„უკიდურესად საშიში, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მთლიანად ევროპას საფრთხეს უქმნის“

„უკიდურესად საშიში, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მთლიანად ევროპას საფრთხეს უქმნის“

[გეგა ბერიძე]
რუსეთმა აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგა. მოსკოვური გენერალიტეტი იმუქრება, რომ „ამ ტერიტორიების (სოხუმის და ცხინვალის) საჰაერო სივრცეში უკანონოდ შესული ნებისმიერი საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ განადგურდება, რა მიზნითაც არ უნდა ფრენდნენ ისინი“. კოკოითის რეჟიმს სურს, მოსკოვმა С-300 ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეც განათავსოს.

ოფიციალური თბილისის შეფასებით, აფხაზეთში С-300-ის განთავსება საქართველოსთვის და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ კონტექსტში ყურადღება უპირველესად თურქეთზეა გამახვილებული.

საგარეო უწყებისთვის „აბსოლუტურად გაუგებარია თუ რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს უკიდურესად საშიში, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“. ხელისუფლება აცხადებს, რომ „C-300“ ტიპის სისტემების განლაგება რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლას ემსახურება.

– რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე „ეს-300“ ჰაერსაწინააღმდეგო ტიპის თავდაცვის სისტემები განალაგა, – ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრე ზელინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საჯარისო ნაწილები განთავსდნენ.

„ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საშუალებების მოვალეობაში არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაცვა შედის, არამედ სახელმწიფო საზღვრების დარღვევის ფაქტების აღკვეთაც. ამ ტერიტორიების საჰაერო სივრცეში უკანონოდ შესული ნებისმიერი საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ განადგურდება, რა მიზნითაც არ უნდა ფრენდნენ ისინი“, – აცხადებს ზელინი.

„აღნიშნული სისტემა სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან ურთიერთქმედებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანას გადაჭრის“, – დასძენს ზელინი, თუმცა არ აკონკრეტებს კომპლექსის რომელი მოდიფიკაცია განლაგდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

კოკოითის რეჟიმს სურს, მოსკოვმა С-300 ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეც განათავსოს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ვალერი იახნოვეცის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საკმაოდ კარგად არის უზრუნველყოფილი, თუმცა რესპუბლიკის ტერიტორიაზე С-300-ის განთავსება ზედმეტი არ იქნებოდა“.

„სამხრეთ ოსეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, ის ჯერჯერობით სრულიად საკმარისია, თუმცა С-300-ის განთავსება ურიგო არ იქნებოდა“, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

ოფიციალური თბილისის შეფასებით, აფხაზეთში С-300-ის განთავსება საქართველოსთვის და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ კონტექსტში ყურადღება უპირველესად თურქეთზეა გამახვილებული.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე „C-300“ საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყება აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია თუ რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს უკიდურესად საშიში, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ კრემლი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და მის მიზანს წარმოადგენს ამ რეგიონებში სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა.

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე „C-300“ საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის განთავსება წარმოადგენს რუსეთის დეკლარირებული „გავლენის სფეროების“ იმპერიული პოლიტიკის სამხედრო განზომილების გაძლიერების ნათელ მაგალითს, და კოლონიზატორული წარსულის რეანიმაციის მცდელობას. უაღრესად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არაადეკვატურ ადამიანებს ხელთ აქვთ ჩაგდებული არაადეკვატური შეიარაღება, რომელიც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე ზელინის განცხადების შესაბამისად საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასაც“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიიღონ გადამჭრელი ზომები რათა რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, განახორციელოს მათი დეოკუპაცია და სრულად შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ „C-300“ ტიპის სისტემების განლაგება რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლას ემსახურება. იაკობაშვილი ამ ქმედებას რუსეთის მიერ სარკოზის შეთანხმების მორიგ დარღვევად აფასებს.

როგორც იაკობაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადად მიუთითებს რუსეთის სურვილებზე. „კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენ გვაშფოთებს, არის ის, რომ ეს შეიარაღება მხოლოდ ქართული, თუნდაც თეორიული საფრთხის წინააღმდეგ ვერ იქნება გამოყენებული. ეს სხვა ტიპის შეიარაღებაა, რომელიც რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელადაა მოგონილი. ხაზგასმით აღვნიშნავ – ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ რუსეთს აფხაზებისა და ოსების ბედი კი არ აინტერესებს, არამედ, მათი ტერიტორიები, რათა იქ თავისი სამხედრო ძალის პროექტირება შეძლოს“, - აცხადებს იაკობაშვილი.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე „C-300“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება მიუთითებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაზე არ ფიქრობს.

როგორც ექსპერტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე სისტემა რუსულ თავდაცვით შეიარაღებაში, რომელიც აღჭურვილია რადარებით და შესაძლებლობით, დიდ მანძილზე გაანადგუროს საფრენი აპარატები.

„რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულაც არ ფიქრობს ამ ტერიტორიების დატოვებაზე. ეს ჩვენთვისაც და დასავლეთისთვისაც ძალიან ცუდი მომენტია, რადგან რუსეთი მკვიდრდება ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო პოლიტიკური მოთამაშე“, - აცხადებს სესიაშვილი.

ცნობისთვის, C-300ПМУ-2 „Фаворит“ – რუსეთი.

მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300ПМУ-2 „Фаворит“ განკუთვნილია სტრატეგიული სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დასაცავად, მოწინააღმდეგის თვთფრინავების, სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების, ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა მფრინავი საშვალებებისაგან.

კომპლექს C-300ПМУ-2 „Фаворит“ შემადგენლობაში შედის:
მართვის პუნქტი 83М6Е2
ექვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსამდე 90Ж6Е2
საზენიტო მართვადი რაკეტები 48Н6Е2
ტექნიკური მომსახურების საშუალებები

სროლის მანძილი:
აეროდინამიკურ სამიზნეებზე – 3-200კმ
ბალისტიკურ სამიზნეებზე – 5-40კმ
დაბალ სიმაღლეზე მფრენ სამიზნეებზე –5-38კმ

სროლის სიმაღლე:
აეროდინამიკურ სამიზნეებზე – 0.01-27კმ
ბალისტიკურ სამიზნეებზე – 2-25კმ

რეაქციის დრო – 8-10წმ
მარშიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლის დრო – 5წთ

რაკეტა 48Н6Е2 :
სიგრძე – 7.5მ
დიამეტრი – 0.5მ
საბრძოლო ნაწილის მასა – 180კგ