ფარმაცევტულ ბაზარზე მეოთხე მსხვილი მოთამაშის სილუეტი გამოიკვეთა. “ეიბისი ფარმაციამ” ევრობანკისგან დიდი დაფინანსება მიიღო და სააფთიაქო ბიზნესის მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩაღებას აპირებს. მომხმარებელებს ეიმედებათ, რომ მძაფრი კონკურენცია მედიკამენტების ფასებს შეამცირებს, რასაც გარკვეულწილად ადასტურებენ აქამდე მოქმედ 3 ბობოლა კომპანიაში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად 4 მლნ დოლარის სესხი გამოყო. ამ თანხას “ფარმადეპოს” და “მკურნალის” ქსელის მფლობელი “ეიბისი ფარმაცია” მიიღებს.
სააფთიაქო ქსელის გაფართოებისა და სერვისის გაუმჯობესების შესახებ კი “ფარმადეპომ” უკვე ოფიციალურად განაცხადა. კომპანიის დირექტორის ენრიკო ბერიძე ადასტურებს, რომ ევრობანკისგან მრავალმილიონიანი ფინანსური რესურსი უკვე გარანტირებული აქვთ.
როგორც ევრობანკში აცხადებენ, “ეიბისი ფარმაცია” 1999 წლიდან სტაბილურად იზრდებოდა და დღეისთვის 35 აფთიაქს აერთიანებს. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო დაფინანსება სააფთიაქო ქსელის გაფართოებაზე დაიხარჯება. გაიხსნება “ფარმადეპოს” 21 და “მკურნალის” 19 ახალი აფთიაქი, რაც დამატებითი 200 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ეიმედებათ, რომ “ეიბისი ფარმაცია” მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით მოემსახურება.
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე “ფარმადეპოს” გაფართოების შედეგად სხვა მწარმოებლებმა, შესაძლოა, მედიკამენტების ფასები შეამცირონ. როგორც ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებში განმარტავენ თუ რომელიმე ფირმა ბაზარზე გაფართოებას დაიწყებს და პოზიციებს გაიმყარებს, ეს მათი თქმით, წამლების ფასზეც აისახება.
როგორც “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე განმარტავს, ამ ფაქტის შედეგად ფასების მკვეთრი შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ბაზარზე ამ დროისთვისაც კონკურენცია საკმაოდ დიდია. მისივე ინფორმაციით, “ავერსი” მედიკამენტებზე ფასების კორექტირებას მუდმივად ახდენს.
“პეესპეს” დამფუძნებელი ვაჟა ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ ბაზარზე კონკურენციის არსებობა “ფარმადეპოს” დამსახურება არ არის. მისივე თქმით, არც კომპანიის სააფთიაქო ქსელი გაფართოება გამოიწვევს ბაზარზე განსაკუთრებულ ცვლილებებს, თუმცა ოქრიაშვილი აქვე დასძენს, რომ ფასების უმნიშვნელო შემცირება მოსალოდნელია. სწორედ ამიტომ, კომპანიის ცნობით, “პეესპე” წლის ბოლომდე ქსელის გაფართოებას და სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს.
ამ დროისთვის ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი მსხვილი კომპანია “ავერსი, “პეესპე”, “ჯიპისი” და “ფარმადეპო” მოქმედებს. საქართველოში მედიკამენტების დაახლოებით 80% იმპორტირებულ მედიკამენტებზე მოდის. ადგილობრივ წარმოებას, დაახლოებით 15-20% უკავია. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი მზარდია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი წარმოების გაზრდა მედიკამენტების გაიაფებასა და ფასების რეგულირებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში დღეს 607 ავტორიზირებული აფთიაქი მოქმედებს,აქედან 214 მათგანი 2010 წლიდან ამოქმედდა, მას შემდეგ რაც გამარტივდა რეგისტრაციის პროცესი. დამატებითი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ გაიხსნა 892 ე.წ. ოფისის პრეპარატებით მოვაჭრე სააფთიაქო ქსელი. ამ სექტორში, სწორედ თავისუფალმა კონკურენციამ გახადა შესაძლებელი ფასების შემცირება და კონკურენტული გარემოს შექმნა.
თუმცა, საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, წამლის ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება. ეს სისტემა მთავრობის მიერ შექმნილ ლიბერალურ ჩარჩოებში მოექცა და სრულიად უკონტროლოა. ასე რომ, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, თუ რამდენად ხარისხიანი მედიკამენტები იყიდება საქართველოში.
2033
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85