იშვიათია შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამა თუ იმ ბიზნეს სფეროში შეღავათებს აწესებს და სწორედ იქ მოღვაწე ბიზნესმენებს ეს იდეა არ მოსწონთ და უპირისპირდებიან. ამჟამად ამგვარი ვითარება ავტობიზნესის დარგში შეიქმნა.
მთავრობა რეექსპორტის წასახალისებლად საგადასახადო შეღავათებს აწესებს, ავტოიმპორტიორებს კი ეს შეღავათები სულაც არ ეჭაშნიკებად. მათ კომენტარებში უკვე ჩანს ის, რასაც მსხვილი ბიზნესი უფრთხის - ამ ინიციატივას ბაზარზე ახალი სავაჭრო კომპანიების დაფუძნება მოჰყვება, საბოლოოდ კი მცირე სავაჭრო კომპანიები უფრო იხეირებენ, ვიდრე მსხვილები. ეს კი ბაზარზე მათი მსუყე წილის შემცირებას გამოიწვევს.
საგადასახადო შეღავათები კი ასეთია: შეიქმნება მხოლოდ რეექსპორტზე მომუშავე სავაჭრო კომპანიები და ისინი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. საგარანტიო თანხა ამ კომპანიებს 2 მილიონიდან 200 ათას ლარამდე შეუმცირდებათ. სამწლიანი ნებართვა უვადო ნებართვით შეეცვლებათ.
გია ხუროშვილის თქმით, 2010 წელს მთლიან ექსპორტში ყველაზე დიდი წილი მანქანების რეექსპორტს ეჭირა. რეექსპორტზე მომუშავე სავაჭრო კომპანიების შექმნა კი ხელს შეუწყობს სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარებას. მისი განცხადებით, ეს შექმნის წინაპირობას, რომ საქართველო გახდეს “ჰაბი” და აქედან სხვადასხვა ბაზრებზე რეექსპორტი განხორციელდება.
საკომიტეტო მოსმენები ახლო მომავალში დაიწყება, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაახლოებით ერთი თვის ვადაში დაამტკიცებს.
“თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია სამომავლო განვითარების გზას სწორედ ექსპორტსა და რეექსპორტში ხედავს. გიორგი მშვილდაძის შეფასებით, რეექსპორტის წარმოება კომპანიებისთვის დამატებითი რესურსია.
მშვილდაძე ამბობს, რომ 2012 წელს თბილისში დიდი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა იგეგმება, საიდანაც სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთ დღეში მიეწოდება სასურველი პროდუქცია. მისივე ინფორმაციით, 2012 წელს დასრულდება სომხეთში “თეგეტა მოტორსის” სერვის ცენტრის მშენებლობა. ამის შემდეგ კი, მსგავს ცენტრს აზერბაიჯანშიც ააშენებენ.
ავტოიმპორტიორთა უმრავლესობა კი რეექსპროტის წახალისების მიზნით საგადასახადო შეღავათების დაწესებას ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევენ. მათი დიდი ნაწილი განმარტავს, რომ ავტობაზარზე მოქმედი კომპანიები ისედაც სარგებლობენ შეღავათებით და მათთვის კიდევ უფრო გამარტივება წარმოუდგენელია.
კომპანია “ტოიოტას” დირექტორი ირაკლი გურჩიანი აცხადებს, მათთვის საგადასახადო კუთხით დღემდე ხელისშემშლელი ფაქტორები არ ყოფილა. მისი თქმით, ავტოიმპორტიორები რეექსპორტის შემთხვევაში გადასახადებისგან, ფაქტობრივად, გათავისუფლებულები არიან. ამიტომ გურჩიანის თქმით, გაუგებარია, რას ნიშნავს, რეექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება.
გურჩიანის ინფორმაციით, კომპანიები რეექსპორტის დროს მხოლოდ სპეციალურ საბუთს იღებენ, რაც 10 წუთშია შესაძლებელი. ირაკლი გურჩიანი აცხადებს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა, შესაძლოა, მცირე სავაჭრო კომაპნიების საქმინობაზე უფრო დადებითად აისახოს, ვიდრე მსხვილ იმპორტიორებზე.
“კავკასიის ავტო იმპორტის” წარმომადგენელი გიორგი სურგულაძეს ასევე მიაჩნია, რომ ავტომობილების რეექსპორტის პროცედურები აქამდეც საკმაოდ გამარტივებული იყო. მისი ინფორმაციით, ავტოიმპოტიორებისთვის ასევე დიდი შეღავათია მანქანის განბაჟების ვადის 90 დღემდე გაზრდა. თუმცა, სურგულაძე მთავრობის ინიციატივის უპირეტესობებზეც აკეთებს აქცენტს.
მისი თქმით, ცვლილებების შემდეგ საბაჟო საწყობებში ავტომობილების შენახვა მათთვის კიდევ უფრო იაფი დაჯდება, რადგან ინიციატივის მიხედვით, რეექსპორტისას საგარანტიო თანხა მნიშვნელოვნად მცირდება.
“იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი კი აცხადებს, რომ მთავრობის ამ ინიციატივას მხოლოდ რეექსპორტის წახალისება კი არა, ბაზარზე ახალი სავაჭრო კომპანიების დაფუძნება მოჰყვება.
ხეჩიკაშვილის განმარტებით, დილერებს ბიზნესის დაწყების სტიმული გაუჩნდებათ და ზოგადად ქვეყანაში ეს ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.
1260
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85