ლადო ხიხაძე "ბანკები და ფინანსები"
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ისევ რეცესიას განიცდის და სიტუაციის გამოსწორებას ახლო მომავალშიც არავინ ელის, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა, სულ უფრო მეტი ქართველი მიდის სამუშაოთ საზღვარგარეთ, რათა ოჯახს არსებობისთვის საჭირო თანხა გამოუგზავნოს.
2011 წლის ივლისში, ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 99,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.7 პროცენტით აღემატება 2010 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკი კარგად ამჩნევს აღნიშნულ ტენდენციას და ყოველ გაზრდილ ნაკადს დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მუდმივი შემცირებით პასუხობს. თუ პირველ იანვარს საქართველოს მოსახლეობას თითოეულ დოლარში 1.80 ლარს უხდიდნენ, პირველი ივლისისთვის ეს მაჩვენებელი 1.66 შეადგენდა. თვის ბოლოს კი სულაც 1.65-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისის თვეში საქართველოს მოსახლეობამ 994000 ლარით ნაკლები მიიღო, ვიდრე ის მიიღებდა წინა თვეში მოქმედი გაცვლითი კურსით და 14,910,000 ლარით ნაკლები იანვრის თვეში მოქმედი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
2011 წლის აგვისტოში, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 102,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25,5% ით მეტია 2010 წლის აგვისტოს და 2.9%-ით მეტია 2011 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსი 1.65 -დან 1,64 -მდე დაწია, რითაც კიდევ საგრძნობლად გააღარიბა დოლარის მფლობელები. აგვისტოს თვეში კი მოსახლეობამ 2,046,000 ლარით ნაკლები თანხა მიიღო ახლობლების მიერ გამოგზავნილი თანხის გადახურდავებით ეროვნულ ვალუტაში, ვიდრე ამას მიიღებდა წინა თვეში და 16,368,000 -ით ნაკლები, ვიდრე მიიღებდა იანვრის თვეში.
აქვე აღვნიშნოთ, რომ იანვარში დაფიქსირებული გაცვლითი კურსი - 1 დოლარში 1,80 ლარი, იყო ის კურსი, რომელზედაც პარლამენტმა ბიუჯეტი გათვალა. ნორმალური ეკონომიკისა და პასუხისმგებლიანი მთავრობის პირობებში აღნიშნულ კურსს მნიშვნელოვანი რყევები არ უნდა განეცადა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის თვეში საშუალოდ 15 მილიონიანი ზარალი, მუდმივად მზარდი ინფლაციის ტემპებზე და მისგან გამოწვეულ დანაკარგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამის განსჯა ჩვენი მკითხველისთვის მიმინდვია.
835
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85