მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრიუსელში აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრიუსელში აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. აქციაზე მათ პირი თეთრი ხელსახოცით ჰქონდათ აკრული და ამ ფორმით, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ძალადობის ფაქტები დაგმეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი შეკრების მიზანია გამოააშკარაონ „დანაშაულებრივი რეჟიმი“ და არ მისცენ მას საშუალება ტყუილებითა და ფასადური ლოზუნგებით შეცდომაში შეიყვანოს მსოფლიო საზოგადოება.

„პრესის თავისუფლების შეზღუდვა მიმაჩნია ადამიანის ძირითად უფლებების შეზღუდვად. სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენთვის არ არის სულერთი რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მოვუწოდებ ყველა გონიერ ქართველს, ერთად დადგეს საქართველოს გადასარჩენად“, - განაცხადა ერთ- ერთმა ემიგრანტმა მერაბ პაიჭაძემ.

ისინი აღჭურვილნი იყვნენ  პლაკატებით სხვადასხვა წარწერებით, მათ შორის - „არა ძალადობას“, „თავისუფლება მედიას“, „შეწყდეს დიქტატურა“, ასევე, ხელში ეჭირათ მცირე ზომის სატელიტური ანტენები წითლად გადახაზული სიტყვებით „პრესა“ და „დემოკრატია“.

აქცია ბრიუსელში სუშის ერთ-ერთ რესტორანთან, სასტუმრო რენესანსის წინ გაიმართა და ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა. 

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გუშინ ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტს დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.