მოსახლეობისთვის შეშის მოჭრის წესები კი გამარტივდა, მაგრამ ამასობაში შეშა გაძვირდა. ამის მიზეზი ბევრნაირია. ჯერ ერთი, რომ საშეშე მოსალის გამოტანა მოსახლეობას მიუდგომელი ადგილებიდან უწევს, გარდა ამისა ტყეში შესვლის ნებართვა გვიან გაიცა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ეტაპზე ხარისხიანად დამზადებული შეშის დეფიციტია.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი წესები, რომლითაც მოსახლეობა შეშის მოპოვებისას ზოგიერთი შეზღუდვისგან გათავისუფლდა. “თუ ადრე ადამიანს შეეძლო მხოლოდ გარკვეული რაოდენობის შეშის მოჭრა, ახლა ეს შეზღუდვა აღარ არსებობს და სოფლის მოსახლეობა იმდენ შეშას მოჭრის, რამდენიც სჭირდება”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ენუქიძის განმარტებით, ნებისმიერი მსურველისთვის ერთი წესი მოქმედებს: მსურველი 1 კუბურ მეტრ შეშაზე ბანკში იხდის 6 ლარს (3 ლარი მომსახურების, 3-მოსაკრებელი) და სპეციალურად გამოყოფილი სოციალური ტყეკაფიდან შესაბამისი ოდენობის შეშა გამოაქვს. ამასთან, შეშის მოჭრის დრო შეზღუდული არ არის. შესაბამისი ბარათის აღების შემთხვევაში მომხმარებელს შეშის მოჭრა სასურველ დროს შეუძლია.
“ადრე მოსახლეობას მხოლოდ 7 კბ_მ შეშის ყიდვის უფლება ჰქონდა. მაღალმთიან რეგიონებში კი, პრეზიდენტის ბრძანებით, სადაც მკაცრი ზამთარია, უფრო მეტი რაოდენობის შეშის ყიდვაც შეეძლოთ. პრეზიდენტის საჩუქარი, რომელიც 2007 წლიდან 2012წლამდე შეშის ვაუჩერით სარგებლობას ითვალისწინებს, კვლავ ძალაში რჩება”, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
მართალია, ლიმიტის მოხსნას ცენტრალურ უწყებაში ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, მაგრამ გლეხებისთვის, როგორც თავად ამბობენ, ძალიან მცირე შეღავათია. მოსახლეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეშის დამუშავებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მათი უმრავლესობა ტყიდან საშეშე მასალის გამოტანას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს და მუშების დაქირავება უწევს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. საშეშედ გამოსაყენებელი ხეები სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ტყეში არჩეული და დანომრილია. დაბლობ ადგილებზე ტყეების ძირითადი ნაწილი გაჩეხილია, ამიტომ მოსახლეობას მაღალ მთებში უწევს ასვლა.
ტრანსპორტი, რომლითაც შეშის გამოტანა ხდება, ძირითადად, მოძველებული, რუსული სატვირთო მანქანებია. გარდა ამისა, ტყეში მისასვლელად მოსახლეობას საწვავი და საჭირო ხელსაწყოებიც სჭირდება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში დაახლოებით 500 ლარამდე ადის.
რეგიონების ნაწილში შეშა დაახლოებით 10-15 პროცენტითაა გაძვირებული. მოსახლეობის ინფორმაციით, თუ შარშან ერთი მანქანა შეშის ყიდვა შიდა ქართლში 550-600 ლარად იყო შესაძლებელი,წელს მისი ღირებულება 650-700 ლარია. სათბობი შეშის ფასი ასევე გაიზარდა იმერეთში. შარშან ამავე პერიოდში იქ ერთი მანქანა შეშა 350 ლარი ღირდა, წელს კი 400-450 ლარამდე გაძვირდა. შარშანდელთან შედარებით შეშა ორჯერ გაძვირდა ქუთაისში და წელს მისი ფასი დაახლოებით 600-700 ლარია.
მოსახლეობის მტკიცებით, ისინი ვერც პრეზიდენტის ინიციატივით დარიგებულ შეშის ვაუჩერებს იყენებენ, რადგან მათი განმარტებით შეშის მოჭრა და ტრანსპორტირება ძვირია. ვაუჩერით სარგებლობას ვერც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები ახერხებენ და ბევრს კუთვნილი ვაუჩერის გაყიდვაც უწევს.
3614
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85