აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებაზე დიდი ტაციაობაა. რადგანაც მკვრადშობილი “ნაბუკო” ვერა და ვერ გაცოცხლდა, ყოველ კვირა ევროპაში ახალ-ახალი პროექტების ფრიალია. არადა, “ნაბუკო” საქართველოსთვის ერთობ ხელსაყრელია. მისი განხორციელების შემთხვევაში ქართული მხარე 30 მილიარდ კუბურ_მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებდა.
სამ კონსორციუმს “ნაბუკოს”, “ტრანსადრიატიკულ გაზსადენს” და თურქეთი-საბერძნეთი-იტალიას ახალი კონკურენტი გამოუჩნდა. “ბრიტიშ პეტროლეუმმა” ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელების პროექტი უკვე წარმოადგინა, რომელიც თურქეთის დასავლეთი ნაწილიდან ბულგარეთისა და რუმინეთის გალით 1300-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.
ამჟამად აზერბაიჯანში წარდგენილი კომერციული წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. როგორც ექსპერტები განმარტავენ, პრიორიტეტული პროექტი ამ დროისთვის უკვე გამოკვეთილია. როგორც ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე აცხადებს, დღემდე უპირატესობა ტრანსადრიატიკულ გაზსადენსა და თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის პროექტს ენიჭებოდა. თუმცა, საბერძნეთის კრიზისის შემდეგ პროექტების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან საბერძნეთის ფინანსური ჩართულობა ორივე პროექტში გამოირიცხა.
რაც შეეხება “ნაბუკოს” კონსორციუმს, ექსპერტის თქმით, ის საკმაოდ მასშტაბური და ამავდროულად ძვირადღირებული პროექტია, რის გამოც, შესაძლოა, აზერბაიჯანმა მის განხორციელებაზე უარი თქვას. შესაბამისად, ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარისთვის, უფრო მისაღები შეიძლება სწორედ “ბიპის” პროექტი იყოს.
რაც შეხება იმას, თუ რომელი პროექტის განხორციელება იქნება საქართველოსთვის მომგებიანი, როგორც ლიანა ჯერვალიძე აცხადებს, გაზსადენი ოთხივე პროექტის შემთხვევაში საქართველოზე გაივლის და ქვეყანა გარკვეული ოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს. თუმცა, ყველაზე მომგებიანი საქართველოსთვის “ნაბუკოს” პროექტის განხორციელება იქნება, რის შედეგადაც ქართული მხარე 30 მილიარდ კუბურ_მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებდა, “ბიპის” პროექტის შემთხვევაში კი - მხოლოდ 10 მილიარდს.
მიუხედავად ამისა, როგორც “ონლაინნიუსთან” საუბრისას ჯერვალიძე აცხადებს, ნებისმიერი პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას დადებითად წაადგება. აზერბაიჯანული მხარე კი გამარჯვებულ პროექტს პირველ ოქტომბერს გამოავლენს.
მართლაც ბებერ კონტინენტზე მივიდნენ იმ დასკვნამდე გრანდიოზული “ნაბუკო” უნდა შეკვეცონ და ერთ რომელიმე კონკრეტულ პროექტზე შეჩერდნენ. ამ ეტაპზე ასეთად რამდენიმე ვარიანტი სახელდება. ზემოთნახსენებ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელების პროექტთან ერთად აქტიურად განიხილება ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის თემაც. მართალია, ეს პროექტი “ნაბუკოსთან” შედარებით პატარაა, მაგრამ ევროპელთა აზრით, უფრო პერსპექტიულია.
ამიტომაც ევროსაბჭოს წარმომადგენლები ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და თურქმენეთთან მოლაპარაკებებს იწყებენ. გაზსადენის მარშრუტი შემდეგია: თენგიზი (ყაზახეთი) - თურქმენბაში (თურქმენეთი) - ბაქო - თბილისი - ერზერუმი (თურქეთი). ამ გაზსადენით, ევროპაში, ყოველწლიურად, 20-30 მილარდი კუბ_მ გაზის ტრანსპორტირება იგეგმება.
ტრანსკასპიური გაზსადენი აქამდე “ნაბუკოს” პროექტის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, რომელიც ჯერ კიდევ რუსული “სამხრეთ ნაკადის” ალტერნატივად განიხილება, თუმცა “ნაბუკოსთვის” ფინანსური რესურსი დღემდე ვერ მოიძებნა.
1024
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85