კობა ლიკლიკაძე "თავისუფლება"
გერმანიის პარლამენტმა კენჭი უყარა ევროკავშირის გეგმას, რომელიც ევროზონის ფინანსური დახმარების ფონდის გაფართოებას ითვალისწინებს. კენჭისყრა, რომელმაც სადავო საკითხი დადებითად გადაწყვიტა, მიჩნეული იყო გადამწყვეტ ტესტად საკუთრივ კანცლერ ანგელა მერკელის ლიდერობით მოქმედი გერმანიის მთავრობისათვის.
გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ 29 სექტემბერს, 523 ხმით 5-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ევროკავშირის ლიდერების მიერ 21 ივლისს მიღებულ შეთანხმებას, რომელიც ზრდის ევროზონის ფინანსური სტაბილურობის ინსტიტუტების უფლებამოსილებას. ლაპარაკია ევროკავშირის საგანგებო დახმარების ფონდზე, რომელიც ევროპის ქვეყნებს ფინანსური კრიზისის გადალახვაში ეხმარება.
გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგები აუდიტორიას ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ვოლფგანგ ტირზემ აცნობა:
„კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 611 კაცმა. 523-მა ხმა მისცა პროექტს. წინააღმდეგია 85 ხმა. 3-მმა თავი შეიკავა. ამგვარად, საკანონმდებლო პროექტი მიღებულია.“
გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატის მიერ მოპოვებული ასეთი შთამბეჭდავი მხარდაჭერა ზრდის იმის შანსს, რომ კანონპროექტს არ გაუჭირდება მხარდაჭერის მოპოვება გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, ბუნდესრატში, სადაც კანონპროექტს კენჭს 30 სექტემბერს უყრიან.
გერმანიის მიერ საკანონმდებლო ცვლილების რატიფიკაციის შემდეგ გერმანიის გარანტიები ევროზონის სტაბილურობის ფონდში 123 მილიარდი ევროდან 211 მილიარდამდე გაიზრდება. ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბარუზომ თავის ყოველწლიურ მიმართვაში, სახელწოდებით „ევროკაშირის მდგომარეობა“, ხაზი გაუსვა საერთო ვალუტის - ევროს - გადარჩენის აუცილებლობას:
“ჩვენ შევეჯახეთ მიმდინარე გლობალური რისკების არასათანადოდ შეფასების ნეგატიურ ეფექტს. შესაბამისად, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ აღვადგინოთ ნდობა და რწმენა ევროსა და მთლიანად ევროკავშირის მიმართ. და ეს უნდა გავაკეთოთ იმის დემონსტრირებით, რომ ძალგვიძს მიღება ისეთი გადაწყვეტილებებისა, რაც საჭიროა საერთო ვალუტის სამართავად და ეკონომიკის ინტეგრირებისათვის შეჯიბრებითობის, ინკლუზიორობისა და რესურსების ეფექტური გამოყენების გზით.“
გერმანიის ბუნდესტაგის მიერ ევროზონის სტაბილურობის ფონდის გაძლიერების გეგმის რატიფიკაციით, ათამდე გაიზრდება ევროზონის იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა საკანონმდებლო ორგანოებმა ასევე მოახდინეს 21 ივლისის შეთანხმების რატიფიცირება. წესდების თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლას ევროზონის 17-ივე წევრი სახელმწიფოს რატიფიკაცია სჭირდება.
833
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85