სასწავლო დაწესებულებების წინააღმდეგ განათლების სამინისტრო შეტევას შეტევაზე ახორციელებს. საჯარო სკოლების გაყიდვის შემდეგ, უმაღლესი სასწავლებლების ჯერი მოვიდა. უშუალოდ სასწავლო პროცესის დაწყების წინ ერთბაშად 7 სასწავლებელი დაიხურა, სტუდენტები კი ქუჩაში აღმოჩნდნენ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ გაუქმებული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს პატრული აშველებდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ავტორიზაცია გაუუქმდა შპს “თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს”, შპს “კავკასიის აკადემიურ ცენტრს”, შპს “საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯს”. ცენტრის ინფორმაციით, “ზემოხსენებულ დაწესებულებებს უარი ეთქვათ, გაუუქმდათ ავტორიზაცია ან შეეცვალათ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი”.
ავტორიზაცია ასევე გაუუქმდა შპს სასწავლო უნივერსიტეტ “ინტერფარმი +”-ს; შპს “ევროპულ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს”; შპს დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “იბერია”-ს; შპს “ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს”.
განათლების სამინისტროს ასეთმა გადაწყვეტილებამ სტუდენტებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებით ვითარება დაიძაბა თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ.
გუშინ დილით უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი რექტორს ოთახში შეუვარდა და განმარტებები მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიხურა მოულოდნელად უმაღლესი სასწავლებელი. რექტორმა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა და სტუდენტები და ლექტორები პატრულმა გააშველა.
ასობით სტუდენტი სწავლის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ქუჩაში დარჩა. მათი განცხადებით, სტუდენტებს უთხრეს, რომ სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ, რადგანაც უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ გაიარა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეჩერდა.
სასწავლებლის შენობასთან, სტუდენტების გარდა, შეკრებილი იყვნენ სტუდენტების მშობლებიც, რომლებიც არანაკლებ აღელვებულნი იყვნენ. მათ შვილებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში გადასვლას სთავაზობენ, საუბარია, გორის უნივერსიტეტზე, აგრეთვე, ერთ-ერთ უნივერსიტეტზე, რომელიც ფონიჭალაში მდებარეობს. როგორც მშობლები აცხადებენ, მათ შვილებს უთხრეს, რომ უნდა ისარგებლონ მობილობით, ანუ განაცხადები შეიტანონ სხვა სასწავლებლებში, თუმცა ამისთვის მხოლოდ ერთი დღის ვადა აქვთ.
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კი სასწავლო პროცესის შეჩერებაში უნივერსიტეტის ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარეს ადანაშაულებს. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნოდარ კობერიძის განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც ამ უნივერსიტეტის წინააღმდეგ ხორციელდება. მისი თქმით, 20 წლის გამოცდილების უნივერსიტეტს სპეციალურად ხურავენ.
მოგვიანებით, საქმეში განათლების სამინისტროც ჩაერთო. სამინისტროს მოხელეები ამტკიცებენ, რომ არც ერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ ან სწავლობდნენ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია.
სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა სტუდენტი გადანაწილდება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლებლობა ექნება, იგივე საფასურით მიიღოს უფრო მაღალი ხარისხის განათლება. სტუდენტთა მობილობა კი გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული სტუდენტი არ ჩაირიცხება მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.
“ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის”, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. შეესაბამება თუ არა ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს, ამას გარეშე ექსპერტები ადგენენ.
აწ უკვე დახურული საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტებმა კი მონაწილეობა უნდა მიიღონ მობილობის პროცესში, რისთვისაც უნდა დარეგისტრირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.
1083
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85