სახელმწიფო საწარმოების მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. რაიმე კონკრეტული მოდელი ჩამოყალიბებული არ არის. პრივატიზაციის ტემპი დაბალია, მათი საბაზრო ეკონომიკის გადაწყობის პროცესი კი მდორედ მიდის. ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ იდგმება.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო საწარმოების ფლობა ისეა დარეგულირებული, როგორც ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან იყო შეთანხმებული.
საქმე ისაა, რომ 2023 წელს სსფ-სთან მიმდინარე პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხი, მათ შორის, კომპანიების ფლობის საკითხი იყო.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე სახელმწიფო საწარმოების მფლობელობა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს შორის თანაბრადაა განაწილებული. თუმცა მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი მფლობელობა ეფექტური არაა. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, სავალუტო ფონდთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს.
„სახელმწიფო საწარმოების ფლობაც ზუსტად ისე არის დღეის მდგომარეობით მთავრობის განკარგულებით დარეგულირებული, როგორც სსფ-ს მისიასთან იყო შეთანხმებული - 50% ფინანსთა სამინისტროს და 50% ეკონომიკის სამინისტრო. თუმცა ეს სამსჯელოა, რამდენად სწორია ასეთი პრაქტიკა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიმართულება ეს იქნება, რაზედაც სავალუტო ფონდთან ვიმსჯელებთ, იმიტომ, რომ პრაქტიკამ მაინც აჩვენა, რომ არ არის მთლად ეფექტური 50%-იანი წილის გაყოფა.
შეიძლება ფინანსთა სამინისტროს როლი სხვა ნაწილში უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე აქციონერის ნაწილში და ამიტომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. არსებული პრაქტიკიდან შეიძლება კიდევ დამატებით კონსულტაციები გვქონდეს სავალუტო ფონდთან და ამის შემდეგ საბოლოო ჯამში, მივიღოთ გადაწყვეტილება ფლობაზეც და ფინანსთა სამინისტროს როლის სხვანაირად გაძლიერებაზეც“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც ირკვევა, სავალუტო ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირებას დიდი ხანია ითხოვენ ეკონომისტები. მაგალითად, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებლის რამაზ გერლიანის მოსაზრებით, ყველა სახელმწიფო საწარმო სააქციო საზოგადოებად უნდა ფორმირდეს და აქციათა პაკეტის 76% უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს.
მისი შეხედულებით, სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობას მხოლოდ მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკა გაზრდის. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 1.5 მილიარდი ლარის ხარჯი მოაკლდება, რომელიც სხვა მიმართულებებს შეიძლება მოხმარდეს.
„მათ [მთავრობას] შეუძლიათ სახელმწიფო წილიც დაიტოვოს და დიდი ნაწილი განკერძოვდეს, ამით ეფექტურობა გაიზრდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ მივდივართ იქით, რომ საბაზრო ეკონომიკა დავამკვიდროთ. ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოჩნდა. მაშინ არავის მოუნდება სახელმწიფო საწარმოების განკერძოება და მისი კერძო სუბიექტებში, მოქალაქეებში განაწილება. ეს პოლიტიკა რჩება ისეთივე მდორე, როგორიც იყო ბოლო 35 წლის განმავლობაში, არაფერი.
სახელმწიფოს მართვაში არსებული საწარმოები არის არაეფექტიანი, მითუმეტეს ჩვენთვის, როდესაც ყველა მიმართულებით მოვიკოჭლებთ. თანამედროვე მენეჯმენტის არც ერთი სიახლე ჩვენთან არ ინერგება, არათუ სახელმწიფო კომპანიებში, ამ მხრივ კერძო სექტორიც მოიკოჭლებს.
ამიტომ, ამ შემთხვევაში კარგი გადაწყვეტაა, სახელმწიფო საწარმოები განკერძოვდეს. როგორც რკინგიზგა, ისე ყველა სხვა დიდი საწარმო, მათი აქციონირება უნდა მოხდეს და აქციები საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ. მერე უკვე საფონდო ბარჟაზე ვინ გაამსხვილებს, ვინ ვისგან იყიდის, ეს უკვე მეორე საკითხია. როგორც მსოფლიოში ხდება, შემდეგ საფონდო ბირჟაზე მოხდება ამ აქციათა ბრუნვა.
ამით ჩვენ სახელმწიფოს დიდ ტვირთს ჩამოვხსნით და თან ეფექტიანობა იმდენად გაიზრდება, რომ ახლა რა ეფექტსაც ჯამურად გვაძლევს, მერე სახელმწიფოსთვის დატოვებული 24%-იანი წილი მოგვცემს. ამით, მინიმუმ ბიუჯეტს ჩავხსნით, დაახლოებით, 1.5 მილიარდ ლარს და სხვა რამეში გამოვიყენებთ.
პრივატიზაციის შემთხვევაში, ფისკალური ეფექტი მსხვილ ინვესტორებზე გაყიდვიდან კი არ უნდა მივიღოთ, არამედ შემდგომი ეკონომიკური საქმიანობიდან. ამიტომაც, ვამბობ, ყველა სახელმწიფო საწარმო სააქციო საზოგადოებად უნდა ფორმირდეს და აქციათა პაკეტის 76% უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს “, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რამაზ გერლიანმა.