ბოლო დროს ეკონომისტები სულ უფრო ხშირად პროგნოზირებენ 2008 წლის კრიზისის შესაძლო განმეორებას. მართალია, ოპტიმისტებიც არიან, მაგრამ თანდათანობით მატულობს პესიმისტთა რიცხვი, რომლებიც სამი წლის წინანდელი კოლაფსის განმეორებაზე საუბრობენ. ამის საბაბს მათ საფონდო ბირჟებზე არსებული რთული ვითარება და დოლარის კურსის და მასზე მოთხოვნილების ზრდა აძლევს. თანაც, სახეზეა ევროს ზონაში არსებული რთული ვითარება.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არცთუ სახარბიელო ვითარებაა ოქროს ბაზარზე. ამიტომაც არის, რომ ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, თუ ევროზონის პრობლემები არ მოგვარდება და ზედ დაემატება აშშ-ს საბანკო სექტორის არასახარბიელო ვითარება, მსოფლიო ეკონომიკას ელის კრიზისი, რომელიც გაცილებით რთულიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური ვითარება.
როგორც ცნობილია, ბერძნული პრობლემები დომინოს პრინციპით გავრცელდა სხვა ქვეყნებზე, მათ შორის იტალიაზეც. თუ ევროპა კრიზისს ვერ გაუმკლავდება, იგი, ცხადია, მის ფარგლებს გასცდება. აღსანიშნავია, რომ ამის ნიშნები უკვე არსებობს, რაც ძალზე შემაშფოთებელია. ამიტომაც არის, რომ პესიმისტ ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ ახალი კრიზისი ევროპიდან დაიწყება და არა ოკეანის გაღმიდან, როგორც ეს სამი წლის წინ მოხდა.
საქმე იმაშია, რომ ევროზონის გადასარჩენად გატარებულმა და სამომავლოდ დაგეგმილმა ღონისძიებებმა ინვესტორები ვერ დააიმედა. ისინი აგრეთვე პესიმისტურად უყურებენ აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპის მატების პერსპექტივას და მიიჩნევენ, რომ ფედერალური სარეზერვო ფონდის მიერ გატარებული ზომები საკმარისი სულაც არ არის, რომ მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკამ წელში გამართვა შეძლოს.
პესიმისტთა რიცხვს მიეკუთვნება განთქმული მილიარდერი ჯორჯ სოროსიც. ინვესტორთა გურუმ პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ უკვე რეცესიის მეორე სტადიაშია. მისი აზრით, სიტუაციიდან გამოსავალი, შესაძლოა, იყოს საბიუჯეტო პოლიტიკის გამყარება, მაგრამ ეს არ კეთდება. რაც შეეხება ევროპას, სოროსის აზრით, ევროზონის პოლიტიკოსთა შეცდომებს ბებერ კონტინენტზე მთელი მსოფლიოსათვის ძალზე სახიფათო ფიანასური სიტუაციის წარმოქმნა მოჰყვა. სოროსის თქმით, საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე 2008 წელს იყო.
რაც შეეხება ოპტიმისტებს, ისინი ხაზს უსვამენ ამჟამინდელ და სამი წლის წინანდელ ვითარებას და მიზეზებს შორის არსებულ განსხვავებას. თანაც, აცხადებენ, რომ 2008 წლის კოლაფსის შედეგად მსოფლიომ ბევრი რამ ისწავლა და მსგავსი კრიზისის განმეორებას არავინ დაუშვებს. ამგვარი გახლავთ ზომიერი ოპტიმისტების აზრი, რომელთაც გართულებების ეშინიათ, მაგრამ პრობლემების მოგვარების იმედი აქვთ.
გარდა ამისა, არსებობენ მხურვალე ოპტიმისტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მსოფლიოს ეკონომიკა ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე ეს სამი წლის წინ იყო და თითს განვითარებადი ქვეყნებისაკენ იშვერენ. ცხადია, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ამგვარი ქვეყნების მდგომარეობა მართლაც შესაშურია, მაგრამ ეს ქვეყნები არც სამი წლის წინ მოიკოჭლებდნენ.
ასეა თუ ისე, უნდა ითქვას, რომ პესიმისტებს გაცილებით მრავალფეროვანი და მყარი არგუმენტები აქვთ, ვიდრე ოპტიმისტებს. თანაც, ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ თუ კრიზისი დაიწყო, მისი დაძლევა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ეს სამი წლის წინ იყო შესაძლებელი.
847
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85