მთავრობამ საინფორმაციო ღრუ გახსნა და, სულო და გულო, რაგინდარა საამო ციფრები წარმოადგინა. ის კი არადა, წლის დასაწყისიდან უმუშევრობაც ლამის 1%-ით შეგვიმცირებია. თუმცა, ერთი თვალის გადავლებითაც აშკარაა, რომ ამ ქვეყანაში სტატისტიკა და რეალობა ერთმანეთისაგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. სწორედ ამაზე მიუთითებენ ექსპერტებიც, რომელთა აზრით, საქართველოში საშუალო ფენა, უბრალოდ, არ არსებობს.
ამა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, მთავრობის სხდომაზე, მიმდინარე წლის 8 თვის მაკროეკონომიკური მონაცემები შეაჯამა. გილაურის ინფორმაციით (რომელიც უმეტესად ზოგადი ციფრებს მოიცავს), პირველი 8 თვის მიხედვით ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, რაც, პრემიერის განმარტებით, საკმაოდ კარგი ზრდაა და ასეთი მაჩვენებელი არც ერთ წელს არ ყოფილა. ექსპორტს არ ჩამორჩება იმპორტი, რომელმაც 38%-ით მოიმატა;
საბანკო სექტორის ციფრებისა კი პრემიერს ყველაზე მეტად ეიმედება, რადგან დეპოზიტები გაზრიდლია 11%-ით, ხოლო სესხების ზრდა ჯამში 14%-ს შეადგენს; ავტომობილების გაყიდვა გაზრდილია 14%-ით, ხოლო უძრავი ქონების ტრანზაქციები - 30%-ით.
“შესაბამისად, საკმაოდ დიდი ზრდაა სატრანზიტო მოცულობებში, გაზრდილია კონტეინერებით ტვირთბრუნვა და ეს ყველაფერი ჯამში აისახება უმუშევრობის შემცირებაზე”, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს იწვევს სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის შემცირებას.
ამ ფონზე კი გილაური ამტკიცებს, რომ ბოლო 6 თვის მონაცემებით, უმუშევრობა, 16,5%-ით 15,5 პროცენტამდე შემცირდა. “გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის შემცირების დიდი ზრდა მოდის მეორე კვარტალზე და პოზიტიური ტენდენცია აშკარად ჩანს. 2010 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ საქართველოში უმუშევრობა მცირდება, ეს იმის ფონზე, რომ საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა”, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
თუმცა, როგორც არ უნდა შეამციროს ჩვენმა მთავრობა უმუშევრობის მაჩვენებელი, მეზობელებს მაინც ვერ გაეჯიბრება. სომხეთში უმუშევრობის სტატისტიკა 7%-ით განისაზღვრება, აზერბაიჯანში - 6%-ით, რუსეთში - 7,5%-ით, უკრაინაში კი - 8,1%-ით. აშკარაა, რომ საქართველო მეზობლებს არა მარტო ინვესტიციების ოდენობით ჩამორჩება, არამედ სამუშაო ადგილების ნაკლებობასაც სერიოზულად განიცდის.
გარდა ამისა, საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელთა მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს ან მცირერიცხოვანი საშუალო კლასია. ასეთ დასკვნას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აკვეთებს და საფუძვლად ჯინის კოეიციენტს იყენებს. ცენტრის ექსპერტების განმარტებით, ჯინის კოეფეციენტი, საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გასაგები საზომია, თუმცა ამ კოეფიციენტს საქართველოს სტატისტიკური სამსახური არ იყენებს.
ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომლითაც უთანასწორობა 0-დან 1-მდე იზომება, ხშირად პროცენტის სახით 0-დან 100%-მდე გამოიხატება. მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8%-ს უდრის, საქართველოს კოეფიციენტი აჭარბებს სომხეთის კოეფიციენტს. კერძოდ, სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30,2%-ს შეადგენს. ამასთან, რუსეთის კოეფიციენტი შეადგენს 43,7%-ს, ხოლო თურქეთისა - 41,2%-ს.
საქართველოს ინდიკატორი, როგორც მიმოხილვის ავტორები აცხადებენ, ლათინური ქვეყნების ინდიკატორების მსგავსია, რომელთათვისაც დამახასიათებელია ქვეყანაში საშუალო კლასის არარსებობა ან მცირერიცხოვანი საშუალო კლასი.
902
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85