პოლიციურ-ნაციონალური რთველის პირობებში კახელი გლეხების ნაწილს ყურძნის ჩაბარება უჭირს. ხელისუფლებისგან დაიმედებულმა და იმედგაცრუებულმა გლეხებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში საპროტესტო აქციაც კი გამართეს. ჩაბარების პრობლემის გარდა, მევენახეები ყურძნის დაბალ ფასსაც ასახელებენ.
“ერთი კვირაა დავდივარ და ყურძენი ვერ ჩამიბარებია, - განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას გლეხმა ელდარ ელაშვილმა, - თელავში იბარებდნენ და ისიც ჩაკეტეს”.
“გუშინ გამოაცხადეს ტელევიზიით, ლაგოდეხის რაიონში, ბაისუბნის ღვინის ქარხანა იბარებსო. გავედი და არ იბარებს. ორი კვირაა ყურძნის დაკრეფა მინდა და ქარხანა ვერ მიპოვია, რომ ჩავაბარო, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, - ბაისუბანში მეუბნებიან, 55 თეთრად ჩავიბარებთ რქაწითელს, ოღონდ ნახევარ ფულს დღეს მოგცემ და ნახევარს კიდევ წლის ბოლოს ან მომავალი წლის იანვარშიო. თანაც მე თვითონ უნდა წავიღო ლაგოდეხში ყურძენი, მანქანა უნდა დავიქირავო და ფული გადავიხადო, მაგრამ ჯერ არც ეს ღვინის ქარხანა იღებს”.
გლეხების თქმით კი, მეღვინეები ხშირად ყურძნის ხარისხსაც იწუნებენ და ფასს 30-თეთრამდეც კი სწევენ. “ერთი კვირაა ყურძნის გაყიდვას ვცდილობ, მაგრამ ვერ მოვახერხე. ყვარლის ღვინის ქარხნიდან წარმომადგენელმა გაზომა და ყურძენში შაქრიანობა იყო 20%. გლეხმა დაკრიფა და წაიღო 3 მანქანა და რომ მიიტანა, დაბალიაო შაქრიანობა და აღარ ჩაიბარეს. დარჩნენ ისე, საწყლები”, - აღნიშნა სოფელ ჯუგაანის მკვიდრმა გივი კიკილაშვილმა.
“ერთი ჰექტარი ვენახი მაქვს. ჯერ არაფერი ჩამიბარებია, სად უნდა ჩავაბარო? ყურძენს არ იღებენ, არ მოგვწონსო. დაუგვიანდა ყურძენს დაკრეფა და ლპობაში წავიდა, მაგრამ გადასაყრელი ჯერ არ არის”, - ამბობს მაჩხაანელი ნოდარ ტოკლიკიშვილი.
მოძრაობა “თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის კი ირწმუნება, რომ კახეთში რთველი სამხედრო რეჟიმში და ტერორის ქვეშ მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც ყურძნის დაბალ ფასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა, პრობლემების შექმნით და დახმარების მოხსნით დაემუქრნენ.
“განსაკუთრებით იმ ხალხს ავიწროებენ, რომელმაც ჩვენი პარტიის ლიდერ კახა კუკავასთან სამთაწყაროში გამართულ შეხვედრაზე ღიად ისაუბრა. ყურძნის მიზერული ფასი გლეხის ნაშრომის მასხრად აგდებაა”, - განაცხადა გურაშვილმა.
საქართველოს მთავრობა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი კი ერთობ კმაყოფილნი არიან რთველის მიმდინარეობით. მინისტრმა თავისი არითმეტიკული “განსწავლულობა” კიდევ ერთხელ გამოავლინა და კახელებს 60 მილიონი ლარის შემოსავალიც კი მიუთვალა. “კახეთში ყურძენი ჯერ კიდევ რჩება შემოსავლის ძირითად წყაროდ. წელს მოსავალი 50 პროცენტით გაიზრდება, რაც კახეთს, დაახლოებით, 60 მილიონ ლარს მოუტანს”, - აღნიშნა კვეზერელმა.
წლეულს კახეთში 100 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. კვეზერლიც ადგა და მოსავლის რაოდენობა პირდაპირ გადაამრავლა ყურძნის ყველაზე მაღალ ფასზე - 60 თეთრზე. ჰოდა, კახელებიც 60 მილიონით გაამდიდრა. მინისტრს ის კი აღარ უფიქრია, რომ ტრადიციულად კახეთში მოსული მოსავლის, დაახლოებით, 30-40% გადის სარელიზაციოდ, დანარჩენს გლეხები შიდა მოხმარებისთვის ოჯახშივე იტოვებენ (შესაბამისად, მისგან ფულად შემოსავალს ვერ იღებენ). ასე რომ, კვეზერელის 60-მილიონიანი ფიქრები საპნის ბუშტივით გასკდა. თუმცა, მინისტრს ამდენი ფიქრისთვის სად სცალია, გადარბენაზეა კაცი...
885
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85