგად ბანკმა დაკარგა 2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა. კლიენტთა აქტივები არ დაზარალებულა, დანაკარგი ნეგატიურად მხოლოდ ბანკის კვარტალურ ანგარიშზე აისახება. როგორც ხედავთ, არავინ ამბობს, რა მექანიზმებით და როგორ იქნა ეს ამოდენა თანხა მითვისებული. ან კიდევ, რაში გამოიყენა იგი დამნაშავემ.
ყოვლისმცოდნე ჟურნალისტები სხვადასხვა ვერსიებს ვარაუდობენ: ერთი ვერსიით, ადობოლი შვეიცარული ფრანკის კურსის ცვალებადობაზე თამაშობდა და დიდძალი წაგება ნახა. ამიტომაც გადაწყვიტა სარისკო ოპერაციები წამოეწყო და ფული მიეთვისებინა.
მეორე, უფრო მარტივი ვერსია კი ამგვარი გახლავთ: ტრეიდერმა ისარგებლა არსებული რთული ფინანსური ვითარებით და დიდძალი ფული მიითვისა. ამით მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რისკების მონიტორინგის შიდა სისტემის მექანიზმის უსუსურობას.
დრო ადობოლის მართლაც რომ მშვეიერი დაუდგა. ფინანსური ინსტიტუტები ჯერ 2008 წლის კრიზისის შედეგებიდან არ გამორკვეულან და უკვე ახალის დაწყების სუნი დგას. თანაც, სწორედ ევროპაშია განსაკუთრებით რთული ვითარება და ბებერი კონტინენტის ბანკებს ძალიან უჭირთ. UBS-ის თითქოს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები არ ჰქონდათ, მაგრამ ამ სკანდალის შემდეგ მისი რეიტინგის დაწევაზე ალაპარაკდნენ. თანაც, ადობოლის აფიორამ გავლენა მოახდინა ბანკის ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე და UBS-ის კაპიტალიზაცია 6,3 მილიარდი დოლარით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ეს სკანდალი ბოლო სამ წელში მესამეა, რომელშიც UBS გაეხვა. 2008 წელს ბანკმა, რომელიც კრედიტების მართვის მხრივ მსოფლიოში მეორედ ითვლება, 17 მილიარდი დოლარის ოდენობის წაგება ნახა და გაკოტრებას მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მიცემული კრედიტით გადაურჩა. მალე UBS იმ შვეიცარული ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც აშშ-ს მთავრობამ კლიენტთა მიერ გადასახადების დაფარვის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. შედეგად, ბანკმა 780 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს UBშ-იმ მასშტაბური შემცირებები დაიწყო და თითქმის თანამშრომელთა 5 პროცენტი, დაახლოებით 3500 ადამიანი გაანთავისუფლა, რომ წელიწადში 2,3 მილიარდი დოლარი დაეზოგა. ზუსტად ორ კვირაში კი ტრეიდერის აფიორის წყალობით 2 მილიარდი დაკარგა.
ამ თანხამ ადობოლის გამფლანგველ ტრეიდერთა რეიტინგში მესამე ადგილი მოუტანა. პირველი ზემოთ მოხსენიებული კერველია 5 მილიარდი ევროთი, მეორე იაპონელი იაუო ჰამანაკე რომელმაც 1996 წელს კორპორაცია სუმიტომო-ს 2,6 მილიარდი დოლარი აზარალა. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადობოლის საქმეზე ჯერ კიდევ გრძელდება ძიება და გამორიცხული არ არის, მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობა მეტი აღმოჩნდეს და იგი საპატიო მეორე ადგილზე ამაღლდეს.
1185
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85