„ცხინვალში მყოფი ჯარი საფრთხეს უქმნის საქართველოს“

„ცხინვალში მყოფი ჯარი საფრთხეს უქმნის საქართველოს“

[გეგა ბერიძე]
რუსი სამხედროები ცხინვალში წვრთნებს ატარებენ. ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 4 ათასი რუსი ჯარისკაცი და 900–მდე „მესაზღვრე“ იმყოფება. ცხინვალის რეგიონი რუსულ გარნიზონად გადაიქცა.

ექსპერტთა შეფასებით, ცხინვალში მყოფი ჯარი საფრთხეს უქმნის საქართველოს. მას შეუძლია დაიკავოს საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერია თბილისი-ფოთის მაგისტრალის სახით და ამით საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოებრიობას. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მოუწოდებს „საკუთარი ჯარისკაცები თავიანთ ქვეყანაში ცეცხლის ჩასაქრობად გადაისროლოს და არა კავკასიაში ცეცხლის გასაღვივებლად“.

– რუსი სამხედროები ცხინვალში წვრთნებს ატარებენ, – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. მანევრები ე.წ. რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მასში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. ჯარისკაცები იარაღის დაშლა-აწყობაზეც ვარჯიშობენ.

ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 4 ათასი რუსი ჯარისკაცი და 900–მდე მესაზღვრე იმყოფება, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არიან განლაგებულნი.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მონაცემებით, ცხინვალის ბაზაზე რუსეთის შეიარაღებაში „ტე-72“ და „ტე-90“ ტიპის ტანკები, საარტილერიო დანადგარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სამხედრო ავიაცია იმყოფება.

რუსი სამხედროების რაოდენობა უკვე ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ერთ მეექვსედს შეადგენს. რუსეთმა 3800 სამხედრო მოსამსახურის ცხინვალის რეგიონში განთავსების თაობაზე განაცხადა მედვედევ–სარკოზის შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღესვე. რუსული ბაზები ამ მომენტისათვის განთავსებულია – ცხინვალში, ჯავაში, ყანფავეთში, ქურთაში. აგრეთვე მიმდინარეობს დამატებითი ბაზის მშენებლობა სინაგურის მახლობლად, რომელიც განთავსებულია ადმინისტრაციულ საზღვართან. ამის შესახებ საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა განაცხადა (ICG).

ამავე ჯგუფის ინფორმაციით, ბაზები განთავსებულია სტრატეგიულ სიმაღლეებზე და აძლევენ რუსეთს საშუალებას აკონტროლოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო.

სიტუაცია ახალგორში ამტკიცებს რუსეთის სამხედრო პრიორიტეტებს, თვით ცხინვალის რეგიონის საჭიროებებთან შედარებით. ქართველებით დასახლებული ეს რაიონი დაშორებული ცხინვალიდან და არც თუ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. თუმცა, იქ განთავსებული ბაზა დაშორებულია თბილისიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში და ამიტომ წარმოადგენს დიდ სტრატეგიულ ფასეულობას რუსეთისთვის.

რუსეთი გეგმავს დახარჯოს 35 მილიარდი რუბლი (1 მლრდ 200 ათასი დოლარი) ტრანსკამის მშენებლობის განსაახლებლად და როკის გვირაბის რეკონსტრუქციისთვის (სამუშაოების დამთავრების ვადაა 2012 წელი). მხოლოდ მოსამზადებელი საგზაო სამუშაოები დაჯდება 10 მლრდ რუბლი. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა ტენდერი ვერტმფრენებისთვის აეროდრომების მშენებლობაზე ჯავასა და ახალგორში, აქტიურად განიხილება გეგმა ახალი გზის მშენებლობაზე ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის მამისონის უღელტეხილის გავლით.

