აშშ-მა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსა და საქართველოს, დაუწესა ე.წ. „საპასუხო ტარიფები”, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას, საერთაშორისო ბაზარსა და მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.
ელჩის თქმით, აშშ-ის მიერ ჩინეთის მიმართ თვითნებურად დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთმაც მიიღო მკაცრი ზომები.
„ამერიკა ბოლო წლებში მუდმივად ხაზს უსვამს „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს”, თუმცა მსოფლიოსთვის არასდროს განუმარტავს, რას გულისხმობს ამ წესებში და ვინ ადგენს მათ. ამერიკის მხრიდან სატარიფო ომის განზრახ წამოწყება სხვა ქვეყნების ხარჯზე საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დარღვევა, ნათლად წარმოაჩენს ამ ე.წ. „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის” ფარისევლურ ბუნებას. ყველასთვის ცხადია, რომ ამერიკის მიერ ნახსენები ე.წ. „წესები“ წარმოადგენს სუბიექტურ და ეგოისტურ მიდგომებს, ხოლო ეს „წესრიგი” ეფუძნება მხოლოდ ჰეგემონისტურ დევიზს – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა”. უნილატერალიზმი და ჰეგემონია ეწინააღმდეგება ისტორიის მსვლელობას. მხოლოდ გაეროს პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე დაფუძნებული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემით შევძლებთ, მივაღწიოთ ნამდვილ მულტილატერალიზმს, რეალურ წესრიგს და შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ყველა ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
აშშ-ის მიერ ჩინეთის მიმართ თვითნებურად დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთმაც მიიღო მკაცრი ზომები. ეს იყო არა მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა, არამედ საერთო გლობალური ინტერესებისა და სამართლიანობის დაცვაც. სწორედ ჩინეთის მტკიცე რეაგირებამ უზრუნველყო აშშ-ის მხრიდან ე.წ. „საპასუხო ტარიფების” 90 დღით გადავადება — დროებითი შესაძლებლობა გლობალური ეკონომიკისთვის.
სატარიფო ომი, რომელიც ეწინააღმდეგება ეკონომიკურ პრინციპებსა და საერთაშორისო ნორმებს, უკვე უარყოფითად მოქმედებს თავად ამერიკის ეკონომიკაზე. ბოლო პერიოდში, აშშ სხვადასხვა გზით ცდილობს ჩინეთთან კონტაქტის დამყარებას მოლაპარაკებების იმედით. ჩინეთმა გულდასმით შეაფასა ეს ყოველივე და გლობალური მოლოდინების, საკუთარი ეროვნული ინტერესების, ამერიკული საწარმოებისა და მომხმარებლების მოწოდებების გათვალისწინებით, ჩინეთმა გადაწყვიტა დიალოგში ჩართვა. ჩინეთის ვიცე-პრემიერი და ჩინეთ-ამერიკას შორის ეკონომიკური მოლაპარაკებების ხელმძღვანელი, ხე ლიფენგი, 9-12 მაისს შვეიცარიაში შეხვედრას გამართავს აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენთან“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
ჭოუ ციენის თქმით, ამერიკამ სატარიფო ომი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო.
„ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუგმანმა და აშშ-ის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ლორენს სამერსმაც კი მკაცრად გააკრიტიკეს აღნიშნული პოლიტიკა და აღნიშნეს, რომ მას არ აქვს არავითარი ეკონომიკური აზრი, აზიანებს თავად ამერიკულ ეკონომიკას და შესაძლოა გამოიწვიოს 30 ტრილიონ დოლარამდე ზარალი. ჩინეთის პოზიცია სატარიფო ომზე ყოველთვის იყო ერთი: თუ ბრძოლაა საჭირო — ბოლომდე ვიბრძვით; თუ შედგება დიალოგი, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. მნიშვნელობა არ აქვს, დიალოგი იქნება თუ დაპირისპირება — ჩინეთი არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, დაიცვას ეროვნული განვითარების ინტერესები და იბრძოლოს საერთაშორისო სამართლიანობისა და წესრიგის დასაცავად. სატარიფო და სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს. ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა წარიმართოს ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე“, - აღნიშნა ელჩმა.