დეკანოზი საბა (ჭიკაიძე) ეხმიანება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს, რომლის ფრაგმენტის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
როგორც დეკანოზი აღნიშნავს, ვინც ღმერთს აგინებენ ასე სახალხოდ, აშკარად, დასცინიან ჩვენს რელიგიურ გრძნობებს, დასცინიან ყველაფერს ღირებულს, ქართულს, ტრადიციულს, ქართულ ოჯახს.
„ეწევიან უზნეობის პროპაგანდას, ამაზე წლები იმუშავეს იმ არასამთავრობოებმა, რომლებსაც დღეს შეუწყდათ დაფინანსება, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარედან შემოსული თანხებით. შეიძლება, ბევრი კარგი საქმეც გააკეთეს, მაგრამ ასე იქცევა ეშმაკიც, არასდროს გვთავაზობს საწამლავს, როგორც საწამლავს. 100 კარგ რამეს გააკეთებს, ერთს გამოურევს რაღაცას ისეთს ცუდს, რომელიც დაგღუპავს და გაგანადგურებს.
შექმნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გეგმაზომიერად ურეცხავდნენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს, გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ტრადიციები, ყველაფერი ის, ფუნდამენტი რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა.
ნუთუ, ასეთი ძნელი დასანახია ეს?! შეგნებულად გამოაცალეს ამ ადამიანებს ღმერთი, შეგნებულად გამოაცალეს ყველაფერი ის, რაც ღირებულია, რაზეც იდგა მუდამ საქართველო და აი, შედეგი, სადამდე მივედით. ეს სიკვდილია, ეს სულიერი სიკვდილია, ამაზე უარესი აღარაფერი არსებობს. ღმერთმა ინებოს და სინანული მისცეს ამ ადამიანებს. როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს ქრისტიანულ ქვეყანაში? ჩვენ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ჩვენ არცერთი ადამიანი დასაკარგი არ გვყავს, ჩვენ ყველას უნდა გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნავს მამა საბა.
სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.