900 რუსი მესაზღვრე მსახურობს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის დასაცავად ოსი სამხედროების მაგივრად. ოფიციალურად რუსეთი ამას არქმევს „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთისათვის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაში დახმარებას“. 20 სასაზღვრო საგუშაგოს მშენებლობა უნდა იქნეს დამთავრებული 2011 წლისთვის.

ამავე დროს ცხინვალი აპირებს შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალები: სამიათასიანი სამხრეთ–ოსური არმია შემცირდება 200 კაცამდე უახლოესი ორი წლის განმავლობაში. დაახლოებით 600 ოსი „მშვიდობისმყოფელი“ დათხოვნილ იქნა 2009 წელს.

რუსი და ადგილობრივი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ეკონომიკა მომავალშიც ასე გაგრძელდა, ცხინვალის რეგიონი გადაიქცევა რუსულ გარნიზონად. რუსი სამხედროების რაოდენობა უკვე შეადგენს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ერთ მეექვსედს.

ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, შიმშილის გამო რუსი სამხედროები ცხინვალში შესაძლოა აჯანყდნენ. „ცხინვალის რეგიონი შიმშილის ზღვარზეა“ – ამის შესახებ სააგენტო „ექსპრესნიუსს“ არცთუ დიდი ხნის წინ ცხინვალიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, სწორედ უკიდურესი შიმშილი გახდა ახალგორის რაიონში რუსი ჯარისკაცის თვითმკვლელობის მიზეზი.

ვლადიკავკაზიდან ცხინვალში შემოტანილი სურსათის 90% ჯავაში დისლოცირებული რუსი სამხედროები ყიდულობენ, რითაც რეგიონის მოსახლეობას პრაქტიკულად მშივრებს ტოვებენ. მიუხედავად საოკუპაციო ძალების სურსათის მომარაგებისა, საკვების სიმცირის გამო ათობით ჯარისკაცი მშიერი რჩება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ექსპრესნიუს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალიც“ უდასტურებს. როგორც რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, ახალგორიდან და ცხინვალიდან თითქმის ყოველდღე გარბის ჯარისკაცი. „მემორიალში“ მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, საოკუპაციო ძალების სარდლობა აჯანყების წინაშეც დადგეს.

„კარგი იქნება, რომ რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცები თავიანთ ქვეყანაში ცეცხლის ჩასაქრობად გადაისროლოს და არა კავკასიაში ცეცხლის გასაღვივებლად“ , – ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ცხინვალში მიმდინარე წვრთნების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის არმიაში არსებობს ასეთი ტრადიცია, როდესაც სრული უმოქმედობის დროს ჯარისკაცებს სანგრებს ათხრევინებენ და წვრთიან.

„რუსეთის არმიაში არსებობს ასეთი ტრადიცია, როცა არ იციან რითი დაასაქმონ ჯარისკაცები, მათ ათხრევინებენ სანგრებს და ამ კატეგორიისაა ეს წვრთნებიც. ყველაზე კარგი იქნება, რომ რუსებმა თავიანთ ქვეყანაში გადაისროლონ საკუთარი ჯარები და არა კავკასიაში ცეცხლის გასაღვივებლად“, – აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი: „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ჯარებით რუსეთი ახდენს პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე. ამასთან, სამხედრო ძალით ინარჩუნებს სტატუს კვოს და იცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს გათავისუფლებისაგან.

ცხინვალში მყოფი ჯარი საფრთხეს უქმნის საქართველოს. მას შეუძლია დაიკავოს საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერია თბილისი-ფოთის მაგისტრალის სახით და ამით საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოებრიობას. აქედან გამომდინარე, ქართული არმიის მთავარი სამხედრო ამოცანაა იყოს ისეთ მზადყოფნაში, რომ მოწინააღმდეგის გადაადგილების ან აქტიურობისას უკაგდოს მტერი და შეაჩეროს საოკუპაციო ზონის გაფართოების მცდელობა, რისთვისაც უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში“, – უთხრა გიორგი თავდგირიძემ რადიო თავისუფლებას.